ახლა ომის საკვანძო მომენტია. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მე-14 შეხვედრის ონლაინ რეჟიმში გახსნისას განაცხადა.
“რუსეთის ომი უკვე 500 დღეზე მეტია გრძელდება, იგი სრულიად არაპროვოცირებული, არასაჭირო და უსამართლოა…
მას შემდეგ, რაც ომის ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთს არ შეუძლია თავისი დამპყრობლური ომის მიზნების მიღწევა…
უკრაინული კონტრშეტევა საკვანძო მომენტს ნიშნავს ამ ტრაგიკულ ომში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაში ინიციატივა აიღეს”, - განაცხადა ოსტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი.
“უკრაინას შეიარაღების საკვანძო სისტემები, საბრძოლო მასალა მივაწოდეთ და არ ვაპირებთ გაჩერებას. არავინ შევიდეს შეცდომაში, ჩვენს ძალისხმევას გავაგრძელებთ, რათა მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება, და უკრაინის დამცველების დახმარებას გავაგრძელებთ, როგორც ეს იყო რუსეთის შეჭრის დასაწყისიდან,” - განაცხადა ოსტინმა.