ავტორი:

წარმატებული ბიზნესი და ოჯახი - როგორ ამყარებს ბალანსს ახალგაზრდა ბიზნესმენი ბექა ხოფერია სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის

წარმატებული ბიზნესი და ოჯახი - როგორ ამყარებს ბალანსს ახალგაზრდა ბიზნესმენი ბექა ხოფერია სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის

ბექა ხოფერია, წარმატებული ბიზნესმენი მუდმივად ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. დღეს ის ახალგაზრდა მილიონერების სიაშია და ამიტომაც მისი პირადი ცხოვრებაც იწვევს დიდ ინტერესს საზოგადოებაში.

ბექა „აპარტ დეველოპმენტის“ დამფუძნებელია. კომპანია ბაზარზე პირველად 2019 წელს გამოჩნდა და პირდაპირ პანდემიას გაუსწორა თვალი. სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულადაც - ამ წელს ბექა ხოფერიას ბიზნესმა ლიდერის სტატუსი მოიპოვა. ამჟამად ბექა ფლობს 20 ჰექტრამდე მიწის კაპიტალს თბილისსა და მის შემოგარენში. კომპანიის კაპიტალი კი 60 მილიონს სცდება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ბექასთვის საკმაოდ რთულია, დრო სწორად გადაანაწილოს საქმესა და ოჯახს შორის, ახლა კი ის თავად გვესაუბრება, თუ როგორ ახერხებს 4 შვილთან კომუნიკაციას და ყურადღების გადანაწილებას.

რამდენად რთულია დროის ოჯახსა და კარიერას შორის გადანაწილება?

საკმაოდ რთულია იპოვო ბალანსი ოჯახსა და წარმატებულ კარიერას შორის. ორივე დიდ ყურადღებას მოითხოვს მით უფრო, როდესაც სამსახურში ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევს და დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია, თუნდაც შენი თანამშრომლების მიმართ. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაში ბალანსი ნაპოვნია. ყოველთვის ვცდილობ, თავისუფალი დრო ჩემს ოჯახს დავუთმო და ოჯახის არც ერთ წევრს ყურადღება არ მოვაკლო. ამ ბალანსის შენარჩუნების მცდელობაში კი საკუთარი თავისთვის დრო თითქმის აღარ მრჩება.

შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ხშირი კომუნიკაცია არ მქონდეს ოჯახის წევრებთან, თუმცა ყოველ საღამოს ვცდილობ, გავუზიარო მათ მთელი დღის ამბები და მათგანაც მოვისმინო, როგორ გაატარეს დღე.

სწორედ ეს გვეხმარება ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში, რადგან ჩემს ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს ოჯახი, მათი თანადგომა და სიყვარული. ვფიქრობ, რომ ოქროს შუალედი ნაპოვნი მაქვს.

სამსახურის პრობლემები სახლში მიგყვებათ თუ სამსახურშივე ტოვებთ?

ვცდილობ, რომ შევძლო სამსახურებრივი პრობლემების გარეთ დატოვება და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში განვიტვირთო.

მივხვდი, რომ ოჯახური დღეების ჩანიშვნა ისევე შესაძლებელია, როგორც სხვა მნიშვნელოვანი გეგმების. თუმცა არის სამსახურებრივი საკითხები, რომლებზეც ბევრს ვფიქრობ და ოჯახის წევრების რჩევების მოსმენაც მჭირდება. ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარი და მრჩეველი სწორედ რომ დედაჩემია.

ოჯახთან ერთად დროს როგორ ატარებთ? ყველაზე მეტად სად გიყვართ მათთან ერთად დროის გატარება?

ყველაზე მეტად ოჯახთან ერთად მოგზაურობა მიყვარს. წელიწადში რამდენჯერმე ვაძლევ თავს უფლებს განტვირთვის დღეები მოვიწყო და მათთან ერთად სამოგზაუროდ წავიდე. თუ საქართველოში ვართ, უქმეებზე მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით და ჩვენთვის საყვარელი აქტივობებით ვკავდებით, გვიყვარს სამაგიდო თამაშები, ფილმების სესიების მოწყობა, ბოულინგის თამაში და სხვადასხვა სახალისო ისტორიების გახსენება. ოჯახი ჩემთვის არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ.

როგორი მამაა ბექა ხოფერია? როგორ შეიცვალა მას შემდეგ, რაც მამა გახდით?

ბექა ხოფერია ცდილობს, რომ ძალიან კარგი მამა იყოს. როგორც იცით, მყავს 4 შვილი და რა თქმა უნდა, ბავშვების აღზრდაში ჩართული ვარ. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი განსხვავებულ ასაკშია და ყველას თავისი წილი ყურადღება სჭირდება ჩემგან.

პირველი შვილი ძალიან ახალგაზრდა ასაკში მეყოლა. მაშინ მეც მასთან ერთად ვიზრდებოდი და ვსწავლობდი ბევრს რამეს. ნინას გაჩენით ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, ვიგრძენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ჩემი შვილის კარგი მომავლისთვის.

დღეს ნინა ჩემი მეგობარია. უკვე დიდი გოგოა და რჩევებსაც კი მეკითხება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვერდით, მამის სახით, პირველ რიგში, უფროსი მეგობარი გყავს და მას შეგიძლია სხვადასხვა ემოცია და განცდა გაუზიარო.

ჩემი სამუშაო დღეები ძალიან დატვირთულია, ამიტომ, შვილებთან ურთიერთობისთვის უქმეები მრჩება. თუმცა სულ ვცდილობ, რომ ეს დრო კარგად და მხიარულად გამოვიყენოთ. ხშირად ჩემი გოგოები, ალექსანდრა და ტასო სამუშაო სივრცეშიც მსტუმრობენ და მამიკოსთან ერთად მნიშვნელოვან შეხვედრებსაც კი ესწრებიან. ჩვენს ურთიერთობას ყველაზე მეტად გამოარჩევს ის რომ, როდესაც მათთან ერთად ვარ, მათი თანატოლი ვხვდები.

ყველაზე უმცროსი შვილი ჯერ მხოლოდ 10 თვისაა და სამი გოგოს შემდეგ ბიჭის დაბადება ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო. როდესაც გიორგი გაიზრდება, ვფიქრობ, საუკეთესო მეგობრები ვიქნებით.