პრედიაბეტი ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებს სცდება, თუმცა არც იმდენად, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაისვას. ის არის ერთგვარი განგაშის სიგნალი, რომელიც პაციენტს სამომავლოდ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს ჩამოყალიბების შესახებ აფრთხილებს. საბედნიეროდ, პრედიაბეტი ყოველთვის არასასურველი სცენარის განვითარებას არ ნიშნავს, რადგან ზომების დროულად მიღების შემთხვევაში, სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
რა უნდა ვიცოდეთ პრედიაბეტზე, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ის დროულად და როგორია მისი მკურნალობის გზები? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ენდოკრინოლოგ ეკატერინე ინაშვილს მივმართეთ.
ეკატერინე, სისხლში გლუკოზის რა მაჩვენებელი მიუთითებს პრედიაბეტზე?
თუ უზმოდ ყოფნისას გლუკოზის დონე სისხლში 100-125 მგ/დლ-ია, ხოლო გლუკოზით დატვირთვის შემდეგ ორ საათში ეს მაჩვენებელი 140-დან 199 მგ/დლ-მდე მერყეობს, სახეზე გვაქვს პრედიაბეტი. ამ ნიშნულებზე ზემოთ უკვე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს დიაგნოზი ისმება.
პრედიაბეტის დასადგენად და, ზოგადად, სისხლში გლუკოზის დონის შესაფასებლად, ვატარებთ გლიკოზილირებული ჰემოგლობინის კვლევასაც, რომელიც გვიჩვენებს სისხლში გლუკოზის საშუალო დონის მაჩვენებელს ბოლო სამი თვის განმავლობაში. თუ გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი 5.7%-დან 6.4%-მდე მერყეობს, ასევე, საქმე გვაქვს პრედიაბეტთან.
ვინ მიეკუთვნება პრედიაბეტის განვითარების რისკჯგუფს?
მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ შემთხვევაში, გლუკოზა სისხლიდან სამიზნე უჯრედებში გადადის, რა დროსაც ის ენერგიის წყაროდ გარდაიქმნება. ამ პროცესს უმეტესად აფერხებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბად განვითარება, ინსულინრეზისტენტობა-ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, ჰიპერინსულინემიასთან(სისხლში ინსულინის ჭარბი რაოდენობით არსებობა) ერთად ან მის გარეშე. შესაბამისად, პრედიაბეტის და, ზოგადად, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია ჭარბწონიან ადამიანებში. ინსულინრეზისტენტობა, ქოლესტერინის კერძოდ, ლიპიდური ცვლის ერთ-ერთი ფრაქციის- ტრიგლიცერიდების მაღალი დონე ან/და მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის (მას „კარგ ქოლესტერინსაც“ ვუწოდებთ) დაბალი მაჩვენებელი, ასევე, პრედიაბეტის რისკფაქტორებია.
ცხადია, პრედიაბეტის განვითარების ალბათობა მატულობს იმ ადამიანებში, რომელთაც გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს მიმართ ანუ თუ პირველი რიგის ნათესავებს (მშობლებს, დედმამიშვილებს) ამ დაავადების დიაგნოზი აქვთ..
პრედიაბეტის მაპროვოცირებელია გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ჰიპერტენზიაც. ასევე, ის შეიძლება განუვითარდეთ ქალბატონებს, რომელთაც ანამნეზში აქვთ გესტაციური ანუ ორსულთა დიაბეტი ან/და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.
გაითვალისწინეთ, რომ პრედიაბეტი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე რისკფაქტორის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, გაკეთდეს შესაბამისი ანალიზები, რათა გამოირიცხოს პრედიაბეტი. კვლევები უნდა ჩაიტარონ 35 წელზე მეტი ასაკის ადამიანებმაც და ბავშვებმაც, რომელთაც აქვთ ჭარბი წონა, არ არიან ფიზიკურად აქტიური და აქვთ შაქრიანი დიაბეტის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა.
სისხლში გლუკოზის შემცველობის დასადგენი ანალიზები, სასურველია, მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. პრედიაბეტის აღმოჩენის შემთხვევაში კი, მაჩვენებლების გადამოწმება ყოველ წლიურად ან 6 თვეში ერთხელ უნდა მოხდეს.
როგორ ხდება პრედიაბეტის მკურნალობა და რა რეკომენდაციებს მისცემდით ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს?
პრედიაბეტის და, ზოგადად, შაქრიანი დიაბეტის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი კვებაა. აუცილებელია პაციენტმა მიიღოს მეტი რაოდენობით ბოსტნეული, ასევე, ხილი, თუმცა ზომიერად.. კვების რაციონში ჩართული უნდა იყოს ცილოვანი პროდუქტები, ზომიერი რაოდენობით პარკოსნები, ბურღულეული, თხილეული. ძალიან მნიშვნელოვანია პრედიაბეტის, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტის, დროს შეიზღუდოს ნახშირწყლები და ცხიმები და, რაც მთავარია, ნებისმიერი სახის ტკბილეული – საკონდიტრო ნაწარმი, შოკოლადი, ნაყინი, გაზიანი ტკბილი სასმელები, ნატურალური წვენები, კომპოტები და ა.შ.
სწორ კვებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია ფიზიკური აქტივობა. კვირაში მინიმუმ 150 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ თუნდაც მსუბუქ დატვირთვას, მაგალითად, ისეთს, როგორიც ფეხით სიარულია. ფიზიკური აქტივობის ფორმა და ინტენსივობა პაციენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სურვილის მიხედვით.
პრედიაბეტის დროს მკურნალობაში შეიძლება ჩავრთოთ მეტფორმინის ჯგუფის პრეპარატებიც, თუმცა, მათ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით სპეციალისტი ინდივიდუალურად ნიშნავს.
ბოლოს კი, კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე სკრინინგისა და პრედიაბეტის დროულად აღმოჩენის მნიშვნელობას, რადგან ის აძლევს პაციენტს შესაძლებლობას დროულად დაიწყოს მკურნალობა. გახსოვდეთ, თუ მალევე შეცვლით ცხოვრების წესს და დაიცავთ ექიმის რეკომენდაციებს, შეძლებთ არათუ გადაავადოთ შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბება, არამედ სრულად აღადგინოთ გლუკოზის ნორმალური მაჩვენებელი სისხლში.
R