CNN-მა გამოაქვეყნა დოკუმენტებისა და ფოტოების კრებული, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის "საიდუმლო მატარებლის“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიცავს. დოკუმენტები ლონდონში დაფუძნებულმა რუსულმა საგამოძიებო ჯგუფმა Dossier Center-მა მოიპოვა.
ის ფაქტი, რომ პუტინი მატარებლით სარგებლობს, ცნობილია. თავად კრემლმა გამოაქვეყნა ბორტზე გამართული შეხვედრების სურათები, თუმცა, მატარებლის 20-კაციანი ვაგონის შინაარსი მკაცრად დაცული სახელმწიფო საიდუმლო იყო.
მატარებლის შესაქმნელად მუშაობა 2014 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა - ღირებულება 60 მილიონი ფუნტი სტერლინგია. 2021 წლიდან მას პრეზიდენტი რეგულარულად იყენებს.
მატარებლის ამოცნობა შეუძლებელია, რადგან გარედან ჩვეულებრივად გამოიყურება. შიგნით კი ყველაფერი განსხვავებულია: მოპირკეთებული აბაზანა, თურქული ორთქლის აბანოთი და შხაპით, რომლის ღირებულება 3,75 მილიონი ფუნტია, ასევე სპორტული დარბაზი, კინოთეატრი, საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, კოსმეტოლოგიური სალონი და სპა. ფუფუნების საგნებს შორისაა გიგანტური Panasonic ტელევიზორი, DVD და VHS პლეერები. მატარებელს გამოყოფილი აქვს უსაფრთხო სატელეფონო ხაზიც.
ერთი შეხედვით ნორმალური მატარებლის გარე ჯავშანი III+ დონეა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია გაუძლოს AK-47 - "კალაშნიკოვისა" და SVD სნაიპერული შაშხანის სროლას. ვაგონებს ასევე აქვთ სპეციალური ხვრელები, რათა თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო ცეცხლი გახსნან.
ზოგიერთ ოთახს ხმის საიზოლაციო კედელი აქვს. მატარებელს ასევე გააჩნია ე.წ. "ჯანმრთელობის ვაგონი“, რომელიც ყველა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს. ამ ვაგონის არსებობა კიდევ უფრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პუტინს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
ჭორები პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ თვეების განმავლობაში ტრიალებდა და ეს თემა დასავლური დაზვერვის წრეებში სპეკულაციის წყაროდ რჩება. პენტაგონის დოკუმენტების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ქიმიოთერაპიის კურსსაც გადიოდა.
გასულ ნოემბერს The Sun Online-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პუტინს როგორც პანკრეასის კიბო, ასევე ადრეული სტადიის პარკინსონის დაავადება აქვს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, პუტინი თვითმფრინავით მგზავრობას თავს ერთი მიზეზით არიდებს - ეშინია, რომ ჩამოაგდებენ, მატარებელში კი ამისგან დაცულად გრძნობს თავს. ეს კი მის პარანოიას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.
ინფორმაციის გაჟონვის მიუხედავად, კრემლი მატარებლის არსებობას დღემდე უარყოფს. მათი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტის საკუთრებაში მსგავსი არაფერია.