ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ნათია ბახტაძეს რამდენიმე დღეა ეძებენ. ოჯახის წევრები და ახლობლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც დაკარგული გოგონას მეგობარი AMBEBI.GE-ს უყვება, მათი ინფორმაციით, ნათია ბახტაძე იმ პირმა გაიტაცა, რომელიც გუშინ დააკავეს.
თუმცა როგორც ირკვევა, დაკავებული მილიციასთან არ თანამშრომლობს და გოგონას ადგილსამყოფელს არ ეუბნება.
"ვიცით, რომ გაიტაცა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ნათია ხშირად ამბობდა, რომ ეს პიროვნება აწუხებდა. ჯერჯერობით არაფერი სიახლე არ არის, რასაც მედია აშუქებს, ყველაფერი არის ტყუილი, ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ისტორიას საბოლოოდ ექნება ბედნიერი დასასრული" - გვითხრა გოგონას მეგობარმა.
ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი გუშინ დააკავეს. დაკავებული აფხაზი აინარ წვიჟბაა. როგორც ირკვევა, მას რაიონში ბიზნესი და გავლენები აქვს, ის ქართველ გოგონასთან დაახლოებას დიდი ხანია ცდილობდა, თუმცა, უარს იღებდა...
"ნათია სოხუმში სწავლობდა და როგორც ჩანს, წვიჟბა იქიდან მოყოლებული ავიწროებდა მას. ის გაქცევას აპირებდა, მაგრამ საბუთები ვერ გააკეთა. ამიტომ ის ვერსიაც ვრცელდება, რომ ვიღაცების დახმარებით აფხაზეთის დატოვებას ცდილობდა, ეს ამბავი წვიჟბამ გაიგო და გაიტაცა.
იმედია, სამშვიდობოს არის, მაგრამ ასე რომ იყოს, დედას ხომ დაუკავშირდებოდა... თუმცა, ქალი ამბობს, რომ მისი შვილი ცოცხალია და ეს უკვე იმედის მომცემია.
აქ ხომ ყველაფერი გავლენებით არის. წვიჟბაც გავლენიანია და სულ არ გამიკვირდება, რომ საქმე ჩაიფარცხოს ან რაღაც დროის შემდეგ, სიმბოლური სასჯელი დააკისრონ. საინტერესოა, რატომ გავრცელდა ტყის ვერსია, რატომ მუშაობდა მილიცია ტყეში, სადაც სხვა ადამიანის ცხედარი იპოვეს" - ამბობენ აფხაზები.
28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს მისმა დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა.