ავტორი:

"ომარს საკუთარი ანსამბლი არ ჰყოლია... ის თავიდან ბოლომდე ქვეყანას და ერს ეკუთვნოდა" - ომარ მხეიძის 30 წელი სცენაზე: როგორ იხსენებენ "საუკუნის მოცეკვავეს" მეგობრები და შვილიშვილი?

"ომარს საკუთარი ანსამბლი არ ჰყოლია... ის თავიდან ბოლომდე ქვეყანას და ერს ეკუთვნოდა" - ომარ მხეიძის 30 წელი სცენაზე: როგორ იხსენებენ "საუკუნის მოცეკვავეს" მეგობრები და შვილიშვილი?

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე. ის "სუხიშვილების ანსამბლის" რიგებში 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე... ამ პროფესიონალი ადამიანის ღვაწლი დიდია. ამიტომაც საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა 2014 წელს "საუკუნის მოცეკვავედ" დაასახელა, ხოლო ფონდმა "ქართული გალობა“ 2016 წელს ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის "ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება" მიანიჭა. 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

Ambebi.ge არაერთ ადამიანს ესაუბრა, რომლებიც ომარ მხეიძეს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იხენებენ.

იამზე დოლაბერიძე, ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე, სოლისტი:

- 1960 წლიდან მე და ომარი ანსამბლში პარტნიორები ვიყავით, ერთად ვცეკვავდით... ძალიან გული დამწყვიტა მისმა გარდაცვალებამ, მეწყინა, მაგრამ რას ვიზამთ, მივდივართ ძველები...

საოცარი მოცეკვავე იყო, შემართებით ცეკვავდა და ძალიან რაინდული გახლდათ. 1961 წელს ხევსურეთში ვიყავით, მე და ომარმა ხევსურული ვიცეკვეთ და ის ცეკვა მახსოვს, გადაიღეს. ამდენი წლის მერე ის კადრები პირველად ახლა ვნახე... ცრემლები მომერია, იცით როგორ ავღელდი?! ძალიან იმოქმედა. რა პატარები ვყიფილვართ...

ამ კადრების ნახვიდან რამდენიმე დღე არ იყო გასული, რომ გუშინ ომარის გარდაცვალება გავიგე... გული ჩამწყდა... არადა, მანამდე ვურეკავდი, მოკითხვა მინდოდა, არ იღებდა ტელეფონს. მერე მითხრეს, ბოლოს ცუდად იყოო... თვითონ დამირეკავდა ხოლმე, დაბადების დღეს მომილოცავდა. მხნე, ცოცხალი ადამიანი იყო... მუსიკის ხმას რომ გაიგებდა, წამოდგებოდა და წაიცეკვებდა ხოლმე. კარგი ბიჭი იყო ძალიან...

ნებისმიერ ცეკვაში, სცენაზე საიმედო პარტნიორი გახლდათ და ცხოვრებაშიც საოცარი ადამიანი. ნამდვილი ქართველი... ერთხელ ვთქვი, რომ რაჭული ცეკვა ჩემთან რაღაც არ მოდის-მეთქი. რატომ, იამზეო? - გაუკვირა. დამავიწყდა, რომ თვითონ რაჭველი იყო, მერე გამახსენდა მისი რაჭველობა და ვუთხარი, მიყვარს რაჭველები, შენ კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ცეკვა რაღაც ვერ მივიღე-მეთქი.

უფრო რაინდული ცეკვები მიყვარდა და ყველა ცეკვაში სოლოს ვცეკვავდი. არადა, სოლო მაინცდამაინც არ მაინტერესებდა, უბრალოდ, ცეკვა მიყვარდა და ამით სიამოვნებას ვიღებდი. ასე იყო ომარიც. ნებისმიერ ცეკვას თავის ხასიათში ვცეკვავდით.

ეჰ, ძალიან გვატკინა გული. სიბერე ცუდი რამ არის. არადა, მსოფლიო ცეკვით გვაქვს შემოვლილი. ცხოვრება ამისთვის ღირდა... დიდ შრომას ვდებდით, ენით აუწერელს და თავს არ ვზოგავდით. ეს იყო ჩვენი საქმე და უნდა გვემუშავა. ისეთი ტაში საბჭოთა ქვეყნებიდან მსოფლიოში არავის რგებია, როგორც „სუხიშვილებს“. მაშინ საზღვარგარეთ არც არავინ დადიოდა. ჩვენს ანსამბლზე გიჟდებოდნენ - მამაკაცები რაინდები, ქალები მშვიდები, ნარნარები სცენაზე საუკეთესო სანახავი იყო. ქალისა და კაცის დამოკიდებულება საუკეთესოდ ჩანდა. ამ ყველაფერში ომარს დიდი როლი ჰქონდა... გიჟდებოდა ხალხი ჩვენზე, საათობით ტაში გვქონდა, სცენიდან ვერ ჩამოვდიოდით. მერე კი სიხარულისგან ვათენებდით.

ფრიდონ სულაბერიძე, ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე, სოლისტი:

- ომარ მხეიძე ანსამბლში შესანიშნავი და უძლიერესი მოცეკვავე იყო, - ვეფხვი იყო, ვეფხვი! უყვარდა, რომ ვაქებდი. მართლაც შესაქები იყო, საოცარი პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ადამიანი. გულით ემსახურა ქართულ ცეკვას...

ნინო რამიშვილი რეპეტიციას რომ ატარებდა, ომარი პირველ ხაზში იდგა და რეპეტიცია მიჰყავდა. ის იწყებდა რეპეტიციას, ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, რომ შეუდარებელი იყო.

ასე რომ, როგორც მოცეკვავე, ისე ადამიანი შეუდარებელად დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ძალიან მიყვარდა, პატივს ვცემდი და გული დამწყდა, რომ აღარ არის ამ ქვეყანაზე... ნათელში იყოს ჩვენი მეგობარი, რომელსაც მოლხენა, ხალხთან ყოფნა, მათთან ურთიერთობა უყვარდა. მთელი საქართველო პატივს სცემდა და უყვარდათ. ასეთი უძლიერესი ადამიანი და უძლიერესი მოცეკვავე სუხიშვილებს, ვიტყოდი, არ ჰყოლია...

ოთარ ბლუაშვილი, ანსამბლ "ერისიონის" დირექტორი:

- ჩვენი ანსამბლები მეგობრობდა, - როცა ომარი ცეკვავდა, მე ვმღეროდი და ახლოს მაშინ გავიცანი. ცეკვას თავი რომ დაანება, ჩვენთან ხშირად მოდიოდა. უხაროდა ჩვენი წარმატება, პირადადაც მქონდა კარგი ურთიერთობა. ყველა ასპექტში ვმეგობრობდით, მათ შორის საქართველოს სიყვარულშიც. ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, პროფესიონალის, შემოქმედის წასვლა. საუკუნის მოცეკვავე იყო და თავის სტილში შეუდარებელი, მთის ცეკვებში კიდევ განსაკუთრებული. ასე არავის უცეკვია და ვერც ვერავინ იცეკვებს.

ნიშანდობლივია, რომ საკუთარი ანსამბლი არ ჰყოლია, არც ერთი მოსწავლე არ დაუტოვია, როგორც მოცეკვავეს. იგი დარჩება ჩვენს ხსოვნაში როგორც უდიდესი მოცეკვავე. ის ხასიათი, რომელიც ომარ მხეიძეს ჰქონდა, ვერავისში დავინახე, იმდენად დიდი იყო. სცენაზე რომ იდგა, თითქოს მთა ცეკვავდაო. შემოვარდებოდა, იმდენად ანთებული იყო, გეგონება საომრად ველზე შედიოდა, სასწაულს ჩაიდენდა, სცენაზე ისე აღელვებული და აღტყინებული გადიოდა. მერე კულისებში ისევ გამოყოლილი ჰქონდა ის ემოცოა და კარგა ხანს ვერ წყნარდებოდა.

დიდი ქართველი, ჭეშმარიტი ქართველი იყო, სიგიჟემდე უყვარდა საქართველო. რაც შეეძლო ერთ ადამიანს, ათი იმდენს აკეთებდა. ყველგან თავის სათქმელს ამბობდა, - იცოდა თქმა - მიხედეთ ხელოვნებას, მიხედეთ ფოლკლორს!

გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი:

- ჩვენი ურთიერთობა 20 წლის წინ, 2003 წელს დაიწყო. ტელეკომპანია "მზეში" პროექტის გასაკეთებლად მიმიწვიეს. საახალწლო მიუზიკლი უნდა გაგვეკეთებინა. სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ცნობილ მუსიკოსებს, მომღერლებს და ა.შ. ორი ცნობილი ქართული ფილმი „კუჩხი ბედინერი“ და „რეკორდი“ უნდა გაგვეერთიანებინა და მათგან რიმეიქი მიუზიკლი შეგვექმნა.

როდესაც კასტინგი დავიწყეთ, გვინდოდა, მოგვეძებნა ბაბუა. იცით, რომ „კუჩხი ბედნიერში“ არის სცენა, როცა ოჯახი სიძეს ელოდება. ჰოდა, იმ ოჯახის ბაბუა, ყველაზე მხცოვანი, დინჯი და დარბაისელი კაცი უნდა გვეპოვა. ოჯახის მამა იყო აჩიკო მეფარიძე, მისი მეუღლის როლს თამუნა ამონაშვილი თამაშობდა, შვილები იყვნენ - ნეკა სებისკვერაძე, თიკა ჯამბურია... მოკლედ, ბაბუის როლზე ბევრი ვიფიქრეთ და ომარ მხეიძეზე შევჩერდით. შორიდან ვიცნობდი, პირადი ურთიერთობა არ მქონია. რომ გავიცანი, ვუთხარი, რაც გვინდოდა. თავიდან შეიცხადა, - ჩემგან მსახიობი როგორ გამოვაო? საბოლოოდ დავითანხმეთ.

იმ პერიოდში და მერეც საოცრად კარგი მოგონებები დატოვა. ჯერ ერთი პროფესიონალის გარდა იყო საუცხოო ადამიანი. ეს იყო კაცი, რომელიც საკუთარ თავში სიყვარულს დაატარებდა... მეკვლეს სცენას რომ ვიღებდით, რომელსაც ოჯახი უნდა დახვდეს, ჰქონდათ ტექსტი, რომელიც სიმღერით უნდა ეთქვათ. სიმღერაში რომ ჩამჯდარიყო, არსებული ტექსტი ცოტა გავასწორეთ. იყო ფრაზა - „სიყვარული გულში მედოს, შენი ბედი დამებედოს“. ეს ფრაზა ომარს მივეცით. ტექსტის შემდეგ ცეკვას იწყებდა და ცეცხლს ანთებდა. დინამიკა, საოცარი მოძრაობა, გულით და ეშხიანად ცეკვავდა. არადა, უკვე ასაკში იყო, მაგრამ მხნედ იყო.

მოკლედ, დაიწყებოდა გადაღება, „სიყვარული გულში მენთოს“ - იტყოდა. სტოპ, სტოპ, ბატონი ომარ, „სიყვარული გულში მედოს, შენი ბედი დაგვებედოს“ - ვეტყოდი. კი, კი გიორგი, ცოტა რთულია, მაგრამ არა უშავს, ვიტყვი. დავიწყებით გადაღებას და „სიყვარული გულში“ აქ დაფიქრდებოდა, „მენთოს“ - დაიძახებდა... ამას ახლა რატომ ვიხსენებ, ამ კაცს სიყვარული გულში მართლა ენთო და ამიტომაც ამბობდა „სიყვარული გულში მენთოს“...

იმის მერე ვხდებოდით ხოლმე სხვადასხვა ადგილას. ჩვენი შეხვედრა ყოველთვის საოცარი, ემოციით სავსე იყო. ვეხუტებოდი და ვეუბნებოდი, როგორ მიყვარდა. დიდ სითბოს, შინაგან სიღრმეს დაატარებდა, საოცარი ხიბლი ჰქონდა. მართლაც არა მხოლოდ ქალაქის მშვენება, ქვეყნის და საერთოდ სამყაროს მშვენება იყო. რაინდი, დიდი ბუნების ადამიანი. თითქოს ეპოქას აცდენილი კაციც, რომელიც ასეთ გაუცხოებულ ამბავში, დღევანდელ სიტუაციაში მოხვდა. ისეთი განცდა მქონდა, რომ რაინდობის პერიოდიდან მოდიოდა. კი, ეს იყო ადამიანი, რომელსაც სიყვარული გულში ენთო. ძალიან მიყვარდა და გული მწყდება, რომ ასეთი ადამიანები მიდიან.

დეიკო მხეიძე, ომარ მხეიძის შვილიშვილი:

- ბაბუა თავიდან ბოლომდე თავის ქვეყანას და ერს ეკუთვნოდა, მთელი ცხოვრება სითბოსა და სიყვარულის გაცემას მიუძღვნა, რაც ჩემი ცხოვრების გზაზეც კი ცხადად აისახება. ბევრი ისტორიის მოყოლა არ დამჭირდება, რადგან საბოლოოდ ყველაფერი ერთ დიდ თვისებას კრავს და ეს არის ღირსება. არ არსებობდა მისთვის დიდი და პატარა, წარმატებული თუ წარუმატებელი, კერძო თვითმფრინავით მოსარგებლე თუ ფეხით მოსიარულე - ყველას ერთნაირად, უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა და ყოველთვის მზად იყო თავდაუზოგავად ემსახურა.

მე და ომარს ერთი რამ განსაკუთრებით გვაერთიანებს, ორივეს არაამქვეყნიურად გვიყვარს ცეკვა, განსხვავება იმაშია, რომ ომარმა მწვერვალები დაიპყრო, მიწაზე ლომი იყო, ცაში არწივი, მე კი როგორც ჩანს, გამიჭირდა ბრძოლა ამ ოცნების ასახდენად. ვაყოლინებდი ისტორიებს, ვთხოვდი ესწავლებინა სუხიშვილების ენა, ენახებინა ესა თუ ის მოძრაობა, ან უბრალოდ შეესწორებინა ჩემს მიერ შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ვსაუბრობ ბაბუაჩემზე, ყოველთვის პატივი იყო მასთან ერთად შესრულებული თითოეული ცეკვა, რაც სამწუხაროდ, მხოლოდ სამახსოვროდ დამრჩა. და ასე გაფრინდა უსასრულო სიყვარულში ყველაზე კეთილი, ყველაზე ღირსეული და ყველაზე დიდი არწივი.

Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი ხელოვანის ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს.