"XIII საუკუნის ერთ-ერთ ბულგარულ თხზულებაში, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში უცნობი წყაროა, აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მხოლოდ სამი იმპერატორი არსებობს და ერთ-ერთი მათგანი ქართველთა იმპერატორია", - წერს ბექა ჭიჭინაძე, რომელიც პარიზის კათოლიკური ინსტიტუტის მაგისტრანტია, საქართველოში კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაასრულა... იგი პერიოდულად აქვეყნებს საქართველოს ისტორიის უცნობ ამბებს და ამჯერად თამარ მეფეზე მოპოვებულ ინფორმაციებს გვიზიარებს.
- შუა საუკუნეების მუსლიმურ სამყაროში მიაჩნდათ, რომ თამარი გრძნეული ქალი იყო, რომელიც მუსლიმთა ლაშქარს გრძნებით ამარცხებდა... ძველ ეგვიპტურ მუსლიმურ სიმღერებში ის ბახთუს ქართველთა დედოფალადაა წოდებული. (იხ. L’histoire de la reine de Gèorgie Bakhtûs). ეგვიპტური წარმოშობის ფრანგმა მუსიკოსმა, ხალილ შაჰინმა, ქართველთა გრძნეულ დედოფალს მუსიკალური ნაწარმოები მიუძღვნა. თამარზე არსებული პოპულარული წარმოდგენები, ძირითადად, "ლამაზი დედოფლის" მითოლოგემას ვერ სცდება. თუმცა ძალიან ბევრი წყარო კონკრეტულად აღწერს მასთან დაკავშირებულ რეალიებს, მათ შორის, საკმაოდ დაწვრილებით, მის გარეგნობასაც.
- როგორ აღწერენ თამარ მეფის გარეგნობას?
- წყაროთა თანახმად, თამარს ლურჯი თვალები ჰქონდა, იყო "გრემან თუალითა", XII-XIII საუკუნეებში "გრემანობა თუალთა" აღნიშნავდა "თუალსა ზღუებრ ლურჯსა". ალბათ ამიტომ წერს თამარის მეორე ისტორიკოსიც, რომ დედოფალს ჰქონდა "თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი". წყაროთა ჩვენებით, მას "ტანი ზომიერი" ჰქონია, რაც მოცემულ შემთხვევაში ამ სიტყვის თანამედროვე ქართულ გაგებას არ ემთხვევა. "ზომიერება" აქ თანაზომადობას, პროპორციულობას, მარტივად, ტანადობას ნიშნავს. მეფის ტანადობა თვალსაჩინოდაა ასახული გელათის დაზიანებულ ფრესკაზე, რომელშიც თამარი საიმპერატორო ბისონშია გამოწყობილი, გამოყვანილი წელითა და მოხდენილი აგებულებით. პირისახე დედოფალს თეთრი ჰქონია, მაგრამ ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული ("ღაწუთა ვარდებრივ ფეროვნება", "ღაწუნი ვარდოვანნი"). იმავეს უნდა გულისხმობდეს ჩახრუხაძეც ("ღაწვმწყაზარი"). თვითმხილველთა შთაბეჭდილებით, მეფეს თითქოს მორცხვი გამოხედვა ჰქონდა, თუმცა მისი მხიარული პირისახე აღბეჭდილი იყო სილაღით, ამავე დროს, მას ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვეოდა ("ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე", დაახლოებით ამავეს წერს ჩახრუხაძეც). მისი ეს სიმტკიცე გააფთრებადაც შეიძლება ქცეულიყო და "მოეწვა და მოეოხრებინა ურჩნი მეფობისა მისისა" საკუთრივ საქართველოშიც, როგორც ეს ფხოვში გააკეთა, რის გამოც ბოლო დრომდე, ფხოვურ/ხევსურულ გადმოცემებში თამარი ეშმაკეულ, ავ დედაკაცად იყო მიჩნეული. გააგრძელეთ კითხვა
თამარ მეფე იყო საქართველოს სამეფოს პირველი ქალი მმართველი 1184 წლის 27 მარტიდან გარდაცვალებამდე, 1213 წლის 18 იანვრამდე.
მისი მეფობის პერიოდს "ოქროს ხანა" ეწოდა, როდესაც სამეფომ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.
მისი სრული ტიტული იყო: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“.
თამარ მეფე იყო გიორგი III-ისა და ბურდუხანის ქალიშვილი, რომელიც თავის მხრივ იყო ოსთა მეფის ხუდდანის ასული.
თამარ მეფის მეორე მეუღლე იყო ოსეთის მეფე (თუ უფლისწული) დავით სოსლანი.
მათი შვილები:
- გიორგი IV ლაშა (საქართველოს მეფე 1213-1223 წლებში);
- რუსუდანი (საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში).
თამარს ყველა ვეთაყვანებით
თუმცა
მისი სიკვდილის შემდეგ ძალიან სწრაფად დაეცა დიდი საქართველო
ისევე როგორც
ერეკლეს შემდეგ მთლიანად საქართველო რაც დარჩენილი იყო
რეალური შეფასება არ გვაწყენდა მგონია