ავტორი:

"ეს არის მეწყრული მონაკვეთი, მეწყერზე გზის გაყვანა დაუშვებელია... ჩვენს სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია. ბუნებამ კუდის მოქნევა იცის და..." - თეა გოდოლაძე რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ

"ეს არის მეწყრული მონაკვეთი, მეწყერზე გზის გაყვანა დაუშვებელია... ჩვენს სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია. ბუნებამ კუდის მოქნევა იცის და..." - თეა გოდოლაძე რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ

1 ივლისს ხარაგაულში, სოფელ მარელისში, უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. 3 ივლისს, სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. რამდენიმე თვის წინ, რიკოთის მიმდებარე მონაკვეთზე, სადაც ჩინურ კომპანიას ავტომაგისტრალი გაჰყავს, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა! ვინ იცის, ბოლო თვეებში ამ გზაზე რამდენჯერ ჩამოწვა მეწყერი... სპეციალისტები ამას არასწორად დაპროექტებული გზისა და გვირაბების მშენებლობას აბრალებენ. "ჩვენ ათასჯერ ვთქვით, რომ გზის ამ მონაკვეთზე კლდეების მოჭრა და აფეთქება დაუშვებელია, მაგრამ არავინ მოგვისმინა", - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე.

- ქალბატონო თეა, ამ გზის მიმდებარე მონაკვეთზე აფეთქებები ისევ გრძელდება... რამდენად გამართლებულია მსგავსი ქმედება?

- ქართველი სპეციალისტები თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს არის არასწორად დაპროექტებული ინფრასტრუქტურა, რომლის განხორციელებაში უამრავი შეცდომაა დაშვებული. არ გაკეთდა ის, რაც თავიდანვე უნდა გაკეთებულიყო: საფუძვლიანი კვლევების ჩატარება და იმის გათვალისწინება, რომ ეს არის განსაკუთრებული, მეწყრული მონაკვეთი. კერვის დროს ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა, რომ ძვირფასი ქსოვილი არ დააზიანო, ასეთივე პრინციპი მოქმედებს ამგვარ სიტუაციაშიც: ეს არის მეწყერსაშიში მონაკვეთი, რომელიც ათეულობით და ასეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ იქ გეოლოგიურად რთული გარემოა და დიდი სიფრთხილეა საჭირო! ვიმეორებდით, რომ მეწყერზე გზის გაყვანა დაუშვებელია, მაგრამ ჩვენს სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია. ბუნებამ კუდის მოქნევა იცის და ეს "კუდის მოქნევა" ყველაზე მეტად ადამიანებს აზიანებს.

როდესაც რიკოთსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გაჰყავდათ, ვამბობდით, რომ ამ ფერდობებს არ უნდა შეეხონ, რომ არ შეიძლება იქ კლდეების თვითნებური ჭრა და აფეთქება... შედეგი უკვე აშკარაა: რაც ეს გზა გაიყვანეს, უკვე რამდენჯერმე ჩამოწვა მეწყერი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა! გვირაბების მშენებლობა "ნოუ-ჰაუ" ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა გვირაბს არასწორად აპროექტებ და არასწორ ადგილას აშენებ, ეს არის პრობლემა, სხვა კი არაფერი!

- თქვენი აზრით, ამ ჩინური კომპანიის მთავარი შეცდომა რა იყო?

- ვიმეორებ: მეწყერზე გზის გაყვანა არ შეიძლება - ეს გეოლოგიის ანა-ბანაა, რომელიც პირველ კურსზე ისწავლება. მთელი ეს მონაკვეთი მეწყერსაშიშია! იქ რთული ტექტონიკური პირობებია, რადგან ფერდობები 600 მილიონი წლის ქანებისგან შედგება და მთათა წარმოშობა ახლაც მიმდინარეობს. ამიტომ, სამუშაოს დაწყებამდე, კომპლექსური კვლევა იყო აუცილებელი, ამ საქმეში მარტო სეისმოლოგები ან გეოლოგები კი არა, უამრავი სპეციალისტი უნდა ჩარეულიყო. ეს არ გააკეთეს და შედეგიც მივიღეთ: ახლა ეს ფერდობები ალაგ-ალაგ ყოველთვის ჩამოიშლება და ასე გაგრძელდება ათეულობით წლის განმავლობაში - ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ამას ამბობს ყველა, ვისაც ამ დარგში რაღაც ცოდნა და გამოცდილება აქვს. სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გზაა და თუ იქ არასტაბილური ვითარება იქნება, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაც რისკის ქვეშ დადგება... განაგრძეთ კითხვა