1994 წელი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელზე აფხაზეთიდან საიდუმლო წერილი მოვიდა. წერილის ავტორი აფხაზი გლეხი წერდა, რომ 2 სექტემბერს ტყიდან შეშა მოჰქონდა და ამ დროს დაინახა, ხიდის ქვეშ ადამიანებს რომ ხვრეტდნენ. "ერთს უყვიროდნენ, დაიჩოქეო, იმ უცნობმა კი არ დაიჩოქა და რამდენჯერმე ესროლეს. ძალიან გამაკვირვა მისმა საქციელმა, უცნაური სახელი ერქვა. რომ არ დამვიწყებოდა, ასანთს წავუკიდე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე მისი სახელი - ჟიული".
"დამშვიდობებისას პირჯვარი გადაუსახავს, ღმერთო, სამშობლო გადამირჩინე და თუ საჭიროა, ჩემი სიცოცხლე შეიწირეო"
მეუფე დანიელი:
- აფხაზეთში ძალიან მძიმე დრო იყო. ერთი წელი სრულდებოდა ომის დაწყებამდე. უკვე მომხდარი იყო ტრაგედია კომანში, მამა ანდრიასა და იური ანუას მკვლელობა. ჩვენ მაინც გვქონდა იმედი, რომ მშვიდობა გაიმარჯვებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... ამ დროს სოხუმში ჩამოვიდა პიროვნება, რომელსაც ღმერთმა და ადამიანებმა უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრეს - ეს გახლდათ ბატონი ჟიული შარტავა. მახსოვს, ჩემთან როგორი მოწიწებით მოვიდა და გამეცნო. ბევრი რამ მსმენოდა მის შესახებ. ვიცოდი, რომ ეს იყო ეროვნული ფასეულობების მატარებელი ქართველი კაცი. ჩვენს რეზიდენციაში რამდენიმე ფანჯარაში მინა იყო ჩატეხილი და თანმხლებ პირებს სთხოვა, მინა მოიტანეთ და ჩასვითო. ვიღაცამ უთხრა, ძნელი საშოვნელიაო. არა უშავს, ჩვენი შენობიდან ამოიღეთ და აქ მოიტანეთო... ბატონი ჟიული ყველაფერს აკეთებდა, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის დაპირისპირება მალე დასრულებულიყო. მე მახსოვს, ის მწარე ბოლო დღეები... მან ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა სიმშვიდე და სულიერი მხნეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის მოგონება, რომელსაც გვიყვება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, რომელიც იმერეთის მხარის გუბერნატორ თემურ შაშიაშვილთან ერთად ჩამოვიდა ბოლო დღეებში სოხუმში. სახიფათო იყო მათი სტუმრობა, მაგრამ ძალიან დიდი გამხნევება ჩვენთვის. როგორც მეუფემ მიამბო, როდესაც ბოლოს ბატონ ჟიულისთან კაბინეტში შესულა, დამშვიდობებისას მას პირჯვარი გადაუსახავს და უთქვამს, ღმერთო, სამშობლო გადამირჩინე და თუ საჭიროა, ჩემი სიცოცხლე შეიწირეო.
"შუიკოვმა მითხრა, ჟიული ერთადერთი კაცია, ვინც მხოლოდ ქართული მხარის კი არა, აფხაზების ინტერესებსაც იცავდაო"
ბაკურ გულუა, ყოფილი ვიცე-პრემიერი:
- როცა სოხუმი განუწყვეტლივ იბომბებოდა, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორმა რეზო სალუქვაძემ მთხოვა, ცოტა ბენზინს თუ გამომიყოფთ, ჭურვებსა და ქვემეხებს დავამზადებთო. მეომრები გვთხოვდნენ, იქნებ ცოლ-შვილი გაარიდოთ აქაურობას მეთევზეების გემითო. შევარდნაძესთან დავრეკე. მითხრა, ჟიული შარტავა სხდომას ატარებს, მოდი და გამოგიყოფთ ბენზინსო. მივედი. ამ დროს პატარა ინციდენტი მოხდა და ხმაურზე ჟიული გამოვიდა. დამინახა თუ არა, გადამეხვია და მითხრა, გენო ადამია დაუპირისპირდა ერთ გენერალს, ვინც იაქტიურა ქართული ჯარის განიარაღების საქმეში. უთხრა, ხომ გეუბნებოდით, ომი დაიწყება და ხელცარიელი დავრჩებითო, და მასზე გაიწია, მაგრამ გია ყარყარაშვილმა შეაჩერაო.
4 ტონა ბენზინი გამოგვიყვეს. ნავსადგურისკენ გავემართე. უშიშროების მინისტრმა შევარდნაძის თხოვნა გადმომცა, ოჩამჩირეში ჩადით და გაიგეთ, რა ვითარებააო. გემის კაპიტანს ნავსადგურში მოველაპარაკე. ამასობაში საწვავი ჩაგვისხეს. შუქურის ზონასთან დაჭრილები, მოხუცები, ქალები და ბავშვები მოიყვანეს. ყურეში გავედით თუ არა, მტერმა დაბომბვა დაგვიწყო, ჭურვები ახლომახლო ცვიოდა. საშინელების მოწმენი გავხდით - სოჭიდან სამგზავრო თვითმფრინავი მოფრინავდა. გუდაუთიდან მომავალმა კატერმა რაკეტა ესროლა და ჩვენ თვალწინ პირდაპირ ყურეში ჩამოაგდო. დაახლოებით 27 კაცი დაიღუპა, უმრავლესობა ჟურნალისტი იყო. ოჩამჩირეში ღამის პირველის ნახევარზე ჩავედით. იმის გახსენებაც არ მინდა, იქ რაც ვნახე...
თბილისში დაბრუნებული ჟიულის ძმის თხოვნით, ისევ სოხუმში დავბრუნდი, რომ ადლერიდან ჟიულის, უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიასა და პირადი მცველის, ქათამაძის ცხედრები მოგვეძებნა. ადლერის აეროპორტში რუსეთის სპეცსამსახურის პოლკოვნიკმა შუიკოვმა მითხრა, აფხაზური მხარე აჭიანურებს ცხედრების გადმოცემას, ისიც ვერ გავიგეთ, რა პირობებში დაიღუპა ჟიულიო. ლოდინში დაგვაღამდა. მერე გვერდით გამიყვანა და მითხრა: ჟიული ერთადერთი კაცია, ვინც მათ არ უნდა მოეკლათ, რადგან ის მხოლოდ ქართული მხარის კი არა, აფხაზების ინტერესებსაც იცავდა. ახლა პირადად ველაპარაკე არძინბას, რაღაცას ეშმაკობს, მითხრა, ვერ ვიპოვეთ ცხედარიო. შუიკოვმა მერე სადღაც დარეკა, ბოლო ხმაზე ყვიროდა, მოსკოვიდან სპეცრაზმს გამოვიძახებ და იქ სამი კი არა, ძალიან ბევრი გვამი იქნებაო... ეტყობა, დაფრთხნენ და 2 საათში ჰაერში ვერტმფრენიც გამოჩნდა - მხოლოდ ჟიული შარტავას და ქათამაძის ცხედრები გადმოგვცეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩატარებული ჰქონდა. ეტყობა, განბანეს, მოაწესრიგეს და ტანსაცმელიც ჩააცვეს. მაინც მიაქციეს ყურადღება და დაიცვეს აფხაზური წესები. ვერტმფრენი დაეშვა თუ არა, შუიკოვმა მთხოვა, დავხედავო. იქ ერთი ფოთელი კაცი იყო, ვთხოვე, თვითმფრინავში რამე არ ჩადონ, ყურადღება მიაქციე-მეთქი. ის ფოთელი კაცი ცოტა ხანში დაბრუნდა. მითხრა, შუიკოვმა ჟიულის ცხედრის წინ დაიჩოქა და მოუბოდიშა, ვერ შევძელი შენი დაცვაო.
"არ დაიჩოქა... ამის მერე მუხლებში ესროლეს და როცა დავარდნილა, საკონტროლო გასროლაც მიუყოლებიათ"
გიორგი შარტავა, ჟიული შარტავას შვილიშვილი:
- 4 წლის წინ დავაპირე გამეკეთებინა ვიდეოკლიპი და მოვიძიე წიგნები ჟიული შარტავას შესახებ... მაშინ გავაცნობიერე, რომ ბაბუა მაკლია. ის პატიოსანი, საღად მოაზროვნე და ძალიან მზრუნველი კაცი იყო. გმირად არ იბადებიან, გმირები შემდეგ ხდებიან. სახელმწიფო სამსახურში 20 წელი იმსახურა და არ შეიცვალა, ძალაუფლებამ არ გარყვნა. განაგრძეთ კითხვა