ავტორი:

საქართველო - ისრაელი: ისტორიული მატჩის პირველი ტაიმი დასრულებულია - თანაბარი ბრძოლა და ნულოვანი ფრე

საქართველო - ისრაელი: ისტორიული მატჩის პირველი ტაიმი დასრულებულია - თანაბარი ბრძოლა და ნულოვანი ფრე

"დინამო არენაზე" ისტორიული მატჩი მიმდინარეობს - 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ დუელში საქართველო ისრაელს უპირისპირდება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია: 0:0.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ასეთი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა უმცროსი "ჯვაროსნები" მოედანზე:

  • მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, გაგნიძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წიტაიშვილი, აზაროვი, გაგუა.

"რთულ თამაშს ველოდებით, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია და სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია. პატივს ვცემთ ისრაელის ნაკრებს, მათი ასაკობრივი ნაკრებების პროგრესი განსაკუთრებით აღსანიშნავია. ვეცდებით, გულშემატკივრები გავახაროთ და შევინარჩუნოთ ის სულისკვეთება, რაც წინა მატჩებში გვქონდა.

მეოთხედფინალში შემთხვევით ვერავინ ხვდება. ჩვენი მეტოქის გუნდურობა აღსანიშნავია. მათთან ამხანაგურ მატჩში დავმარცხდით, თუმცა ახლა აბსოლუტურად განსხვავებული მატჩი იქნება. შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ვეცდებით, საკუთარი კოზირები გამოვიყენოთ", - განაცხდა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე რამაზ სვანაძემ.

თამაში ისრაელელთა უპირატესობით დაიწყო და პირველივე წუთებზე ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, თუმცა ეს ვერ გამოიყენეს. მე- 15 წუთიდან ქართველებმა თამაშის დაწყნარება შეძლეს, ნელ-ნელა შეტევაშიც გადავიდნენ. მე-19 წუთზე ზურიკო დავითაშვილის დრიბლინგის შემდეგ მეტოქის კარში გოლი გავიდა, თუმცა ეს არ ჩაითვალა. მსაჯის გადაწყვეტილებით, ბურთმა მოედანი დატოვა. შემდგომ ორმხრივი შეტევებით წარიმართა ტაიმი, თუმცა ორივე გუნდი ძალიან ფრთხილობდა. მე-40 წუთზე "ჯვაროსნებს" ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ მექვაბიშვილის დარტყმული მცველმა კუთხურზე მოიგერია.

მოგეხსნებათ, 21 ივნისს გახსნა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის მასპინძელიც, რუმინეთთან ერთად საქართველოც არის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები სწორედ მასპინძლისთვის მინიჭებული პრივილეგიის წყალობით მოხვდა ჩემპიონატზე, თუმცა პირველივე თამაშში გამოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელები დამსახურებულად ასპარეზობენ ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე. ქართველები ერთ-ერთ ურთულეს A ჯგუფში მოხვდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ: ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია. სწორედ პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველო პირველ ტურში და ანგარიშით 2:0 სძლია. მეორე ტურში ბელგიასთან პირველი ტაიმის 0:2 წაგების შემდეგ, ჩვენებურებმა მეორე ტაიმში მატჩის ბედის შემობრუნება შეძლეს და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირეს. ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში საქართველომ ნიდერლანდებთან ფრედ 1:1 ითამაშა და ჯგუფიდან 5 ქულით და პირველი ადგილით გავიდა.

იხილეთ ასევე: