World Vision საქართველოს ოფისმა უკრაინის კრიზისზე რეაგირების რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს, კრის პალუსკის, უმასპინძლა. World Vision ომის პირველივე დღიდან ახორციელებს მრავალფეროვან ღონისძიებებს უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად გლობალური რეაგირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ოთხ ქვეყანას მოიცავს: უკრაინას, რუმინეთს, მოლდოვასა და საქართველოს. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია დღემდე 1.3 მილიონ უკრაინელ მოქალაქეს დაეხმარა. საქართველოს ოფისიც აქტიურად არის ჩართული პროგრამაში და ქვეყანაში მყოფ ომის შედეგად დევნილ და დაზარალებულ უკრაინის მოქალაქეებს უწევს საჭირო დახმარებას, პირველადი და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ვიზიტის დროს პროგრამის დირექტორმა გაიცნო საქართველოს ოფისის თანამშრომლები; შეხვდა საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა (UNHCR) და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებს; უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართული სკოლის უკრაინული სექტორის ხელმძღვანელობას. მას ასევე საშუალება ჰქონდა პირადად შეხვედროდა უკრაინული თემის წევრებს და მიეღო ინფორმაცია უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტების და არსებული საჭიროებების შესახებ.
“ჩვენ კრიზისზე რეაგირება რუმინეთიდან დავიწყეთ, სადაც ადამიანებს საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკვებით, ჰიგიენის ნივთებითა და ტანსაცმლით ვამარაგებდით. შემდეგ ჩვენი პროგრამა მოლდოვაშიც გავაგრძელეთ და ასევე საქართველოში, სადაც ახლა ვიმყოფები. რაც შეეხება უკრაინას, იქ ჩვენი საქმიანობის 70% საომარი მოქმედებების ფონზე ხორციელდება; ჩვენ დახმარებას ვუწევთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც საჰაერო იერიშების შედეგად დაზარალდა და სახლი დაკარგა, “ - აღნიშნა მან.
კრის პალუსკი ესტუმრა World Vision-ის მულტისერვისულ ცენტრს, რომელიც საქართველოში მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ლტოლვილებს უწევს დახმარებას, მათ შორის უკრაინელებსაც. ცენტრი UNHCR-თან თანამშრომლობით შეიქმნა და ეხმარება მათ თავშესაფრის პოვნაში, მათთვის განკუთვნილ სახელმწიფო სერვისებზე წვდომასა და დასაქმებაში. მას ასევე საშუალება ჰქონდა მოენახულებინა World Vision-ის საგანმანათლებლო-განმავითარებელი ცენტრი „Happy Space”, რომელიც ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში. სივრცე განკუთვნილია უკრაინელი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, სადაც ყოველდღიურად ტარდება მრავალფეროვანი ფსიქო-სოციალური და არაფორმალური განათლების აქტივობები და საგანმანათლებლო შეხვედრები, რაც ბავშვებსა და მათ მშობლებს სტრესთან გამკლავებაში და ახალ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება. პროგრამის დირექტორმა მოისმინა უკრაინელი დედების და ბავშვების ისტორიები და მიიღო უკუკავშირი World Vision-ის სერვისების შესახებ.
„Happy Space”,-ის ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი, სვიტლანა ვიშნევსკა, თავადაც უკრაინიდანაა. ის ომის დაწყების შედეგად ოჯახთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და World Vision საქართველოს გუნდის წევრი გახდა. საქართველოში ჩამოსვლამდე ის უკრაინაში ფსიქოლოგად მუშაობდა, ახლა კი აქ უწევს დახმარებას საკუთარ თანამემამულეებს, როგორც ცენტრის კოორდინატორი.
„ჩემთვის პატივია ვიყო ამ პროექტის ნაწილი და World Vision-ის გუნდის წევრი. რადგან აღნიშნული პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ათასობით უკრაინელისთვის , რომლებსაც იძულებით მოუწიათ სამშობლოს დატოვება. ამ სივრცეს დიდი დატვირთვა აქვს, რადგან სხვადასხვა არაფორმალური აქტივობისა და კურსის გარდა, ეს არის მათი თავშეყრის ადგილი, სადაც შეუძლიათ საკუთარი ემოციებისა და გამოცდილების გაზიარება. აქ მათ ხვდებათ დაცული და თბილი გარემო, სადაც უსიტყვოდ უგებენ და ესმით “, - განმარტა ჩვენთან საუბრისას World Vision-ის ცენტრის კოორდინატორმა.
როგორც კრის პალუსკიმ აღნიშნა, მსგავსი სივრცეები და სერვისები დიდ როლს თამაშობს ბენეფიციარების მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიმართულებით. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ბავშვებს უკრაინულ სექტორებში შეუძლიათ მშობლიურ ენაზე ისწავლონ , რაც მათ თავიანთ სამშობლოში დაბრუნებისას, უკრაინულ განათლების სისტემაში სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალებას მისცემს. ამ პროცესისა და მშობლიურ ენაზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით, World Vision აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან და შესაბამის სახელმწიფო სააგენტოებთან.
„ჩვენ არ ვიცით კონფლიქტი როდის დასრულდება. ამიტომ ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს იქ, სადაც იმყოფებიან. ჩვენ ვაგრძელებთ კრიზისზე რეაგირებას, მოვლენების განვითარების საპასუხოდ. World Vision არის აქ და ახლა და იქნება მომავალშიც ადამიანების დასახმარებლად“, - თქვა მან.
World Vision საქართველოს დირექტორმა ეკატერინე გურგენაძემ პოზიტიურად შეაფასა უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამის (UCR) დირექტორის ვიზიტი და კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების უწყვეტი მხარდაჭერის გასაგრძელებლად.
„ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ უკრაინის რეაგირების პროგრამის დირექტორს საქართველოში. მისი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ World Vision აგრძელებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას გლობალური რეაგირების მანდატის ფარგლებში. ადგილზე ჩვენ ვახორციელებთ მრავალფეროვან აქტივობებს, რომელიც მორგებულია მათ საჭიროებებზე. პირველი ფაზა თუ მთლიანად პირველადი საჭიროებების, ფსიქო-სოციალური და უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას მოიცავდა, მეორე ფაზა უფრო მდგრად და გრძელვადიან მომსახურებებზეა დაფუძნებული. ამ ეტაპზე უკრაინელ მოქალაქეებს ვუწევთ მატერიალურ და ფულად დახმარებას, უზრუნველვყოფთ ფსიქოლოგთან კონსულტაციას და ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, საგანმანათლებლო- განმავითარებელი წრეების, უნარების განვითარებისა და მშობლების დასაქმების ხელშეწყობის გზით. ჩვენ ასევე ვეხმარებით ქალებს კომპეტენციების ამაღლებაში და ვაძლიერებთ უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა რესურსით, რომ მათ შეძლონ გამართულად ფუნქციონირება და თავისი თემის დახმარება. როგორც ორგანიზაცია, ერთგული ვართ ჩვენი საქმის მიმართ; ჩვენი მიზანია დავეხმაროთ დაზარალებულ ადამიანებს, რომლებიც ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან დღესაც. განსაკუთრებით პრიორიტეტულია ბავშვებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი თავს იგრძნობენ დაცულად, ლაღად და შეძლებენ საკუთარი თავის გამოხატვას და განვითარებას“,- აღნიშნა ეკატერინე გურგენაძემ, World Vision საქართველოს დირექტორმა.
World Vision საქართველო მჭიდროდ თანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და უკრაინის საელჩოსთან საქართველოში, რათა უზრუნველყოს უკრაინელი მოქალაქეებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების დროულად მიწოდება. დღემდე World Vision საქართველომ World Vision International-ის, Aktion Deutschland Hilft (ADH)-ისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობით 16 766 უკრაინელმა მოქალაქემ ისარგებლა World Vision-ის მიერ მიწოდებული სხვადასხვა სახის სერვისითა და დახმარებით.
(NS)