ავტორი:

რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი "ვაგნერის" საიდუმლო, VIP წევრი იყო - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი

რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი "ვაგნერის" საიდუმლო, VIP წევრი იყო - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი

საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ საიდუმლო, VIP წევრი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

  • ეჭვები სუროვიკინსა და "ვაგნერს" შორის სავარაუდო კავშირის შესახებ აქამდეც არსებობდა. აშშ-ის დაზვერვის წყაროების ინფორმაციით, სუროვიკინმა წინასწარ იცოდა პრიგოჟინის ამბოხების შესახებ. ასევე, ირკვევა, რომ სულ მცირე 30 რუსი სამხედრო და დაზვერვის ჩინოვნიკი "ვაგნერის" წევრები იყვნენ

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სუროვიკინის დაკავების შესახებ, თუმცა მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გენერალი არ დაუპატიმრებიათ, ის დაკითხეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მას შემდეგ აჯანყდა, რაც, მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა "ვაგნერის" ნაწილები დაბომბეს. ის "ვაგნერის" მებრძოლებთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა და ამბობდა, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და ვალერი გერასიმოვი უნდა შეეპყრო. როცა უკვე მოსკოვს მიუახლოვდა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ უშუალოდ მისი ჩართულობით პრიგოჟინთან მოლაპრაკება წარმატებით დასრულდა. განცხადება გაავრცელა პრიგოჟინმაც და ამბობდა, რომ მოსკოვისკენ სვლას წყვეტდა.

მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ვაგნერელებს" მიმართა და თქვა, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვის ძალებში ჩაეწერონ, ან ბელარუსში წავიდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე კი საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთში "ვაგნერის" მიღების ცენტრებმა განაახლეს ჯარისკაცების მიღება.

რაც შეეხება გენერალ სუროვიკინს, ის 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე უკრაინაში რუსეთის ძალებს მეთაურობდა.