ავტორი:

ცნობილია, როდის გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები

ცნობილია, როდის გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

როგორც მან გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა საგნის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ იმისთვის, რომ ქულებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადები შეიტანონ.

მისივე თქმით, აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის საღამოს ექვს საათამდე, აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება, რომ მათი საგამოცდო ჩამონათვალი ქულებიდან გამომდინარე ადეკვატურად შეცვალონ.

“2023 წლის ზაფხულის გამოცდები დასრულდა. 75 000-ზე მეტი აპლიკანტი გვყავდა. მათ 24 საგამოცდო ცენტრი და 3000 თანამშრომელი ემსახურებოდა. მინდა მადლობა ვუთხრა მათ და ასევე ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც მუშაობდა იმისთვის, რომ გამოცდები კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში ჩაგვეტარებინა. მოგეხსენებათ, წელს რეკორდული რაოდენობის, 45 000 აბიტურიენტი გვყავდა. მათგან გამოცდაზე 94% გამოცხადდა. მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 18 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა და გამოცდაზე 82% გამოცხადდა. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000 მსურველი იყო და 80% გამოცხადდა გამოცდაზე. დაბოლოს, 3000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა გრანტის მოპოვების მსურველთა გამოცდაზე და მათი 75% უშუალოდ გამოცხადდა ადგილზე.

შედეგების გამოქვეყნება ხვალ დილის 10 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. აბიტურიენტები თავიანთ პირად გვერდზე უნდა შევიდნენ. შეიყვანონ პირადი მონაცემები, პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი, რის შემდეგაც ისინი პირველად შედეგს ნახავენ. აპელაციების შემდეგ შესაძლებელია ქულები შეიცვალოს.

აპელაციები ყველა საგნის შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება. სააპელაციო განაცხადის შემოსატანად აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ. განაცხადების შემოტანა ონლაინ შეუძლიათ.

აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის ექვს საათამდე, აბიტურიენტებს აქვთ საშუალება, მათ საგამოცდო ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ. მას შემდეგ რაც გაიგებენ ქულებს, ისინი ნახავენ კონკურსს თითოეულ სასურველ პროგრამაზე და შეუძლიათ მათი ჩარიცხვის შანსები უფრო ობიექტურად შეაფასონ”, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.