ავტორი:

მშვენიერი ელენე და სიყვარულის ახსნა საჯაროდ - ვინ არის საქართველოს ეროვნული ნაკრების დარაჯის რჩეული?

მშვენიერი ელენე და სიყვარულის ახსნა საჯაროდ - ვინ არის საქართველოს ეროვნული ნაკრების დარაჯის რჩეული?

გუშინ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა საყვარელ ქალს ხელი საჯაროდ სთხოვა. ვიდეო 22 წლის სპორტსმენმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში, რომელშიც ხელის თხოვნაა გადაღებული, ჩანს, რომ გოგონა მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კაფეშია, სადაც მოულოდნელად მამარდაშვილი შედის, ქალს ყვავილების თაიგულს მიართმევს და შემდეგ ცოლობას სთხოვს.

ფეხბურთელის ჟღალთმიანი რჩეული ელენე ეპიტაშვილია. გოგონა "აისიმოდელის“ მოდელია, რომელიც ორი წლის წინ, ნოდიკო ტატიშვილმა თავის კლიპში გადაიღო.

"ელენე ძალიან ლამაზი და არტისტულია. დაიმახსოვრეთ ეს გოგო! ვფიქრობ, ახალი და საინტერესო სახე იქნება ჩვენს შოუბიზნესში. ზუსტად ის ტიპაჟია, რაც რეჟისორს უნდოდა“, - ამბობდა იმხანად ნოდიკო, რომელმაც ელენე კასტინგზე ასი გოგონადან ამოარჩია.

წყვილი დიდი ხანია შეყვარებულია, ელენეს "ინსტაგრამზე" იძებნება იანვარში გამოქვეყნებული ფოტოები, რომელშიც, გოგონა გიორგისთან ერთად ვალენსიაშია გადაღებული.

"მიყვარხარ!" - წერს ერთ-ერთი ფოტოს კომენტარში "მამარდა".

გასულ კვირას, სტატისტიკური კომპანია CIES Football Observatory 25-წლამდე საუკეთესო მეკარეების განახლებული სია გაავრცელა, რომლის საუკეთესო 5-ეულში "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.

ნაკრებში ჩატარებული მატჩებით მამარდაშვილს კოეფიციენტი მოემატა, 67.0 გაუხდა და საუკეთესო ხუთეულში შევიდა. სიაში ქართველი მეკარე მხოლოდ ჯანლუიჯი დონარუმას, ბენტკო კრეპსკის და დიეგო კოშტას ჩამორჩება.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის პოტენციურ სატრანსფერო სამიზნედ გიორგი მამარდაშვილიც მონიშნა. გადავა თუ არა გერმანიაში ქართველი სპორტსმენი, ამას დრო გვიჩვენებს.

რაც შეეხება შეყვარებულ წყვილს, როდის გაიმართება ქორწილი, ჯერჯერობით უცნობია.

ქართული მედია ივლისში ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს ელოდება.