ეს ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა, თვითონ სააკაშვილი მიმართავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში შექმნან ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა.
სარჯველაძე ამბობს, რომ ყველა ის აჟიოტაჟი, რომელიც შექმნილა ამ ხნის განმავლობაში, მსგავსი საქმიანობით იყო განპირობებული.
„საბედნიეროდ არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის „ფარა“, რადგან არაფერი რჩება ჩრდილში, მიუხედავად ცალკეული ადამიანების დიდი „მეცადინეობისა", რომლებსაც სურთ ყალბი აღქმები შექმნან, საზოგადოება, შეცდომაში შეიყვანონ. საბედნიეროდ „ფარათი“ და მსგავსი ინსტრუმენტებით დაცულია ხოლმე საზოგადოება შეცდომაში შემყვანი დეზინფორმაციული კამპანიებისგან. რაც შეეხება კონკრეტულად ამ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, ეს არ არის პირველი, მაგრამ ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა, თვითონ სააკაშვილი მიმართავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, მეგობარ სახელმწიფოებში შექმნან ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები. ეს ძალიან დასანანია და ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ პრიორიტეტი ამ ხალხისთვის არის არა ქვეყნის ინტერესი, არამედ საკუთარი ძალიან ვიწრო მერკანტილური ინტერესები, რადგან არ შეიძლება იმ ფონზე, როცა საქართველო ევროინტეგრაციისთვის იღწვის და ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული სწორ აღქმებზე ევროპულ სახელმწიფოებში, ასეთ დროს დაკავებული იყო ისეთი საქმიანობით როგორიც არის მსგავსი რეზოლუციების ინიცირება და ამის მხარდაჭერა და იმავდროულად ამერიკელი კონგრესმენების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს. ახლა ხომ გასაგებია, რომ ყველა ის ყალბი აჟიოტაჟი, რომელიც შექმნილა ამ ხნის განმავლობაში, ნაკვები და ნაკარნახევი იყო მსგავსი საქმიანობით, როცა მერკანტილური, მავნებლური ინტერესები არის მამოძრავებელი ცალკეული აქტივობებისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარიმართებოდა.
ამას წინათ წამოსცდა ქალბატონ სამადაშვილსაც, ევროპაში დავდივართ და სანქციებს ვითხოვთო. აგერ ახლა გამოჩნდა, კონკრეტულად საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მუშაობენ ადამიანები და ამაში ფულს ხარჯავენ. საბედნიეროდ თუკი ამ დრომდე ეს ბურუსით იყო მოცული, ახლა ხომ დადასტურდა, რასაც ვამბობდით, დადასტურდა უდავოდ, რომ ფულს იხდიან იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას სანქციები“, - განაცხადა სარჯველაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება, სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან და ა.შ.