იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომელი ვირუსები და ინფექციებია ზაფხულში გავრცელებული.
როგორც ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, გაზაფხულის და ზაფხულის სეზონი სამი ვირუსის სიჭარბით ხასიათდება, კერძოდ, ეს არის რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ადენოვირუსი.
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ლარინგოტრაქეიტი ხველით და ხმის ტემბრის ცვლილებით მიმდინარეობს, ადენოვირუსმა კი შესაძლოა, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან ნაწლავთა მოქმედების გახშირება. რაც შეეხება რინოვირუსს, ის გაციებით მიმდინარე დაავადებაა.
"ზოგადად, გაზაფხულის და ზაფხულის სეზონი სამი ვირუსის სიჭარბით ხასიათდება, ეს არის რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ადენოვირუსი. თუ გადავხედავთ ბოლო 3 კვირის სტატისტიკას, ივნისის თვესა და ივლისის პირველ კვირას, აქ ნათლად ჩანს ამ ვირუსების სიჭარბე. თუ პროცენტულ განაწილებას შევხედავთ, 24-ე კალენდარულ კვირას, რინოვირუსის 27% გვქონდა, პარაგრიპის 22%, ყველაზე მეტი კი ადენოვირუსის შემთხვევები გვქონდა - 29%. მთლიანობაში, ამ სამ ვირუსზე მოდის შემთხვევების თითქმის ¾. შემდეგ, 25-ე კვირაშიც ამ სამი ვირუსის სიჭარბე გვქონდა. რინოვირუსი და პარაგრიპის ვირუსი გამორჩეული იყო, პარაგრიპის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი იყო - 34%. ეს იმას ნიშნავს, რომ შემთხვევათა 1/3 პარაგრიპით იყო გამოწვეული. პარაგრიპის უკან ლარინგოტრაქეიტი დგას, რომელიც ხველით და ხმის ტემბრის ცვლილებით მიმდინარეობს. ზოგადად, ამ ვირუსისთვის დამახასიათებელია უფრო მეტი სიჭარბე ზამთრის განმავლობაში, თუმცა წელს, პარაგრიპის მომატებული აქტიურობა დაფიქსირდა ივნისის პერიოდში. ბოლო, 26-ე კვირაშიც სამი ვირუსის სიჭარბე გვქონდა, უპირატესია ადენოვირუსი. ადენოვირუსს განასხვავებს ის, რომ მან შეიძლება ფილტვების ანთება გამოიწვიოს, კონიუქტივიტი, ნაწლავთა მოქმედების გახშირება.
ეს ამ სეზონისთვის ჩვეული ვირუსია. მინდა აღვნიშნო კორონავირუსიც. თუ ჩვენ გადავხედავთ ბოლო 2 თვის სტატისტიკას, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ეს არ არის ბევრი, პროცენტულად თუ შევხედავთ, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 5% იყო სულ. ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსი მუდმივი თანამგზავრი გახდა. თუ შევაჯამებთ სეზონის თავისებურებას, კორონავირუსის შემთხვევები ერთეულია, ასევე, უფრო მეტად სჭარბობს ის ვირუსები, რომლებიც მსუბუქად მიმდინარე დაავადებებს იწვევენ, ეს არის რინოვირუსი, პარაგრიპი და ადენოვირუსი. როდესაც ვსაუბრობთ მსუბუქად მიმდინარეობაზე, ძირითადი აქცენტი გვაქვს, სჭირდება, თუ არა ბავშვებს საავადმყოფოში მოთავსება. კლინიკაში მოთავსებისთვის მთავარი ფაქტორია ფილტვების ანთება, საბედნიეროდ, ამ ვირუსებისთვის მძიმე ფილტვების ანთება არ არის დამახასიათებელი, იშვიათად გვხვდება. ზაფხულის განმავლობაში, ორი უფრო საშიში ვირუსის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის და გრიპის ერთეული შემთხვევა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში, გაციების მსგავსი დაავადების მიმდინარეობა მსუბუქია. ბავშვებს ნაკლებად სჭირდებათ საავადმყოფოებში მოთავსება“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ამასთან მან, ზაფხულის პერიოდში ბავშვების ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ ბავშვის წონის მაჩვენებელზე სერიოზული გავლენა მოახდინა, შესაბამისად, ენდოკრინოლოგებთან მიმართვიანობაც გაიზარდა, ამიტომ, ივანე ჩხაიძე მოუწოდებს მშობლებს, ბავშვები ზაფხულში ფიზიკურად მეტად აქტიურები იყვნენ.
"ძირითადი რეკომენდაციაა ის, რომ ეცადეთ, ბავშვები ფიზიკურად იყვნენ აქტიურები. მეტად დაკავდნენ სპორტული თამაშებით. სკოლის ასაკის ბავშვებში მინიმუმ ნახევარსაათიანი ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. მოზრდილ ასაკში 1-საათიანი ხანგრძლივობაა სასურველი, რათა ის ბალანსი შევინარჩუნოთ, რაც დარღვეული იყო პანდემიის დროს. ბავშვები ნაკლებს მოძრაობდნენ და ბევრ საკვებს იღებდნენ, ვგულისხმობ, წასახემსებელ საკვებს. ნაკლებმა მოძრაობამ განაპირობა წონის მატება. ჩვენ მართლაც ძალიან ბევრი მიმართვიანობა გვაქვს ენდოკრინოლოგებთან, ვინაიდან პანდემიამ ბავშვის წონის მაჩვენებელზე სერიოზული გავლენა მოახდინა“, - აღნიშნა ვანო ჩხაიძემ.