საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება.
"ახლა ვგეგმავ, რომ გამოვითხოვოთ ჯანმრთელობის ისტორია. თუმცა, გუშინ ჩვენი იურიდიული კომპანიის ადვოკატი შესული იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. წონა ისევ კლებაშია, ბოლო მონაცემებით მისი წონა 63 კილოგრამია. რაიმე გაუმჯობესება არ ხდება, ადეკვატური მკურნალობა მას არ უტარდება და სიმპტომური მკურნალობა ხდება“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ხაჭაპურიძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ "საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში ადვოკატს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი კანონის შესაბამისი მოქმედება".
"ლობისტურ კომპანიას არანაირი კავშირი ან ურთიერთობასთან ან გაშუქებასთან არ აქვს. მისი ოჯახის მიერ ჯერ კიდევ შარშან ამ პერიოდში დაქირავებული იქნა ამერიკული იურიდიული კომპანია - "აკერმანი“. მისი ადვოკატი მასიმო დ'ანჯელო საქართველოში გახლდათ, იგი აქტიურად იყო ჩართული და არის კიდევაც ახლა ამ საადვოკატო საქმიანობაში. შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში თუ რაიმე ღონისძიებას განახორციელებს, თუ ეს იქნება ევროპარლამენტარებთან შეხვედრა, თუ უცხოურ დიპლომატებთან და ა.შ. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ.