ავტორი:

100 მილიონი საყვარელ ქალს და 30 მილიონი საუკეთესო მეგობარს - სილვიო ბერლუსკონის ანდერძი: როგორ გადაანაწილა მან მილიარდები?

100 მილიონი საყვარელ ქალს და 30 მილიონი საუკეთესო მეგობარს - სილვიო ბერლუსკონის ანდერძი: როგორ გადაანაწილა მან მილიარდები?

იტალიელმა მაგნატმა, სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც ერთი თვის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, ცოლს, 33 წლის მარტა ფასჩინას 100 მილიონი ევრო უანდერძა. ბერლუსკონის ქონება საერთო ჯამში 6-მილიარდს აჭარბებს.

იტალიის სამგზის პრემიერ მინისტრმა ქონება ხუთ შვილზე გადაანაწილა, თუმცა საოჯახო კომპანია Fininvest-ი მხოლოდ უფროს შვილებს გადასცა, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ქონებიდან წილი ხვდა სილვიოს ძმას, პაოლოსაც - ანდერძის მიხედვით, ის 100-მილიონ ევროს მიიღებს.

ბერლუსკონიმ პოლიტიკოსი მეგობრებიც არ დაივიწყა და ყოფილ სენატორს, მარჩელო დელ'უტრის, 30 მილიონი ევრო დაუტოვა. "ჩვენი ღრმა მეგობრობის მიუხედავად, ამას საერთოდ არ ველოდი. გაოგნებული ვარ, ეს ისეთი რამ არაა, რაც ყოველდღე ხდება", - ამბობს ყოფილი სენატორი.

ბერლუსკონის შვილები: მარინა, პიერ სილვიო, ბარბარა, ელეონორა და ლუიჯი ბერლუსკონი.

სილვიო ბერლუსკონიმ 33 წლის ფასჩინასთან ურთიერთობა 2020 წელს დაიწყო. წყვილმა 2022 წელს ქორწინების ცერემონიაც გამართა.

როგორც ირკვევა, ბერლუსკონიმ ანდერძი გასული წლის 2 ოქტომბერს დაწერა.

"კომპანიის აქციების თანაბარ წილს ვუტოვებ ჩემს შვილებს, მარინას და პიერ სილვიოს. რაც შეეხება დანარჩენ ქონებას - მას თანაბრად ვუყოფ ჩემს ხუთ შვილს, მარინას, პიერ სილვიოს, ბარბარას, ელეონორას და ლუიჯის. დიდი მადლობა, სიყვარულით, მამა", - წერს ანდერძში ბერლუსკონი.

სილვიო ბერლუსკონის საკუთრება იყო საფეხბურთო კლუბი Monza, სხვადასხვა უძრავი ქონება, იახტები და ძვირადღირებული ფერწერული ნამუშევრები, მაგრამ მათ შორის მთავარი აქტივი Mediaset-ია, რომელიც იტალიის უდიდესი მაუწყებელია. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი პოლიტიკოსის ოჯახი ვილა სან მარტინოს, ბერლუსკონის მთავარი რეზიდენციის მუზეუმად გადაკეთებას გეგმავს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ის ბიზნეს და პოლიტიკურ შეხვედრებს მასპინძლობდა და ცნობილ წვეულებებს მართავდა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა