ავტორი:

"ეს ყველაფერი დამცინავად გამოიყურება" - ადგილობრივი დეპუტატების პროტესტის შემდეგ ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა

"ეს ყველაფერი დამცინავად გამოიყურება" - ადგილობრივი დეპუტატების პროტესტის შემდეგ ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა

ვლადიკავკაზში ქართველი შემსრულებლის მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა სოსლან დიდაროვმა განაცხადა. კონცერტები ვლადიკავკაზში, რესტორან „თორნეში“, 16 და 25 აგვისტოს უნდა გამართულიყო.

მანამდე, ქართველი არტისტის დაგეგმილი კონცერტების შესახებ სიახლეს ნეგატიურად აღიქვამდნენ სოციალური მედიის მომხმარებლები და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პოლიტიკოსები. კერძოდ, განცხადება ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ გააკეთა.

"ეს კონცერტები განსაკუთრებით მკრეხელურად და დამცინავად გამოიყურება სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის 15 წლისთავთან დაკავშირებით. 2008 წლის ომმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სამხრეთ ოსეთში. ათასობით მაცხოვრებელი დაიკარგა და მრავალი ბავშვი ობლად დარჩა. აგვისტო სამუდამოდ დარჩება შავ თარიღად ოსეთის ისტორიაში“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მიმდინარე წლის მარტში ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე რუსეთის ქალაქებში გასტროლების ფარგლებში ორი კონცერტით წარსდგა ჩრდილოეთ ოსეთში. ამის გამო, სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებმა გაკვირვება გამოთქვეს იმის გამო, რომ ვლადიკავკაზში, რესტორან „თორნეში“ ქართული დროშები გამოჩნდა და ახალგაზრდებმა „შემსრულებლთან ერთად ქართულად იმღერეს“.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგი გოგიტიძესთან ერთად დათო კენჭიაშვილსაც უნდა ემღერა, თუმცა როგორც ambebi.ge-სთან კენჭიაშვილის წარმომადგენელმა ნინო ხაჟომიამ განაცხადა, მომღერალს არასოდეს უმღერია ვლადიკავკაზში და არც ამჯერად აპირებდა. რაც შეეხება მეგი გოგიტიძეს, მომღერლის საკონცერტო აფიშაში 25 აგვისტოს ვლადიკავკაზში კონცერტია დაანონსებული, თუმცა ამჟამად ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.

წყარო