ავტორი:

"ადგილზე ვერტმფრენით მიემგზავრებიან მაშველები" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მეწყერთან დაკავშირებით?

"ადგილზე ვერტმფრენით მიემგზავრებიან მაშველები" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მეწყერთან დაკავშირებით?

შოვში, მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით" - ნათქვამია ინფორმაციაში.

შოვში, ერთ-ერთ სასტუმროსთან მეწყერი ჩამოწვა, რამაც ათობით ადამიანი მოიყოლა. როგორც იქ მყოფი მოქალაქე ამბობს, ვითარება კრიტიკულია. მისივე ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილებს შორის ბავშვები და მოხუცებიც არიან.