იმის გამო, რომ რუსეთი არ გააღიზიანო, ევროკავშირის პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში რომ მოდიხარ, ეს არაფერში აწერია. ეს არ გაღიზიანების პოლიტიკა არ არის, ეს არის სიშტერის პოლიტიკა, - ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლაზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი რუხაძის განცხადებით, თუ საკრუიზო გემი ემსახურება იმას, რომ რუსეთმა დასავლეთის მიერ დაწესებული იზოლაცია გაარღვიოს, მაშინ ქვეყანაში არ უნდა შემოუშვა.
"ევროკავშირის ყველა პორტი რუსული გემებისთვის არის დაკეტილი. თუ ეს იყო თურქული გემი, თეორიულად შეგიძლია შემოუშვა, მაგრამ ამ თურქულ გემზე ვინ იყო ამას აქვს მნიშვნელობა. ეს ემსახურებოდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მათ გაარღვიონ იზოლაცია, რაც რუსეთს აქვს, თუ სხვა რამეს ემსახურებოდა? თუ იქ იყვნენ რუსეთის, ზიმბაბვეს და თურქეთის მოქალაქეები თანაბრად, გასაგებია მიიღებ, მაგრამ თუ ეს არის რუსეთის დროშით მცურავი გემი, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს, თუნდაც ტურისტების გართობას და ტაშ-ფანდურს, რა თქმა უნდა, არ უნდა შემოუშვა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გიორგი რუხაძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების გაძლიერება და ნატო-სა და ევროკავშირისკენ სწრაფვა ორივე ერთად არ გამოვა.
"რაც მეტი ტურისტული გემი შემოვა რუსეთიდან საქართველოში, რაც მეტი თვითმფრინავი ჩამოფრინდება რუსეთიდან მაშინ, როცა ცივილიზებულ სამყაროს რუსეთთან ცა აქვს ჩაკეტილი, რაც უფრო გავაფართოებთ რუსეთთან კომუნიკაციის გზებს, რაც უფრო თამამად ვილაპარაკებთ იმაზე, რომ რუსული უნივერსიტეტი უნდა გაიხსნას, მით უფრო დავშორდებით ჩვენს მთავარ ამოცანას, რაც არის ევროკავშირის წევრობა და ნატო-ს წევრობა. ეს ორი რაღაც ერთად არ გამოდის. რუსეთთან ურთიერთობები გააფართოო, გააძლიერო, რუსული გემი მიიღო მაშინ, როცა ევროკავშირის ყველა პორტი რუსული გემებისთვის არის დაკეტილი, საერთოდ სურვილი არ უნდა გიჩნდებოდეს რუსეთთან ასეთი ფლირტის“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.