ავტორი:

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ტკიპა გვიკბენს? - ინფექციონისტის რჩევები

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ტკიპა გვიკბენს? - ინფექციონისტის რჩევები

ზაფხულის დადგომისთანავე ტკიპა, რომელიც არაერთი დაავადების გადამტანია, მრავლდება. პარაზიტის ნაკბენი ისეთ საშიშ დაავადებას იწვევს, როგორიცაა ბორელიოზი. ტკიპები განსაკუთრებით მრავლადაა მაღალი ტენიანობით გამორჩეულ ადგილებში. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც დეტალურად წერს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ტკიპას ნაკბენის დროს.

მაია ბუწაშვილი:

"ბევრი ადამიანი ღელავს მწერის ნაკბენის გამო. ძირითადად, ეს ნერვიულობა უკავშირდება დაავადებას, რომელსაც ქვია ბორელიოზი (ლაიმის დაავადება). კარგია, რომ გაიზარდა ამ საკითხზე ინფორმირებულობა, მაგრამ ხშირად ამ დაავადებასთან დაკავშირებული შფოთვა, გადაჭარბებულია ხოლმე. ხშირად ნებისმიერი მწერის ნაკბენზე ხდება ეჭვის მიტანა ბორელიოზზე და ზოგჯერ არასაჭირო კვლევები და მკურნალობაც კი ტარდება.

ბორელიოზის გადამტანია ტკიპა. ზოგჯერ ეჭვი მიაქვთ ძაღლის ტკიპის კბენის შემთხვევაშიც, თუმცა ძაღლის ტკიპა ბორელიოზის გადამტანი არ არის (ზოგიერთი სხვა ინფექციის გადამტანი შეიძლება იყოს). ძაღლის ტკიპა ზომით ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ბორელიოზის გადამტანი ტკიპები, რომელთა ზომა არაუმეტეს 3 მმ-ია და შავი ფერისაა. ეს ტკიპები ძირითადად ტყიან და მცენარეებით მდიდარ გარემოში გვხვდება, ხოლო ძაღლის ტკიპა არ საჭიროებს ამ პირობებს.

გარეთ, ბუნებაში სეირნობის შემდეგ სასურველია შხაპის მიღება და კანის დათვალიერება, განსაკუთრებით ბავშვის, რომ არ გაგვეპაროს ტკიპის კანში ჩაჯდომის ფაქტი და დროულად მოხდეს მოცილება. ტკიპის მოცილება ხდება პინცეტით, კარგად უნდა მოეჭიდოს კანთან ახლოს და ფრთხილად ამოვიღოთ, შემდეგ კანი და ხელები დავიმუშავოთ სპირტით. ტკიპა არ გავჭყლიტოთ. არ არის საჭირო ტკიპის ამოსაღებად სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა.

ბორელიოზზე ანალიზის გაკეთებას ტკიპის კბენისთანავე აზრი არა აქვს, 2 კვირა მაინც სჭირდება ანტისხეულების გამომუშავებას. ბორელიოზის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს კბენიდან 3-30 დღის განმავლობაში. იშვიათად შეიძლება უსიმპტომოდაც წარიმართოს. ყველაზე ხშირი სიმპტომია ე.წ. მიგრირებადი ერითემა, ანუ კანზე წითელი ლაქა, რომელიც გარშემო ფერმკრთალია და შემდეგ წითელი რკალით არის გარშემორტყმული. შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ადგილას (ანუ არ არის აუცილებელი ნაკბენის ადგილზე).

როგორც წესი, ბორელიის გამონაყარს არ ახასითებს ტკივილი და ქავილი. სხვა შესაძლო სიმპტომებია ცხელება, შემცივნება, კუნთების და სახსრების ტკივილი. არანამკურნალევ შემთხვევებში შესაძლებელია შორეული გართულებები, ძირითადად ნერვული სისტემის მხრივ.

ნებისმიერი მწერის ნებისმიერი ნაკბენი არ საჭიროებს ბორელიოზზე მკურნალობას!"