ავტორი:

ჯონი დეპმა ევროპაში უკვე მეორე კონცერტი გააუქმა - მსახიობმა სასტუმროს ნომერში გონება დაკარგა, რის გამოც მედიკოსების ჩარევა გახდა საჭირო

ჯონი დეპმა ევროპაში უკვე მეორე კონცერტი გააუქმა - მსახიობმა სასტუმროს ნომერში გონება დაკარგა, რის გამოც მედიკოსების ჩარევა გახდა საჭირო

ჯონი დეპის და მისი ჯგუფის, Hollywood Vampires-ის ბუდაპეშტისა და სლოვაკეთის კონცერტი დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის დედაქალაქში ჯგუფის 18 ივლისის კონცერტის შეჩერების მიზეზი დეპის ჯანმრთელობა გახდა. ახალი დეტალების მიხედვით, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს, დეპს სასტუმროს ნომერში გული წაუვიდა და ადგილზე ექიმის გამოძახება დასჭირდათ. შედეგად, 60 წლის მსახიობმა და მომღერალმა სცენაზე ასვლა ვეღარ შეძლო.

არენა უკვე სავსე იყო ჯგუფის გულშემატკივრებით, ზოგიერთმა ასობით კილომეტრი გამოიარა შოუს სანახავად.

"ყველაფერი გამზადებული იყო, სცენა მოწყობილი. არავის ეგონა, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა",- აცხადებს კონცერტზე მისული ერთ-ერთი იმედგაცრუებული ფანი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ჯონი კონცერტის დაწყებამდე ზედმეტად აღელვებული იყო და იმდენად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ მედიკოსის ჩარევა გახდა საჭირო. ფანები მოულოდნელი განცხადებით შეშფოთდნენ და არტისტის ჯანმრთელობის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოხატავდნენ თავიანთ წუხილს.

ჯგუფმა ბუდაპეშტის კონცერტის შემდეგ სლოვაკეთის კონცერტიც მოულოდნელად გააუქმა და მიზეზად დარბაზის უსაფრთხოების პრობლემები დაასახელეს. თუმცა, თაყვანისმცემლები აღშფოთებულები იყვნენ, როცა ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც მსახიობი კონცერტის გაუქმებამდე 1 საათით ადრე ალკოჰოლს სვამდა.

დეპის და მისი ჯგუფის მომდევნო შოუები კვლავ ევროპის ქვეყნებშია დაგეგმილი, საბოლოოდ კი, Hollywood Vampires-ი ტურს აშშ-ში 30 ივლისს დახურავს.

წყარო: mirror

მოამზადა: ანა სიბოშვილმა