ავტორი:

დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია ზაზა მესხის მეუღლე - დანარჩენების ძებნა გრძელდება

დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია ზაზა მესხის მეუღლე - დანარჩენების ძებნა გრძელდება

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის მეუღლეს, ალინა პოლიკოვსკაიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას მესხის ყოფილი ცოლი ავრცელებს.

"პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი“, - წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი.

როგორც ცნობილია, ზაზა მესხი შოვში, ერთ-ერთ კოტეჯში დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად ავტომობილით გავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა სტიქიის ადგილზე 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში.

"შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ზურა აზარაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.