ავტორი:

"თანამედროვე რაც იყო, ყველაფერი მოვაშორე, სარდაფიდან ძველი ნივთები ამოვიტანე" - სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, რომელმაც მამაპაპისეულ სახლს ახალი სიცოცხლე შესძინა

"თანამედროვე რაც იყო, ყველაფერი მოვაშორე, სარდაფიდან ძველი ნივთები ამოვიტანე" - სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე, რომელმაც მამაპაპისეულ სახლს ახალი სიცოცხლე შესძინა

უკვე მრავლად არიან ჩვენში ადამაინები, რომლებიც სოფლად მამაპაპისეულ სახლკარს არ ივიწყებენ და იქაურობას ახალ სიცოცხლეს სძენენ. თამარ ასათიანმა დაბა მანგლისში წინაპრების სახლ-კარს ზუსტად ის იერი დაუბრუნა, როგორიც წარსულში ჰქონდა. ამბობს, რომ ახლა იქაურობა ბავშვობის წლებს ახსენებს და მოგონებებით იმ დროში, იმ ადამიანებთან აბრუნებს, ვინც გასულ საუკუნეებში იმ კარ-მიდამოში ცხოვრობდა. თავად სახლი 130 წლისაა და სამი საუკუნის მომსწრეა.

თამარ ასათიანი ქართული ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავეა, ამჟამად სუხიშვილების აკადემიის ადმინისტრაციაში მუშაობს. ის ახლა ჩვენი რესპონდენტია და თავის ამბავს გვიყვება.

თამარ ასათიანი:

- სულ ვფიქრობდი, რატომ მიყვარდა ეს სახლ-კარი ასე და მივხვდი - იმიტომ, რომ ძველ დროში მაბრუნებს. ყველაფერი ზუსტად ისევეა, არაფერი შემიცვლია. აქ ნებისმიერ რამეს თავისი ისტორია აქვს. თანამედროვე რაც იყო, მოვაშორე, სარდაფიდან ძველი ნივთები ამოვიტანე, სახლი ასე გავახალისე... ხომ ვამბობ, ყველა ნივთი ვინმეს ან რამეს მაგონებს. თუნდაც სახლის ხის მოაჯირს, ვინ იცის, რამდენი ჩემი წინაპრის ხელი შეხებია. ამიტომ ძალიან ძვირფასია. მოაჯირის შეცვლაზე იყო საუბარი, ცოტა მოირყაო, მაგრამ ახალს ის სითბო და ემოცია ხომ აღარ ექნება?! ამიტომ, სადამდეც შევძლებ, შევინარჩუნებ.

სოფლის სახლს ის ახასიათებს, რომ აქ ფიქრის საშუალება მეტია, საკუთარ თავს მეტად შეიცნობ. თბილისში ცხოვრების სხვა ტემპია, ქალაქი არ გაძლევს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალებას.

- ეზოსაც მიხედეთ?

- ახალი ხეხილი დავრგე. ბებოს დარგული ძალიან ძველი იყო. ამ ყველაფერს პანდემიის პერიოდში შევუდექი, ნაყოფიერად ვიშრომე. ნერგებმა კარგად გაიხარა. სასიამოვნოა, ყოველ დილით რომ გადიხარ და თითოეულ ფოთოლსა და კვირტს აკვირდები. გაიშალა, აყვავდა... ამ დროს ბედნიერი ხარ, სხვანაირი შეგრძნებაა. აქ სხვანაირად თავისუფალი ხარ, ხარ ის, ვინც რეალურად ხარ... ვუვლი ბალახსაც, ვკრეჭ, ყვავილებიც დავრგე.

- სახლი სავსეა უამრავი ძველი ფოტოთი, თქვენი წინაპრები არიან?

- წინაპრების ფოტოები წლების განმავლობაში უჯრაში გვქონდა შენახული, შარშან კი გამოვიტანე და ყველას თვალსაჩინო ადგილი მივუჩინე. ამ ხალხმა ააშენა და შეინარჩუნა ეს სახლ-კარი, მოუარა აქაურობას. ამიტომ მათი ფოტოები არ უნდა იყოს სადღაც უჯრასა და სკივრში. ახლა კედელზეა ჩამოკიდებული, მსიამოვნებს და მათი მადლიერი ვარ. პენსიაზე რომ გავალ, შეიძლება აქ საოჯახო კაფე მოვაწყო, სტუმრებს გავუმასპინძლდე - ასეთი იდეაც მაქვს.

- ძველი ნივთები მართლაც სულ სხვა ემოციებს იწვევს...

- აქ რაც იყო, ხომ ყველაფერი გამოვფინე და ერთი ჯართის მანქანა არ გამიშვია, მათგან რამე არ მეყიდა ან არ ეჩუქებინათ. ხალხი ძველ ნივთებს აბარებს და ძველი ქვაბები, თასები, ქოთნები, რადიოლა ასე მაქვს მოძიებული. სიამოვნებით მიცვლიდნენ და ფულსაც კი მთავაზობდნენ. ჰოდა, მოიყარა თავი ძველმა ავეჯმაც.

- სასიამოვნოა 130 წლის წინ დიდი ბაბუის აშენებულ სახლში ცხოვრება?

- კი, ასეა, თან უკან, ბავშვობაში მაბრუნებს. აქ სურნელიც კი ისეთივე ტრიალებს. ხომ ვამბობ, უმნიშვნელო დეტალების გარდა, არაფერი შემიცვლია, მხოლოდ ფერებით გავახალისე, რაღაცები შევღებე. სარდაფიდან ამოტანილი ნივთები რომ გავაახლე, ესეც მსიამოვნებს. ყველაფერი ისტორიაა, რომელსაც ვუფრთხილდები და ამაშია ბედნიერება.

- ბავშვობაში მანგლისში ხშირად იყავით ხოლმე?

- კი, ბებოსთან ჩავდიოდი, მასთან ვიზრდებოდი. მთიული ბებო მყავდა, გვარად წიკლაური, ცოტა მკაცრი ქალი იყო. ჩემშიც არის მისი თვისებები. არდადეგებზე სულ იქ ვიყავი. ერთ წელიწადს იქ სწავლამაც მომიწია, სოფლის სკოლის შეშის ღუმელიც კარგად მახსოვს... აქაურობას ყოველ წელს ხელის შევლება სჭირდება. ძველი სახლია და წელიწადი არ ჩაივლის, რომ ზამთარში რამე არ დაუზიანდეს, უმეტესად სახურავი. წვიმა, თოვლი, ქარი ზემოქმედებს და გაზაფხულზე აღდგენა სჭირდება. ალაგ-ალაგ გადახურვაა საჭირო, წვიმის დროს უნდა ახვიდე და ნახო, წყალი საიდან ჩამოდის.

- ძალიან გყვარებიათ სიძველე...

- რომ ვაკვირდები, ასეა თბილისშიც - ვისაც ძველი სახლები აქვთ და არაფერი შეუცვლიათ, იმ მეგობრებთან მისვლა მიხარია. გამოთქმაა, ის დრო ჯობდაო. დრო დროა, ამ ფრაზაში იგულისხმება, რომ იმ დროს ყველა ცოცხალი იყო, გარშემო საყვარელი ხალხი გყავდა... ესაა მთავარი, თორემ მე მოვხსნიდი კრამიტის სახურავს და თუნუქს გადავაფარებდი, მაგრამ ყოველ კრამიტს დავფოფინებ, სადამდეც გაძლებს, ვეცდები შევინარჩუნო.

- აქ დრო თუ ბევრი გაქვთ, ბევრსაც ფიქრობთ...

- კი, ასეა. ალბათ, ბევრს უფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე, მე კი არასდროს... რა შემოთავაზებაც უნდა მქონდეს. ეს არის ჩემი სამშობლო. სამშობლოში, ცხადია, ეს სახლიც მოიაზრება, რომელსაც ვერაფერში გავცვლი. სოფლის სახლები ბუნებასთან სხვანაირადაა შერწყმული, თუნდაც იმიტომ, რომ ხით არის ნაშენები, ბუნებრივი მასალისგან...

მანგლისის ყველა საინტერესო სახლი მაქვს გადაღებული. ვფიქრობ, ამით ამ დაბის ერთგვარი ისტორია შევქმენი, რადგან ამ უნიკალური სახლების კადრები არ არსებობდა. მათგან ბევრი ამ სამ წელიწადში დაინგრა კიდეც, აღარ არის, მაგრამ ფოტოებზე, ჩემს არქივში დარჩა.

- დიდი ხანია აღარ ცეკვავთ?

- 2003 წლის დასაწყისიდან... ცეკვა გასულ საუკუნეში დავიწყე სუხიშვილების სტუდიაში, სადაც 5 წელიწადი დავყავი. მერე ბატონმა ილიკომ, უფროსმა, ბოლო, გამოსაშვებ კონცერტზე, ღია გაკვეთილზე, რამდენიმე გოგონასთან ერთად მეც შემარჩია. ასე მოვხვდი ანსამბლ სუხიშვილებში, სადაც 20 წელიწადი გავატარე. ძალიან ამაყი ვარ, ისეთ დროს მოვიარეთ მსოფლიო, აქედან გასვლა რომ რთული იყო. სამწუხაროდ, ბატონი ილიკო მალევე გარდაიცვალა და მასთან ურთიერთობამ ნაკლებად მომიწია...

ამ ხალხთან ყოფნამ, ამ ანსამბლში ცეკვამ ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა. დიდი ფუფუნება იყო ქალბატონ ნინო რამიშვილთან ურთიერთობა. ვამაყობ, რომ მასთან მეგობრობაც მაკავშირებდა... ახალციხეში თამარ მეფის ქანდაკებას რომ დგამდნენ, ანსამბლის დამსახურებაა, რომ მისი ავტორი ჩვენთან მოვიდა, სახის არჩევა უნდოდა და მე შემარჩია. ამითაც ბედნიერი ვარ.

- მანგლისში ბევრი ძაღლიც გყოლიათ შეფარებული.

- მათი სტერილიზაციაც ვითავე და სამ წელიწადს ზედიზედ ვუტარებ, თორემ ძალიან მომრავლდნენ. სოფლების ძაღლებზეც ვზრუნავ. მე თვითონ სამი ძაღლი მყავს, რომელთაც ვპატრონობ. გზაშიც რომ ვხვდები, ვცდილობ, ისინიც გამოვკვებო. განსაკუთრებით მეტისები მიყვარს, მეცოდებიან.

- სოფლის მოსახლეობას ხომ არ უკვირს, რომ სახლი არ განაახლეთ თანამედროვე სამშენებლო მასალებით და პირიქით, მეტად სიძველისკენ მიგყავთ...

- ალბათ, უკვირთ... ძაღლებზე რომ ვზრუნავ, ვაჭმევ, ზოგიერთს ესეც არ ესმის. ისიც კი მითხრეს, ეს ყველაფერი რას გიბრუნებს უკან, რატომ აჭმევო?! სახლზე არაფერი უთქვამთ, შესაძლოა, ზოგი ამ ძველი ნივთების გამო გულში დამცინის კიდეც...

არადა, ვისაც როგორც შეგვიძლია, უნდა მოვუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ არსებულს. წინაპრების სადღეგრძელოს რომ ვსვამთ, დავფიქრდეთ, რეალურად რას ვაკეთებთ. წინაპრებს პატივი უნდა ვცეთ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც.