პარასკევს საღამოს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ დნეპრზე. ოფიციალური პირების განცხადებით, განადგურდა ორი საცხოვრებელი კორპუსი, ასევე დაზიანდა უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) კუთვნილი შენობა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ამოდის კვამლი დაზიანებული შენობებიდან. მისივე თქმით, საგანგებო შეხვედრებს მართავს SBU-სთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საგანგებო სამსახურებთან და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან.
რეგიონის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა განაცხადა, რომ ორივე კორპუსი ძირითადად ცარიელი იყო.