ავტორი:

ტელეწამყავნ ნოდარ მელაძის ავტომანქანა გაქურდეს - "ეს იყო იმიტირებული ძარცვა და ჩემი, როგორც ჟურნალისტის დაშინების მცდელობა"

ტელეწამყავნ ნოდარ მელაძის ავტომანქანა გაქურდეს - "ეს იყო იმიტირებული ძარცვა და ჩემი, როგორც ჟურნალისტის დაშინების მცდელობა"

წუხელ ღამით, დაახლოებით 3 საათზე კოტე აფხაზის (ლესელიძე) ქუჩაზე "ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ტელეწამყვან ნოდარ მელაძის ავტომანქანა გაქურდეს. "დაშინება ძარცვის იმიტაციით“, - ასე აფასებს ფაქტს ჟურნალისტი, რომლის ინფორმაციითაც მისი ავტომანქანიდან წაღებულია მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათი, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა. როგორც ნოდარ მელაძე ჰყვება, მძარცველს მისი დანარჩენი პირადი ნივთებისთვის ხელი არ უხლია და ადგილზე დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში კრიმინალისტები მუშაობდნენ, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ადგილზე მინიმუმ სამი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და წესით, სამართალდამცველებს დამნაშავის იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეთ.

"ეს იყო იმიტირებული ძარცვა და ჩემი, როგორც ჟურნალისტის დაშინების მცდელობა. ეს რომ ყოფილიყო რიგითი ქურდობა, ამ შემთხვევაში ავტომანქანიდან წაიღებდნენ იმას, რაც ნახეს - ჩემი საათი, ბავშვის საათი, პირადი ნივთები... ყველაფერი მანქანაშია, არაფრისთვის ხელი ნახლები არ არის. წაღებულია მხოლოდ სამსახურებრივი გარე მეხსიერების ბარათი (ვინჩესტერი), რასაც როგორც ჟურნალისტი მასალის გადასაწერ-გადმოსაწერად ვიყენებდი. მძარცველებს ინტერესი ჰქონდათ საბუთების მიმართ, რომლებიც მანქანაში შესანახ ყუთში იდო. ყველაფერი გადმოყრილი დამხვდა, სათითაო ფურცლები ირგვლივ იყო მიმოფანტული, როგორც ჩანს, რაღაც კონკრეტულ საბუთს ეძებდნენ. იქვე, ყუთზე იდო ვინჩესტერი, მეხსიერების ბარათი და ის წაიღეს. ამით გვაჩვენეს, რომ თბილისის შუაგულშიც კი, სადაც ირგვლივ სათვალთვალო კამერებია და პოლიცია მუდმივად მოძრაობს, შენ არ ხარ დაცული. აქამდე თუ ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ, ახლა მოქმედებაზე გადავიდნენ“, - ამბობს ნოდარ მელაძე "ტვ პირველთან".

ambebi.ge დაინტერესდა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობით და შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ სს საქმე 177-ე (ქურდობის) მუხლით აღიძრა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ტვ პირველის“ ინფორმაციით, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზეა დაბარებული და ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.