ავტორი:

"ვალდებულება, რომ ყველა აუზთან თითო მაშველი იყოს, არ არსებობს. ის, რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, შესრულებული იყო" - სასტუმრო "ოაზისის“ ადვოკატი

"ვალდებულება, რომ ყველა აუზთან თითო მაშველი იყოს, არ არსებობს. ის, რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, შესრულებული იყო" - სასტუმრო "ოაზისის“ ადვოკატი

სასტუმრო "ოაზისის“ ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, სასტუმროს აუზზე, სადაც გუშინ 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, ყველა რეგულაცია დაცული იყო.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმროს ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს და საქმეზე გამოკითხვები უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარ ფაქტს, ადვოკატის ინფორმაციით, აუზის ის მონაკვეთი, სადაც მცირეწლოვანი იყო ჩასული, ბავშვებისთვის განკუთვნილი არ იყო.

"რაც მოხდა უდიდესი ტრაგედიაა და მინდა, ადმინისტრაციის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს, გუშინვე მოხდა დროულად ჩანაწერების დათვალიერება. ასევე დაწყებულია გამოკითხვები ჩაქვის პოლიციაში, რაც დღესაც გრძელდება. რაც შეეხება მომხდარს, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით და დოკუმენტებით, ის, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, დაცულია. თუმცა სრული ინფორმაცია წარედგინება გამოძიებას“, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, შემთხვევის შემდეგ ადგილზე დაუყოვნებლივ იყვნენ სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი და მაშველი.

"სამედიცინო პუნქტი ტერიტორიაზე ნამდვილად არსებობს, როგორც არის წესი. შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი ადგილზე იყო და დახმარების აღმოჩენას ცდილობდა. მაშველებიც შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იყვნენ. ვალდებულება, რომ ყველა აუზთან თითო მაშველი იყოს, არ არსებობს. ის, რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, შესრულებული იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის“ აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.

"გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია. დედასთან ერთად ისვენებდა. როგორც ამბობენ, დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა. აუზზე სხვა დამსვენებლებიც იყვნენ, მაგრამ დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს. როგორც ჰყვებიან, აზრად არ მოსვლიათ, თუ ბავშვი იხრჩობოდა. ამბობენ, რომ დედა-შვილი ქუთაისიდან იყო ჩამოსული“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ასევე იხილეთ: