სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე რაჭის სტიქიას ეხმაურება და ყურადღებას ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ამახვილებს.
მისი თქმით, ადგილობრივებმაც და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმაც იციან, რომ შოვი მეწყერსაშიში ზონაა და ღვარცოფული მდინარეების პირას კოტეჯების ან სასტუმროების აშენება არასწორია.
"სამწუხაროდ სტიქიური მოვლენების პროგნოზირება არის მძიმე საკითხი. თუ ჩასახული მეწყერი ცნობილია, რა თქმა უნდა მონიტორინგის პირობებში მისი დაძვრის ალბათური პროგნოზირება შეიძლება. მაგალითად, როცა ცნობილია, რომ გაქვთ მეწყრული კერა და ის დაძვრადია მონიტორინგის პირობებში პროგნოზს გააკეთებ.
თუმცა როცა მეწყერსაშიში რეგიონი გაქვთ, გაქვს მაღალი ტენიანობა, კლიმატი ტენიანი, ხშირი წვიმები, ეს მეწყერსაშიშ პირობებს ქმნის. როდესაც ხდება სამეცნიერო კვლევა რეგიონში, ამ დროს ხდება მეწყერსაშიში უბნების იდენტიფიცირება. ამის თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს. თუმცა მეწყრის პრევენცია წარმოუდგენელია, ამხელა მასშტაბის სტიქიის პრევენცია ადამიანის მასშტაბებს აღემატება.
აქ უნდა ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. ადგილობრივი ამბობს, რომ ისედაც ვიცოდით, რომ ეს საშიში ზონა იყოო, ზუსტად ეს არის, როცა იდენტიფიცირებული გაქვთ პრობლემა, არ შეიცლება ღვარცოფული მდინარეების შენაკადში სამშენებლო სამუშაოები აწარმოოთ. ინფრასტრუქტურული გეგმა ნებისმიერ მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს შემუშავებული. რა უნდოდა კოტეჯებს ღვარცოფული მდინარეების პირას. არც ვჩერდები ხოლმე იქ. მე პროფესიონალი ვარ და ზუსტად ვიცი სად უნდა ვიცხოვრო და სად უნდა გავჩერდე, ეს ქვეყნის პოლიტიკა უნდა იყოს" - ამბობს გოდოლაძე "ფორმულასთან" საუბრისას.