ავტორი:

"ჯერ სიტყვით ცდილობდნენ მეუფე შიოს მოკვლას და შემდეგ საქმით... საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, თუ ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას" - პაპუაშვილი

"ჯერ სიტყვით ცდილობდნენ მეუფე შიოს მოკვლას და შემდეგ საქმით... საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, თუ ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას" - პაპუაშვილი

მეუფე შიოს მოწამვლა თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტი იქნება. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და არა დადასტურებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს ხედავდა და ახლა, როგორც ჩანს, ვიღაცას საქმეზე უნდოდა გადასულიყო.

"მეუფე შიოს მოწამვლა, თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტია. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ეჭვები და დადასტურებული არ არის. შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას ახლა უნდოდა საქმეზე გადასულიყო. აი, ეს არის ის "ბოლშევიკური“ მეთოდები, რომელიც ისტორიულად ხოლმე საქართველოში გამოყენებული იყო - ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ დადასტურდება, რომ რაიმე განზრახი ქმედება იყო, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ ესხმოდა თავს მეუფე შიოს, პაპუაშვილი ამბობს, რომ "საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, თუ ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე.“

"არ დავაკონკრეტებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, თუ ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიაქვს შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე. ეს ჩვენს ისტორიაში პირველად არ ხდება, ყველამ გადახედოს თავის ისტორიას. ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს საპატრიარქომ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარი გააკეთა.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, "რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მისივე თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ.