რუსეთში, "ეფ-ეს-ბე"-ს ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილი "თავდაცვის მინისტრი" იგორ გირკინ-სტრელკოვი დააკავეს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ტელეგრამ-არხებში გავრცელდა და ის სტრელკოვის მეუღლემ, მიროსლავა რეგინსკაიამაც დაადასტურა.
მეგობრებისგან შევიტყვე, რომ ბრალი ექსტრემიზმში ედება. ქმრის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი ვიცი, კავშირზე არ გამოსულა“, - დაწერა მიროსლავამ.
გირკინი დონბასის ომის აქტიური მონაწილე და ფიგურა იყო. მას ბრალი დაუმტკიცდა ბოინგ MH 17-ის ჩამოგდებაში, რასაც 280-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჰააგის სასამართლომ გირკინს უვადო პატიმრობა შეუფარდა. 2022 წლის 24 თებერვლიდან სტრელკოვს თავისი ბლოგი ჰქონდა, სადაც რუსეთის არმიას, პოლიტიკოსებსა და მათ შორის ვლადიმირ პუტინს ღიად ლანძღავდა.
ასევე, "სპეცოპერაციას“ ომს უწოდებდა.
"მოკეტე, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, უბრალოდ მოკეტე და ჩუმად იყავი. ჩვენც არ შეგვრცხვება შენს გამო, ასეთი პრეზიდენტი რომ გვყავს და მტერიც არ დაგვცინებს“, - მოუწოდა ერთხელ გირკინმა პუტინს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გირკინმა ფრონტზე დაბრუნება გადაწყვიტა და გარკვეული პერიოდი სოციალურ ქსელებში არ ჩანდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მოსკოვში იმყოფებოდა.