შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 3 აგვისტოს უეცრად მოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია 11 ადამიანის ცხედარი, 25 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 250-მდე პირის გამოყვანა მაშველებმა უსაფრთხოდ შეძლეს.
ისინი, ვინც სტიქიას გადაურჩნენ, სოციალურ ქსელში მომხდარს იხსენებენ:
"03.08.2023 15:05 ეს არის პირველი კადრები, რაც გადავიღე. პირველ ვიდეოში სასტუმროს უკანა მხარეს ვიყავით, საიდანაც მეწყერი ჩამოწვა. რაც პირველ კადრებში ჩანს, აღარაფერი არსებობს. არც ეგ ხეები, არც უკანა შენობა და არც ჰამაკი, რომელშიც ანა იჯდა ამ კადრებამდე რამდენიმე წამის წინ. მარცხენას მაგივრად მარჯვნივ რომ გავქცეულიყავით, ჩვენც იმ მიწის ქვეშ ვიქნებოდით ახლა.
საშინელი ხმა იყო. ვიფიქრე რამე ბომბდამშენები მოდიან ჩვენ თავზე თქო, კამერა ჩავრთე და ცას მივუშვირე. მეორე ვიდეოში უკვე ქვემოთ ვარ გამოქცეული. რა ადგილიდანაც ვიღებ, რამდენიმე წამში მანდაც შემოვრდა მიწა და ორივე მხრიდან მოგვიმწყვდია" - წერს გიორგი ხუციშვილი.
წაიკითხეთ ასევე: