ავტორი:

პუტინი პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ, სი ძინპინს და მსოფლიოს სხვა ლიდერებს პირველად შეხვდება - რუსი დიქტატორი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ვირტუალურ სამიტს დაესწრება

პუტინი პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ, სი ძინპინს და მსოფლიოს სხვა ლიდერებს პირველად შეხვდება - რუსი დიქტატორი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ვირტუალურ სამიტს დაესწრება

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი სამშაბათს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ვირტუალურ სამიტს დაესწრება.

SCO 2001 წლის 15 ივნისს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ლიდერების მიერ დაარსდა. 2017 წლის 9 ივნისს ინდოეთი და პაკისტანი მისი სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

ჯგუფი აქამდე ყურადღებას ამახვილებდა უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ტერორიზმთან და ნარკოტრეფიკთან ბრძოლაზე, კლიმატის ცვლილებისა და ავღანეთში არსებული ვითარების დაძლევაზე.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინი ფორუმს ძალაუფლების წარმოსაჩენად გამოიყენებს და შეეცდება პარტნიორები დაარწმუნოს, რომ პრიგოჟინის ხანმოკლე აჯანყების შემდეგ, ქვეყანას ისევ წარმატებით აკონტროლებს.

ცნობისთვის, "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მას შემდეგ აჯანყდა, რაც, მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა "ვაგნერის" ნაწილები დაბომბეს. ის "ვაგნერის" მებრძოლებთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა და ამბობდა, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და ვალერი გერასიმოვი უნდა ჩამოეგდო. როცა უკვე მოსკოვს მიუახლოვდა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ უშუალოდ მისი ჩართულობით პრიგოჟინთან მოლაპრაკება წარმატებით დასრულდა. განცხადება გაავრცელა პრიგოჟინმაც და ამბობდა, რომ მოსკოვისკენ სვლას წყვეტდა. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ ის და "ვაგნერის" ნაწილი ბელარუსში გადავიდა.