"დინამო არენაზე", 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. მატჩის, როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების წევრებმა გაგუამ და ხვადაგიანმა ვერ შეძლეს გატანა და საქართველოს ნაკრები ტიტულისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ასეთი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა უმცროსი "ჯვაროსნები" მოედანზე:
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, გაგნიძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წიტაიშვილი, აზაროვი, გაგუა.
პირველი ტაიმი ისრაელელთა უპირატესობით დაიწყო. მათ პირველივე წუთებზე ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, თუმცა ეს ვერ გამოიყენეს. მე-15 წუთიდან ქართველებმა თამაშის დაწყნარება შეძლეს, ნელ-ნელა შეტევაშიც გადავიდნენ. მე-19 წუთზე ზურიკო დავითაშვილის დრიბლინგის შემდეგ მეტოქის კარში გოლი გავიდა, თუმცა ეს არ ჩაითვალა. მსაჯის გადაწყვეტილებით, ბურთმა მოედანი დატოვა. შემდგომ ორმხრივი შეტევებით წარიმართა ტაიმი, თუმცა ორივე გუნდი ძალიან ფრთხილობდა. მე-40 წუთზე "ჯვაროსნებს" ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ მექვაბიშვილის დარტყმული მცველმა კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა.
მეორე ტაიმი ისევ ისრაელელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა თამაში მალევე გათანაბრდა. როგორც ერთი, ისე მეორე გუნდი სიფრთხილით ცდილობდა შეტევაზე გადასვლას. საბოლოოდ თამაში ნულოვანი ფრით დასრულდა.
დამატებითი ტაიმები ქართვლების სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლის გატანა ჩვენებურება ვერ შეძელს.
მოგეხსნებათ, 21 ივნისს გახსნა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის მასპინძელიც, რუმინეთთან ერთად საქართველოც არის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები სწორედ მასპინძლისთვის მინიჭებული პრივილეგიის წყალობით მოხვდა ჩემპიონატზე, თუმცა პირველივე თამაშში გამოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელები დამსახურებულად ასპარეზობენ ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე. ქართველები ერთ-ერთ ურთულეს A ჯგუფში მოხვდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ: ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია. სწორედ პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველო პირველ ტურში და ანგარიშით 2:0 სძლია. მეორე ტურში ბელგიასთან პირველი ტაიმის 0:2 წაგების შემდეგ, ჩვენებურებმა მეორე ტაიმში მატჩის ბედის შემობრუნება შეძლეს და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირეს. ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში საქართველომ ნიდერლანდებთან ფრედ 1:1 ითამაშა და ჯგუფიდან 5 ქულით და პირველი ადგილით გავიდა.
აღსანიშნავია, რომ მაყურებელთა დასწრების რეკორდი ქართველებმა ამ მატჩზეც მოხსნეს. საქართველო-ისრაელის თამაშს 44 338 ადამიანი დაესწრო.
მიუხედავად ამ დასანანი მარცხისა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ბიჭებმა მართლაც სასწაული მოახდინეს და ისტორიული შედეგი დადეს, სიკვდილის ჯგუფიდან გასვლითა და მეოთხედფინალში თამაშით.
იხილეთ ასევე: