ავტორი:

"სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრებიდან, ერთი 25 წლამდე გოგონასია. უამრავი დაკარგულია - ეძებენ და-ძმას, დედას, ქმარს..." - სტიქიური უბედურება რაჭაში: განადგურებული შოვი, დაღუპულები და 50-მდე დაკარგული ადამიანი

"სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრებიდან, ერთი 25 წლამდე გოგონასია. უამრავი დაკარგულია - ეძებენ და-ძმას, დედას, ქმარს..." - სტიქიური უბედურება რაჭაში: განადგურებული შოვი, დაღუპულები და 50-მდე დაკარგული ადამიანი

უმძიმესი ვითარებაა რაჭაში - ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი შოვი მიწასთან გაასწორა. სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩასულმა მაშველებმა ორი პირის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა როგორც ambebi.g-ს სტიქიის ზონაში მყოფმა უწერას მკვიდრმა განუცხადა, დაღუპულებიდან ერთ-ერთი, სავრაუდოდ, 25 წლამდე გოგონაა.

"ამ დროისთვის 2 ცხედარია ამოყვანილი, ერთი 25 წლამდე გოგონაა, მეორე არ ვიცი. ამბობენ, რომ ისინი ჯერ იდენტიფიცირებულები არ არიან. დანარჩენებს ეძებენ, ბევრი ადამიანია დაკარგული - ეძებენ და-ძმას, დედას, ქმარს... გელა გუტაშვილი, რომელიც "სანსეტ შოვის“ მფლობელია, ორ შვილს, ცოლის დას და მის შვილებს ეძებს.... ერთი კაცი ჰყვებოდა, წყალმა ხელიდან გამტაცა მეუღლეო. როცა ღვარცოფი წამოვიდა, ზოგი კოტეჯში იყო, ზოგი - ტყეში, ზოგიც მანქანით და წყალმა გაიტაცა. როგორც თანდათან ირკვევა, ბევრია დაკარგული, 70-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, ისინი შოკში არიან. საშინელება ტრიალებს, ურთულესი მდგომარეობაა, ლავაა ჩამოტანილი, ტალახის ზღვა. უამრავი მაშველი მუშაობს, თქვეს, რომ ისინი მთელი ღამით იმუშავებენ, მაგრამ ბნელა, ხილვადობა ჭირს და ღამით რას გახდებიან, ვერ გეტყვით. მათთვისაც სარისკოა.“ - გვიყვება უწერელი მამაკაცი.

  • მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 50-მდე მოქალაქეს ეძებენ, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან.

მერაბ გამყრელიძის ინფორმაციით, 50 მოქალაქეს შორის ბავშვებიც არიან.

"საბედნიეროდ, ვერტმფრენების მეშვეობით 70 ადამიანს გადაყვანა მოხდა. დაახლოებით, 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, სადაც იმყოფება პოლიციის ქვედა დანაყოფი, ასევე სამაშველო სამსახურები. ატანილია პირველადი მოხმარებისთვის საჭირო საშუალება - საკვები და წყალი, რომ დილამდე ადგილზე მოხდეს მათი გაჩერება. ფრენის საშუალება, როგორც კი იქნება ონში გადმოვიყვანთ.

შეტყობინების საფუძველზე გვაქვს 50 მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც ამ ეტაპზე ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. ისინი სამძებრო სამუშოებში დამატებითი ვერტმფრენების ჩართვას მოითხოვენ.

  • ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, მეუღლე და სამი შვილი ამ დრომდე კურორტ შოვის ტერიტორიაზეა და ვერ უკავშირდება.

"შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომელიც სავარაუდოდ, წალეკილი აქვს მეწყერს. მეუღლე და სამი შვილი იყო იქ, ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან - 2 წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან“, - აცხადებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ბავშვების მამა „ტვ პირველთან".

ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მიზეზი ცუდი ხილვადობაა.

ამასთან, ცოცხალი ძალის მიერ სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. სამუშაოებში ჩართულია 150-მდე მაშველი-მეხანძრე. ოფიციალური ინფორმაციით, შოვში, სტიქიის შედეგად დაახლოებით, 3 მლიონ კუბამდეა მასაა ჩამოსული.

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაუკავშირდნენ ნომერზე: 598 913 089.

ასევე იხილეთ: