"კომედი შოუს" მსახიობი ქეთი ხუციშვილი, რომელიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა პოპულარული, ცხოვრებაში ძალიან მოკრძალებულია. არ უყვარს ეპატაჟურობა, არც ბრენდებსა და მდიდარ სამოსზეა შეყვარებული.
ცხოვრებაში ბევრი ეტაპი გაიარა, სირთულეების დაძლევაც მოუწია. ქეთი ჟურნალ "სარკესთან" ამბობს, რომ ყველა იმ გაჭირვების მერე, რაც გამოიარა, პოპულარობა ნამდვილად ბედის საჩუქარი იყო.
- როცა გადავხედავ განვლილ წლებს, ვხვდები, რამდენი ეტაპი გავიარე, რამდენი რამ ვნახე და გადავიტანე, რომ დღეს ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ვარ. პირველი, რაც მახსენდება, ეს არის ჩემი მშობლები, რომლებიც ზომიერებას გვაჩვევდნენ. ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა, ზოგჯერ ფულსაც გვაშველიდნენ, წაგვახალისებდნენ ხოლმე. მაინც რაღაცის ნაკლოვანება ყოველთვის გვქონდა.
უნივერსიტეტის დროს სტიპენდიები არსებობდა, მაგრამ ისე კარგად არ ვსწავლობდი, რომ სტიპენდია მიმეღო. თან დაუსწრებელზე ჩავაბარე, პარალელურად ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროში, იქ ხელფასი უმცირესი იყო, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- ოჯახი ადრე შექმენით, ეს ხომ არ იყო მიზეზი, რომ ადრე განქორწინდით?
- ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ოჯახის შექმნა ნაადრევი იყო. ბავშვის დაბადებამ ძალიან შემცვალა. შვილის მოვლა, საკვები, ყველაფერს მე ვუძღვებოდი.
- მარტოხელა დედობა ძნელი იყო?
- ჩემი მშობლები რომ არა, მართლა ძნელი იქნებოდა. ჩემი ყოფილი მეუღლე არასდროს დამივალდებულებია, დამხმარებოდა. დავამთავრე ურთიერთობა მასთან და არაფრის პრეტენზია არ მქონდა.
- როცა თბილისში შვილთან დაიწყეთ ცხოვრება მარტომ, ამ ეტაპს როგორ გაუმკლავდით?
- როცა ვფიქრობდი, რომ დადგებოდა დრო და მარტო დავიწყებდი ცხოვრებას, ცოტა არ იყოს მეშინოდა, არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა, მაგრამ დადგა ეს მომენტი და შევძელი. დღეს სამსახური და გარკვეული შემოსავალი მაქვს, მაგრამ ყველაფრისთვის მაინც არ მყოფნის, გიორგისაც აქვს სამსახური, ხან - არა. ვცდილობთ ვიცხოვროთ ისე, რისი საშუალებაც გვაქვს.
- პოპულარობა მუდმივად მოითხოვს ფორმაში ყოფნას, გარდერობის განახლებას, სილამაზის სალონებში წასვლას. ეს ყველაფერი შედის თქვენი ცხოვრების წესში?
- ვერ ვინებივრებ თავს ისე, რომ მაღაზიების ხშირი სტუმარი ვიყო და ვიშოპინგო, სილამაზის სალონებში ვიარო. ძალიან ჩვეულებრივად ვიცვამ. ძვირადღირებული ბრენდების საშუალება არ მაქვს და არც სურვილი. იმდენი პრობლემაა ოჯახში მოსაგვარებელი, ელემენტარულით ვკმაყოფილდები, მთავარია კოხტად გამოვიყურებოდე. ყოფილა შემთხვევა, მოუწერიათ "ფეისბუქზე" და უთხოვიათ დახმარება. მე მართლა არ მაქვს ისეთი შემოსავალი, რომ ყველა მთხოვნელს გავწვდე.
- საოჯახო ბიუჯეტს როგორ ანაწილებთ?
- როგორც არ უნდა ვეცადო, ძალიან მიჭირს, თვიდან თვემდე რომ მეყოს შემოსავალი. არც მფლანგველი ვარ, არც გასართობ ადგილებზე სიარულში ვხარჯავ დროს, მაგრამ ისეთი სისწრაფით ძვირდება ყველაფერი, ვერ ვეწევი, ამიტომ სულ ეკონომიის გაკეთება მიწევს, რომ თავი გავიტანოთ. ჩემით არაფერს ვყიდულობ, თუ რამე მაქვს - საყურე, სამაჯური, სამკაული, ჩემი დის ნაჩუქარია. საფულეც კი მან მაჩუქა.