ბოლო წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ იმ ტრანსფორმაციულ მოვლენებს, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდმა განვითარებამ განაპირობა. სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიღწევას შორის, ხელოვნური ინტელექტი (AI) აღმოჩნდა ის ძალა, რომელსაც შეუძლია რევოლუცია მოახდინოს სწავლებისა და სწავლის ტრადიციულ მეთოდებში. გასულ კვირას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეგიდით ჩატარდა კონფერენცია, რომელმაც თავი მოუყარა განათლების ექსპერტებს, IT დეველოპერებს, სკოლის მასწავლებლებსა და დირექტორებს იმ გამოწვევებზე სასაუბროდ, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის სისტემების ელვისებური განვითარება განაპირობებს. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ, რომელსაც RTI International ახორციელებს, მონაწილეებს მისცა პლატფორმა ამ გამოწვევებზე პროფესიული დიალოგის დასაწყებად.
საქართველოს განათლების სისტემაში არსებობს არაერთი გადაუდებელი საჭიროება, როგორიცაა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურული პრობლემები, IT აღჭურვილობის ნაკლებობა და რიგ შემთხვევებში, მასწავლებლებისა და დირექტორების კომპეტენციების დეფიციტი...
AI-ის ინტეგრაციას განათლებაში უდავოდ აქვს პოტენციალი, გარდაქმნას სწავლებისა და სწავლის პროცესები, გაამარტივოს ადმინისტრაციული ამოცანები და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განათლებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის პერსონალიზებული ინსტრუქციების შეთავაზებით. რუტინული ამოცანების ავტომატიზებით მასწავლებელს და დირექტორს უთავისუფლებს დროს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, შემოქმედებითი საქმიანობებისთვის, რაც სასწავლო გარემოსა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.
როგორც ნებისმიერი ტექნოლოგიური პროგრესის შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია განათლებაში იწვევს ერთგვარ აზრთა სხვადასხვაობას კუთხით. გასათვალისწინებელია, რომ AI არ იმართება ეთიკური პრინციპებით, არ შეუძლია განასხვავოს სწორი და არასწორი, ჭეშმარიტი და ყალბი. ამიტომ, პირველ რიგში, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ცოდნა გენერირებული პასუხის შესაფასებლად, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მის სისწორეზე. ისმება შეკითხვაც: ხომ არ შექმნის ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება არათანაბარ, არასამართლიან გარემოს კლასში / ჯგუფში? ეს პრობლემა AI ტექონოლგიებზე თანაბარი წვდომით უნდა მოგვარდეს. ეთიკური გაიდლაინები, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობით მიდგომა გადამწყვეტია განათლებაში ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენებისა და მისგან მაქსიმალური სარგებლის უზრუნველსაყოფად.
ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს შეუძლიათ გააანალიზონ დიდი მოცულობის მონაცემები, მათ შორის, მოსწავლეთა მოსწრება, უნარები, დასწავლის სტილი და ამ მონაცემების საფუძველზე შექმნან სასწავლო გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. შედეგად, ყველა მოსწავლე მიიღებს მასზე მორგებულ სასწავლო პროგრამას - მხარდაჭერისა და გამოწვევების ადეკვატურ დონეს, რომელიც მათ ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა შეიძლება გახდეს საუკეთესო დამხმარე სკოლაში დირექტორისა თუ მასწავლებლის ყოველდღიურ, რუტინულ შრომასთან გასამკლავებლად, როგორიცაა დავალებებისა და ტესტების შედგენა - შეფასება, გაკვეთილის დაგეგმვა და მისი გამდიდრება სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსით. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, მეტი ფოკუსირება მოახდინონ გაკვეთილის დაგეგმვაზე და მოსწავლეთა ინდივიდუალურ მხარდაჭერაზე, ოპტიმიზაცია გაუკეთონ მათ დროსა და ენერგიას. მონაცემთა ანალიზით ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს შეუძლიათ, ამოიცნონ ტენდენციები, შაბლონები და გაუმჯობესების გზები მოსწავლეთა მუშაობის, კურიკულუმის დიზაინისა და სწავლების მეთოდოლოგიის კუთხით. მონაცემებზე ორიენტირებული ეს მიდგომა პედაგოგებს და ადმინისტრატორებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა, გააუმჯობესონ სასწავლო გეგმის დიზაინი და პროაქტიურად აღმოფხვრან სწავლის ხარვეზები.
ხელოვნური ინტელექტი აგრძელებს განვითარებას. მისი ინტეგრაცია განათლებაში გვპირდება მომავალს, სადაც ყველა მოსწავლეს შეუძლია, მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების სრულ რეალიზაციას. ამავდროულად, განათლების სპეციალისტები ხაზს უსვამენ აუცილებლობას, რომ დანერგვის საწყის ეტაპზევე შეიქმნას რეგულაციები AI სისტემებთან დაკავშირებული რისკების დაზღვევასა და გამოწვევებთან გასამკლავებლად.
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ
NS