აბიტურიენტმა, რომელსაც დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით უარი ეთქვა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ შსს-ს მიმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი ანა არგანაშვილი ავრცელებს.
"სასამართლოს მივმართეთ განმარტების გაკეთების თაობაზე. სსიპ შეფასების და გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ მივმართეთ შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.უახლოეს საათებში იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მივმართავთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო სისტემას და კონსტიტუციურ უფლებებს ვერ გავაუქმებინებთ. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში ადამიანმა გაიფიქროს, “რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს”. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ "ადამიანის უფლებების" ადვოკატები. ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ "ასე შევასრულებ განჩინებას", "ისე ჩავატარებ გამოცდას", მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა”, - წერს ანა არგანაშვილი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) ხელმძღვანელის ანა არგანაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა(NAEC) უარი თქვა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა. ამასთან, აბიტურიენტის დედამ, რომელსაც NAEC-მა დამატებით გამოცდა არ დაუნიშნა, შიმშილობა დაიწყო. თავად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საპასუხოდ განმარტა, რომ სასამართლოს დროებითი განჩინება გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ იქნა წარმოდგენილი და შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია.