ბათუმში უკვე მეორედ შემოვიდა რუსი ტურისტებით სავსე საკრუიზო გემი და როგორც წინა ჯერზე, ამჯერადაც ადამიანთა პროტესტი მოჰყვა. ლაინერის დახვედრის თემა უკვე რამდენიმე დღეა აქტიური განხილვის საგანია როგორც საქართველოში, ასევე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში.
სოციალურ ქსელში პოპულარული დამიანე გორდელაძის, იგივე "მარტოკაცის" ვიდეომიმართვას აღნიშნულ თემაზე უამრავი ნახვა და გაზიარება ჰქონდა. ცნობილია, რომ მას მეუღლე რუსი ჰყავს, თუმცა როგორც ამბობს, "ისიც ვერ იტანს რუსებს".
- მსგავს ნიუსებს რომ ვიგებ, ყოველთვის მაქვს ძალიან დიდი ემოცია. ემოციას კი მართვა სჭირდება. რადგან ბევრი გისმენს, უნდა ისაუბრო არგუმენტირებულად, არგუმენტები კი ნამდვილად ბევრია.
ქვეყანა, ბოლო წლებში განსაკუთრებით, ხდება იმ დამპყრობელზე ეკონომიკურად დამოკიდებული, რომელსაც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ჩვენთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია. კრუიზის შემოსვლა ერთ-ერთი და თვალსაჩინო მაგალითი იყო ამისა, თორემ ეკონომიკის სხვა სფეროებიც არიან დიდწილად დამოკიდებული რუსეთზე (გნებავთ მარცვლეული აიღეთ). ეს შესაცვლელია! არ შეიძლება ასე გაგრძელდეს, რადგან უნდა გქონდეს მორალური უფლება, რომ იძახო - „მე არ მინდა რუსი ტურისტი! ", სხვანაირად ვერ გამოდის, უნდა ჩამოშორდე იმ დამპყრობელს, რომელსაც შენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. უნდა ეცადო, ეს ბაზარი მთლიანად გადაიტანო ევროპაში და იმ ქვეყნებთან, რომელსაც შენთვის კარგი უნდათ და ამას ამტკიცებენ საქმით, არ გებრძვიან და არ გიპყრობენ. ეს მთავარია!
რუსი ტურისტების თემა გახდა აჟიოტაჟის საბაბი ჩვენი ქვეყნის მიმართ მათი დამოკიდებულების გამო. ეს დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა მათ ინტერვიუებში. მათ საქართელო ისევ საბჭოთა კავშირის ნაწილად მიაჩნიათ, რუსეთის ნაწილად, იმ უბრალო ერთეულად, სადაც ჩამოვლენ, კაის ჭამენ, კაის სვამენ, მერე ზოგი წავა, ზოგიც დარჩება და შვილებსაც იმ სულისკვეთებით გაზრდის, რომ - დედა სამშობლო რუსეთია, ხოლო საქართველო ადგილი, სადაც კარგ ხაჭაპურს ჭამენ. ეს ხალხი პირდაპირ გამოხატავს პირად საუბრებში, მეგობრებთან პოსტებში, სთორებშიც კი რომ წარმოდგენა არ აქვთ, რომ სხვა ქვეყანაში იმყოფებიან, რომ საქართველო მისი ისტორიის განმავლობაში ჩაბმული იყო რუსეთთან ომში, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვთ ჩვენი ქვეყანა - არ იციან. არც ჩვენი ტრადიციები იციან.
მარტო ჰომოფობიაზე გვაქვს პრობლემა და ჰეტეროსექსუალები თუ რყვნიან ჩვენს ბავშვებს, მაგაზე არა?! თუ როგორაა საქმე?! თითქოს შენდობის ამბავია - რუსია, ერთმორწმუნეა და მოსულა, ერთად ვცხოვრობდით საუკუნეები, თითქოს ვუძებნით ხოლმე გამართლებას, უფრო სწორად „გაპრავებას" . ეს არასწორია! ძალიან კარგად ვიცით რაც ხდება - მათ თვალში საქართველო არის მეწველი ძროხა. ეს ჩანს თითოეულ ნაბიჯზე მათ საუბარშიც, ქმედებებშიც. მთავარია ყველაფერი გამოსწოვო ამ ქვეყანას, მიიღო შენთვის სარგებელი და გააგრძელო გზა, ამართლო ომი უკრაინაში, საქართველოს ოკუპაცია. მთავარია, კარგად ჭამონ. ეს არის გამოყენებითი პოლიტიკა.
მერე გამოდიან ზოგიერთები და იმ ახალგაზრდებს, ვინც ამ კრუიზის შემოსვლა გააპროტსტეს, ქაჯებს უძახიან. ქაჯობაა ჩვენი ღირსების დაცვა?! თვალი დავხუჭოთ, აქაოდა, რუსი ტურისტი ფულს დახარჯავსო, - ღირსება ფულზე არ იყიდება! ამ ღირსებას სულ დავიცავთ. მარტო რუსი კი არა, გინდა უკრაინელი იყოს, გინდა ამერიკელი თუ გერმანელი, ჩემს ქვეყანას ვინც პატივს არ სცემს, არ არის სასურველი სტუმარი საქართველოში!
მე მეუღლე მყავს რუსეთში დაბადებული და გაზრდილი. ქართულიც იცის და მღერის ქართულად, ბავშვებს მიზრდის, ისიც ვერ იტანს რუსებს. დღეს საქართველოს მოქალაქეა და ქართულ გვარს ატარებს. ბებია უკრაინელი ჰყავს, მამა ებრაელი, დედა სათათრეთიდან.
ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, სადაა მიჯნა, ვიცავთ და არ ვიცავთ ქართველობას შორის. სხვა დროს თუ უცებ გამოვფხიზლდებით და გაგვახსენდება, რომ ქართველობას გვართმევენ, რუსეთის შემთხვევაში, რატომღაც არასდროს გვახსენდება, რომ ქართველობაა დასაცავი.