ავტორი:

"ბავშვის გაჩენა ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო" - ქართველი "ირინა შეიკის" ოჯახური იდილია ყოფილ დეპუტატთან: რატომ თქვა ვიქტორია კოჩეროვამ უარი მოდელობაზე?

"ბავშვის გაჩენა ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო" - ქართველი "ირინა შეიკის" ოჯახური იდილია ყოფილ დეპუტატთან: რატომ თქვა ვიქტორია კოჩეროვამ უარი მოდელობაზე?

"...იმდენად სანატრელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ ალბათ, ფიქრებით მოვლენები ჩემს ცხოვრებაში მოვიზიდე. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია ასეთი დამთხვევა: 70 წელია ტარდება კონკურსი "მის მსოფლიო" და შტატებში ერთადერთხელ, ჩემი მონაწილეობის დროს გაიმართა..." - მაშინ "მის მსოფლიო 2016"-ზე, "ვიცე-მის საქართველო" ვიქტორია კოჩეროვა გაემგზავრა. გოგონა, რომელსაც ქართველ ირინა შეიკს ეძახდნენ ჟურნალ "გზის" მკითხველებს უამბობს თავის საინტერესო ცხოვრებაზე, ყოფილ დეპუტატთან ოჯახური იდილიაზე და იხსენებს იმ წელსაც, როცა საქართველოს სახელით ამერიკაში მოუხდა წასვლა...

- ვიქტორია, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?..

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ზოგადად, ადამიანები ბავშვობას იხსენებენ როგორც ლაღს, ძალიან ფერადსა და უდარდელს, ჩემი ბავშვობა კი ასეთი არ იყო. მამა საერთოდ არ მახსოვს, ის მაშინ გარდაიცვალა, როცა მე და ჩემი ტყუპი და ერთი წლის ვიყავით. დედა ძალიან ბევრს შრომობდა, რომ შვილები ყველაფრით უზრუნველეყო და ამის გამო, მასთან ურთიერთობის მუდმივ დეფიციტს განვიცდიდი. დედა ყველაფერს აკეთებდა ჩვენი წინსვლისთვის, შვილების სულიერი, სპორტული და კულტურული განვითარებისთვის.

ემოციური კუთხით, ზრდასრულ ასაკამდე, პიროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები მრავალფეროვანი და რთულია, მით უმეტეს, როდესაც არასრულყოფილ ოჯახსა და სიდუხჭირეში ცხოვრობ. ეს ყოველთვის გიტოვებს პროტესტის განცდას და გაიძულებს, მეტად ებრძოლო საკუთარ თავს ნათელი და ბედნიერი მომავლის შესაქმნელად. არასოდეს მქონია იმ გარემოზე ნოსტალგია, სადაც ვცხოვრობდით. ყოველთვის ნეგატიური ემოციების სრულ სპექტრს განვიცდიდი. უარყოფით ემოციებთან დამოუკიდებლად გამკლავება მიწევდა და მუდმივად მქონდა აღნიშნული გარემოდან თავის დაღწევის სურვილი. მიუხედავად ყველაფრისა, მადლიერი ვარ ღვთის, ოჯახის, მეგობრებისა და საკუთარი თავის, რადგან ცხოვრების რთულ გზაზე ის ყველა დაბრკოლება თავაწეულმა, ძლიერი ტრადიციული ღირებულებებითა და საუკეთესო მომავლის რწმენით გავიარე. ახლა ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულმა სირთულეებმა ჩემი პიროვნული სრულყოფილება განაპირობა!

- როდის და როგორ აღმოჩნდით სამოდელო სფეროში?

- სამოდელო სფერო ჩემს ცხოვრებაში სილამაზის კონკურსებამდე გაჩნდა. ამ სფეროში შემთხვევით აღმოვჩნდი. იცით, მე ბედისწერის მჯერა... ერთ დღეს, როდესაც ერთ-ერთ მორიგ სამსახურში ვმუშაობდი, თანამშრომელმა მითხრა, რომ Elite Model Look-ის კონკურსის რეგისტრაციის ბოლო დღე იყო და მირჩია, მონაწილეობა მიიღეო. ფორმა შევავსე. მომდევნო დღეს დამირეკეს და მითხრეს, სად და როდის უნდა გამოვცხადებულიყავი კასტიგზე. რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ აღმოვჩნდი იმ 20 გოგონას შორის, რომლებიც გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებდნენ. Elite Model Look Georgia 2014 გამარჯვებული არ გავმხდარვარ, თუმცა შევედი საუკეთესო ტოპ-ში, მივიღე მოწვევა და კონტრაქტით საზღვარგარეთ გავემგზავრე. ამის შემდეგ მიწვევდნენ გადაღებებზე, სარეკლამო ღონისძიებებში...

- 2015-ში "მის საქართველო" გახდით...

- მახსოვს, ბავშვობიდან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, როცა გაიზრდები, "მის საქართველოს" კონკურსის მონაწილე უნდა გახდეო. მეტიც, ბევრი მეუბნებოდა, რომ ამ კონკურსში აუცილებლად გავიმარჯვებდი... ამიტომ, თინეიჯერობის ასაკიდან ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს აღნიშნულ კონკურსს და იქ მოხვედრის დიდი სურვილი მქონდა. ეს სურვილი ავისრულე და ნახევარი წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ამ კონკურსშიც ვცადე ბედი. მოსამზადებელი ეტაპი დაახლოებით სამი თვე გრძელდებოდა და ბევრ სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა: საქართველოს მასშტაბით ექსკურსიებს, სატელევიზიო გადაღებებს, ჟურნალისტებთან შეხვედრებს და ინტენსიურ მომზადებას ფინალისთვის. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, რომლის დროსაც დიდი გამოცდილება მივიღე აღნიშნულ სფეროში, რისთვისაც კონკურსის ორგანიზატორის მადლიერი ვარ...

- შემდეგ იყო "მის მსოფლიო", სადაც გაემგზავრეთ...

- "მის მსოფლიოზე" ვაშინგტონში გამგზავრება იყო კიდევ ორი დიდი ოცნების ასრულება, რადგან მიზანი იმისა, რის გამოც ნაციონალურ კონკურსში ვმონაწილეობდი, იყო ისეთ საერთაშორისო კონკურსზე მოხვედრა, როგორიც არის "მის მსოფლიო". რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც შემატყობინეს, რომ იმ წელს მე უნდა წარმედგინა საქართველო და ორმაგად ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ აღნიშნული კონკურსი ვაშინგტონში იმართებოდა... მახსოვს, ჯერ კიდევ 17 წლის ბავშვი როგორ ვავსებდი მწვანე ბარათის გათამაშების ვიზაზე აპლიკაციებს და როგორ ვაკრავდი ჩემს ოთახში პლაკატზე ფოტოს, სადაც ნიუ-იორკის გამოსახულება იყო. ძალიან მიზიდავდა ეს ქვეყანა... მოსამზადებელი პერიოდი ძალიან დატვირთული იყო, ფაქტობრივად სულ 3-4 საათი გვეძინა, მაგრამ იმდენად მიხაროდა იმ რეალობაში ყოფნა, რომ სირთულეები წვრილმანებად მეჩვენებოდა.

ნიუ-იორკში 25 დეკემბერს, შობას მოვხვდი, რაც ორმაგად სასიხარულო იყო, რადგან ამ პერიოდში ნიუ-იორკი განსაკუთრებულად ლამაზი და ჯადოსნურია. ამერიკაში ასევე განსაკუთრებული იყო მომენტი, როდესაც მოვხვდი 5 გოგონას შორის, რომლებიც დავესწარით განახლებული სცენის გახსნას, სადაც "ოსკარის" დაჯილდოება იმართება. ეს მოგზაურობა იყო ყველაზე შთამბეჭდავი, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

მეუღლესთან ერთად

- ირინა შეიკთან თქვენს მსგავსებაზე ბევრი ლაპარაკობდა...

- ირინა შეიკი საერთაშორისოდ ცნობილი და ძალიან პოპულარული დაახლოებით 2011 წლისთვის გახდა. იმ დროს 16 წლის ვიყავი და ნაცნობებმა ამაზე ლაპარაკი მართლა დაიწყეს. მახსოვს, როცა დავგუგლე, ამომიგდო ფოტო, რომელშიც განსაკუთრებულად ვგავდი, რამაც გამაკვირვა... ერთ-ერთი ჩემი ვიზიტის დროს შანხაის მოდის კვირეულზე, ჩემთან მოვიდა გოგონა და ხაზი გაუსვა ჩემსა და ირინას მსგავსებას. მას მერე, რაც მან ჩემთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა სოციალურ ქსელში, დამიკავშირდა სააგენტო, რომელმაც აღმოაჩინა ირინა შეიკი, ნატალია ვოდიანოვა და ბევრი წარმატებული მოდელი, მთხოვა მათთვის გამეგზავნა პორტფოლიო და თანამშრომლობა შემომთავაზეს. ვხვდებოდი, რომ უნდა მიმეღო ან ამ სფეროში დარჩენის და მთელი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილება, ან საქართველოში დავრჩენილიყავი და სწავლა გამეგრძელებინა. არარეალური იყო სწავლისა და ამ საქმიანობის შეთავსება. ჩემი აზრით, მივიღე სწორი გადაწყვეტილება და დავრჩი, გავაგრძელე სწავლა, შევქმენი ოჯახი... ახლა მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე ლევან კინწურაშვილი და საოცარი შვილი... ბავშვის გაჩენა ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო, ძალიან დიდი სიხარული და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ბედნიერი, საინტერესო, ჰარმონიული და უკეთესი ხდება ჩვენი ცხოვრება. ღმერთის მადლიერი ვარ ამ იდილიისა და სიყვარულისთვის.

- პროფესიით ვინ ხართ?

- კონკურსების მიმდინარეობის პარალელურად სამი წელი ვსწავლობდი უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ბევრჯერ მომიწია აკადემიურის აღებამ. ამიტომ, მას მერე, რაც ჩემი თავი კონკურსებში ამოვწურე, პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე. სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. გასულ წელს ამ პროფესიაში მაგისტრის ხარისხიც მოვიპოვე. ამჟამად ვაპირებ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ჩემი პროფესიული და ბიზნესსაქმიანობის განვითარებას.

- მოგზაურობას ხშირად ახერხებთ?

- მე და ჩემს ოჯახს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა და ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა მოვინახულოთ, გავეცნოთ სხვადასხვა კულტურას. მოგზაურობა ხომ ბევრ შთაბეჭდილებასა და კარგ მოგონებებს გვიტოვებს. ნამყოფი ვარ როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკასა და აზიაში. გამოვყოფ ვაშინგტონს, რომელიც ნიუ-იორკისა და ამერიკის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, მონოტონურია. ასევე გამოვარჩევ თანამედროვე ჩინეთს, შანხაის, რომლის ცხოვრებაც დინამიკურია, იქ მოწინავე ტექნოლოგიებისა და მეცნიერული დარგების განვითარება იგრძნობა. ამ ქვეყანაში ყველაზე მორიდებული და თავმდაბალი ხალხი ცხოვრობს. როდესაც ევროპელს ხედავენ, ძალიან უხარიათ და ყველა ცდილობს შენთან ფოტოს გადაღებას, თავი ვარსკვლავი გეგონება.

ევროპული ქვეყნებიდან გამოვყოფ პორტუგალიას. ამ ქვეყანაში პოზიტივი იგრძნობა, ყველა გულითადი და კეთილშობილია, ცდილობენ ნებისმიერ საკითხში დახმარების ხელი გამოგიწოდონ...წაიკითხეეთ სრულად