AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ხალხის მიერ თაღლითობაში დადანაშაულებული ელისო ცუცქირიძე წუხელ სამართალდამცავებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას ძალოვნები დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას ედავებიან.
მოგეხსენებათ, ე.წ. მაკლერების ჯგუფის მოქმედების სქემაზე უკვე დიდი ხანია სოციალურ ქსელში უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა და ელისო ცუცქირიძის სახელი ბევრისთვის კარგად ნაცნობია. ყიდვა-გაყიდვის და სხვადასხვა ჯგუფებში დაზარალებული ადამიანები ელისო ცუცქირიძესთან ერთად პირდაპირ ამხელენ მის ქალიშვილს ნათია ცუცქირიძეს და მზია ბარკალაიას. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, არ ენდონ თაღლით მაკლერებს და მათ მსგავსად არ დაზარალდნენ.
ელისო ცუცქირიძის სქემა:
ჩვენ თითქმის ორი კვირა ვმუშაობდით, რომ ამ საქმეზე მასალა მოგვემზადებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროის განმავლობაში გვეუბნეოდნენ, რომ აქტიურად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ბუნებრივია ელისო ცუცქირიძეს და მზია ბარკალაიასაც დავუკავშირდით, რომლებიც დაგვემუქრნენ, რომ თუ მასალას დავწერდით "პასუხის გვაგებინებდნენ". რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რამდენიმე დღის წინ დაზარალებულები დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის შენობასთანაც შეიკრიბნენ და მოითხოვეს დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა, დღეს, მისი დაკავების შემდეგ დაზარალებულები კიდევ ერთხელ მივლენ პოლიციასთან, რადგან მათი ინფორმაციით, ცუცქირიძის დაკავება სხვა საქმეს უკავშირდება და ისინი მოითხოვენ დამატებით ამ საქმეებზეც წაეყენოს მას და მის სხვა თანამზრახველებს ბრალდება.
ელისო ცუცქირიძის სქემას დღეს უამრავი დაზარალებული ჰყავს, ის პირები, რომელთაც ბინის დაგირავება სურდათ და ძლივს შეაკოწიწეს ამისთვის თანხები და ასევე უძრავი ქონების მეპატრონეები, რომლებიც ბინებს აქირავებენ და რომელთათვის ეს შემოსავლის წყაროა. ისინი საკუთარი ბინიდან მდგმურებს ვერ ასახლებენ იმის გამო, რომ ბინაში მაცხოვრებლები თაღლითის მსხვერპლები არიან. ბინის მესაკუთრეებს პოლიციელები ეუბნებიან, რომ ბინიდან ვერავის გაასახლებენ, ბინაში თუ შევლენ, უკანონოდ შეჭრის გამო თავად მეპატრონეს დაიჭერენ. ბინის მეპატრონეები პოლიციასა და სააღსრულებო ბიუროში დარბიან იმ იმედით, რომ ძალოვნებთან სამართალს იპოვიან, მაგრამ იქიდანაც იმედგაცრუებულები გამოდიან.
ნინო ოსაძე, დაზარალებული:
- 2018 წელს აღმოვჩნდი ელისო ცუცქირიძესთან, ჩემი თანამშრომლის შვილს ჰქონდა ამ სქემით ბინა დაგირავებული და მან დამაკავშირა. თავდაპირველად ელისოს 7500 დოლარი მივეცი, ნატანების მიწა ჩამიდო და ნოტარიალურად გავაფორმე ხელშეკრულება. არც ის მიწა მინახავს, რატომღაც სიტყვაზე ვენდე. ფოთის ქუჩაზე ჰქონდა მაშინ ოფისი. შევედი ბინაში და დიდხანს ბინის მეპატრონესაც არ ვიცნობდი, რადგან იხდიდა ქირას, მერე ელისომ ფულის დამატება მომთხოვა, თუ ვადის გაგრძელება გინდა, ფული უნდა დაამატოო. ვუთხარი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და არ მქონდა შანსი თანხა დამემატებინა. ამბობდა, რომ თანხა ცოტა იყო და მაშინ მიწის ნაკვეთი გავყოთ შუაზე და ნახევარს გაგიფორმებო, ამაზეც დავთანხდი... 2022 წლის მარტიდან დაიწყო პრობლემები, ქირას აღარ იხდიდა. თქვენ სასაცილო თანხაში ხართ, "სემიჩკის" ფულია ჩემთვის 7500 დოლარი და თუ არ დამიმატებთ თანხას, ბინა დამიცალეთო. ფსიქოლოგიურად ისე მოგვიდგა, რომ სხვა გზა არ დამიტოვა, მიწის ნაკვეთი დამიბრუნე და გადადი სესხის ხელშეკრულებაზეო, არანაირი საშუალება არ მქონდა, რომ თანხა დამატებით მიმეცა და დავთანხმდი ნაკვეთის დაბრუნებას. მე არ ვიცოდი, რომ სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში ჩემს თანხას ვერ დავიბრუნებდი. ის ნაკვეთიც, რაც ჩადებული იყო, ძალიან მცირე თანხა ღირდა, მაგრამ ის მიზერული თანხაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ახლა გამოდის, რომ საერთოდ არაფერი აღარ მაქვს.
გადავედი სესხის ხელშეკრულებაზე, ნაკვეთი დავუბრუნე და მას შემდეგ ბინის მეპატრონემ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დამიწყო რეკვა, მითხრა, რომ ქირას არ იხდიდა ელისო და ბინა ან უნდა დამეცალა, ან მე უნდა გადამეხადა ეს თანხა. რომ მივაკითხე ოფისში, მითხრა, არ მაწყობს ამის გადახდა, თუ გინდა ფული დამიმატე, თუ არადა, არ გადავიხდიო. წასასვლელი არსად მქონდა და უფრო დიდი სისულელე გავაკეთე, ბანკიდან პროცენტიანი ფული ავიღე და შარშან აგვისტოში კიდევ 4500 დოლარი დავუმატე, წელიწადიც არ არის მას მერე გასული. თქვენ არ იცით, ფსიქოლოგიურად როგორ მუშაობს ეს ქალი, მგონი ჰიპნოზს გიკეთებს. ყველაზე დიდი შეცდომა მაქვს დაშვებული, რომ დავუმატე 4500. გამაბრიყვა. მხოლოდ ერთი თვის ქირა მისცა ბინის მეპატრონეს და აგვისტოდან იანვრამდე არაფერი ჰქონდა ჩარიცხული. იანვარში დიდი ჩხუბების და მუქარის შემდეგ 350 დოლარი ერთხელ ჩარიცხა და მორჩა.
პარალელურად ბინის მეპატრონესთან ერთწლიანი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ქირავნობაზე. იმ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 9 აპრილს, ვერც მან მიიღო თავისი კუთვნილი თანხა და ვერც - მე. მაინცდამაინც პოლიციას ხომ არ მოვიყვანდი, რადგან წასასვლელი არ მაქვს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მე დავიწყე 900 ლარის გადახდა და იძულებული ვარ ეს თანხა ვიხადო. რამდენი ხანია ვთხოვ, თუ გინდა ნაწილ ნაწილ მომეცი-მეთქი, მაგრამ არაფერს მაძლევს. 23 მაისს დაბადების დღე მქონდა, იმ დღეს ვუთხარი, თანხა ჩამირიცხე-მეთქი და ერთჯერადად ჩამირიცხა 500 დოლარი და მორჩა. საბოლოოდ 11 500 დოლარი აქვს ჩემი ვალი. სესხის ხელშეკრულებაში ოფიციალურად მიწერია 32 580 ლარი რომ აქვს ჩემი ვალი, მაგრამ არ მიბრუნებს. მარტოხელა დედა ვარ, რაც კი დანაზოგი მქონდა, ყველაფერი ამ ქალმა წაიღო და დავრჩით მე და ჩემი შვილი ქუჩაში.
ანა ნინო ოსაძის ქალიშვილია. ის ამბობს, რომ მის ხელში ბევრი მასალა აღმოჩნდა, რადგან ელისოს კომპიუტერთან წვდომის საშუალება მიეცა.
ანა:
- ერთ დღეს დაურეკა დედაჩემს, - ანი გადმოვიდეს ჩემთან და დამეხმაროს კომპიუტერში მაქვს რაღაც გასაკეთებელიო. ასე აღმოვჩნდი მის კომპიუტერთან, სადაც უამრავი საბუთი ვნახე. თავისი ქონებები დაყადაღებული აქვს და ახლა სხვა კომპანიის სახელით მოქმედებს. მისი კომპიუტერიდან ჩემს მეილზე გადავაგზავნე რაღაც დოკუმენტები, საიდანაც გაირკვა, რომ გარკვეულ ჯგუფს თანხასაც უხდის და ბინის ქირასაც. მათ, ვისაც დიდი წონა აქვს. ეს შეიძლება იყოს სუს-ის თანამშრომლის ბინა და მას უხდიდეს ქირას, შეიძლება იყო კარგი ღირებული მიწა ჩადებული და იმ მიწის დაკარგვა არ უნდა, ამიტომ ასეთ ადამიანს უხდის ბინის ქირას. თვითონ ამბობდა საუბარში, სუს-ის თანამშრომლები მყავს მეგობრებიო, ასევე აქეთ გვემუქრება პოლიციით.
მოვითხოვ ყველამ აგოს პასუხი და ჩვენ ჩვენი თანხები დაგვიბრუნონ, "ელსერვისი" - ასე აქვს გაფორმებული ფირმა და საერთოდ, თუ მეპატრონეა, ერთ-ერთი დოკუმენტის ფურცელი მაქვს, 15 000 დოლარად ღირებული მიწები აქვს ჩადებული და ხალხისგან აღებული აქვს 10 000- 15 000 და კიდევ მეტი თანხები. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ნოტარიუსები გარიგებულები არიან მასთან და ისინიც თანამონაწილეები არიან. პირველი ხელშეკრულება გავაფორმეთ ნიტარიუს ეკატერინე ჯელაძესთან, სადაც მას ხშირად მიყავს კლიენტები. ამ ნოტარიუსის დის სახელზე გაფორმებული რამდენიმე მიწა ჰქონდა ელისოს ჩადებული. ისმის კითხვა, რა კავშირებია მათ შორის?
გიორგი ბ.
- ჩემს გვარს იმიტომ არ გეუბნებით, რომ ყველა ახლობელმა არ იცის, ასე რომ გამაბრიყვა ამ ქალმა. ჩემს მეგობარს ჰქონდა ნაგირავები ელისოსგან ბინა და ამიტომ მივედი მასთან. მითხრა, რომ 10 000 დოლარის სანაცვლოდ ჩამიდებდა მიწას, მითხრა უფრო მეტი ღირებულების არის ეს მიწაო და ეს ყველაფერი გაფორმდებოდა ნოტარიუსთან, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით... ანუ თუ ვერ გადამიხდიდა ამ თანხას, ეს მიწა ავტომატურად გადმოვიდოდა ჩემს სახელზე. ნოტარიულად გაფორმდა და რეესტრშიც აისახა. მეუბნებოდა, - მიწას ვინ დაგიტოვებს, ბევრი კლიენტი მყავს და შენ შენ ფულს დაიბრუნებო. დავთანხმდი, შორს იყო ეს მიწა, ნატანებში. იქ არ ჩავსულვარ დასათვალიერებლად, ვენდე მის სიტყვას. არადა, ჯობდა წავსულიყავი. თან ძალიან მაჩქარებდა. შემდეგ ნოტარიუსთან მიმიყვანა, არც ნოტარიუსს უთქვამს რისკებზე რამ და რომ მიწა უნდა მენახა. მითხრა მხოლოდ, - ეს თუ ფულს ვერ გადაიხდის, ეს მიწა შენს სახელზე გადმოვაო. არადა მეგონა ნოტარიუსთან რადგან მივდიოდი და იქ ვაფორმებდი, თაღლითობისგან და სხვა ხრიკებისგან დაცული ვიყავი. ნდობა მქონდა ნოტარიუსის, იურისტი არ ვარ და იმ დღეს მე თვითონ მოვისმინე, ნოტარიუსი როგორ ეხვეწებოდა ელისოს, - აქ ჩემთანაც გახსენი ერთი ოფისი, მოგცემ ერთ ოთახს და ჩემთანაც გააკეთეო. ელისო თურმე ძირითადად წერეთელზე, სანოტარო ბიუროში აფორმებდა ამ ხელშეკრულებებს. ის ნოტარიუსი არ იყო იმ დღეს, კოვიდი ჰქონდა და ამიტომ წამიყვანა სხვაგან, პეკინზე წავედით "ჰოლიდეინთან" და იმ ნოტარიუსმა შესთავაზა ეს. აქაც იქნები და იქაც, მეც მაწყობს და შენცო. როგორც ჩანს, გარიგებები ხდება, სხვანაირად ვერ ამიხსნია ამდენი დაზარალებული. ამის შემდეგ გაფორმდა მეორე ხელშეკრულება ბინის მეპატრონესთან, მას მისცა ორი თვის ქირა და შევედი ბინაში. მეორე თვის ქირა არ გადაუხადა, რომ მივაკითხე ოფისში, მზიამ და მისი შვილმა მითხრეს, - გასულიაო. ამის მერე არც მეპატრონეს ხვდებოდა და არც - მე.
დიდი ჩხუბით ნახევარი თვის თანხა მისცა და მერე არაფერი გადაუხდია. 300 დოლარი ღირდა ის ბინა. შარშან მარტში გაფორმდა ჩემი ხელშეკრულება. ბინის მეპატრონე ახლა ჩემგან ითხოვდა თანხას. მას ვუთხარი ჩემი რისკია ჩემი მიცემული ფული და თქვენი რისკი იყო ის, არ იცოდით გადაგიხდიდათ თუ არა, ამიტომ მოდი, ყველანაირად გვერდში დაგიდგები, მაგრამ მე არ გავალ, ვიდრე ხელშეკრულებას ვადა აქვს-მეთქი. სამხრივი ხელშეკრულება გაფორმდა, სადაც ეწერა, რომ მე ვიქნებოდი იმ ბინის მოსარგებლე და რომ ქირის გადამხდელი იყო ელისო ცუცქირიძე. ერთი წელი ვიცხოვრე ისე, რომ არ გადამიხდია არაფერი, არც ელისოს გადაუხდია, მაგრამ ეს ვადა რომ გავიდა, ამის შემდეგ დავიწყე ქირის გადახდა და ახლა ქირას ვიხდი. ოფისიც იმდენჯერ შეიცვალა, ვერსად ვაგნებდი. მივხვდი, თაღლითი იყო, მან პასუხი უნდა აგოს. ფული რაც მას მივეცი, ბანკიდან მქონდა პროცენტში გამოტანილი და ვიხდი ბანკის ვალსაც. ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და წესით ეს მიწა გადმოვა ჩემზე, მაგრამ ის მიწა 3000 ლარიც არ ღირს, როგორც ადგილობრივებს შევაფასებინე. გამოდის ეს მიწა ვიყიდე 10 000 დოლარად. ზოგიერთი ისე გააბრიყვა, კიდევ დაამატებინა თანხები და არიან ისეთი დაზარალებულები, რომლებსაც 50 000 აქვთ დაკარგული. ახლა ვაპირებთ ერთიანი სარჩელი შევიტანოთ და 70 ადამიანი ერდროულად შევიტანთ საჩივარს. ამაზე მეტი მტკიცებულება რა სჭირდება პოლიციას, ვერ გამიგია.
კიდევ ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით, ჩემს მეგობარს წერეთელზე კომერციული ფართი ჩაუდო, მის ხელშეკრულებასაც გაუვიდა ვადა და გადაიტანა თავის სახელზე. რომ მიდიხარ აღნიშნულ მისამართზე უცნაური განლაგებაა, პირველი სართულის შიგნით, ნახევარ სარდაფზეა ეს ფართი, მაგრამ არც ნომერი აქვს, არც არაფერი და იქ რომ მივდივართ, ვიღაც მამაკაცი გვეუბნება, რომ ეს ფართი მისი საკუთრებაა. ახლა ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, რომ გავიგოთ სიმართლე. ჩემს მეგობარს ჩადებული აქვს 15 000 დოლარი, გამოდის, რომ რეესტრში ჩანს არარსებული ფართი ან ორჯერ აქვს გასხვისებული. ვერ გავარკვიეთ, რა ხდება...
კიდევ ერთი დაზარალებული რატი მახათაძეა:
- მეგონა, რომ თავად აგირავებდა ბინას. თქვა, რომ ჰქონდა დასაგირავებელი ბინა, ასე გამეცნო. გადავიხადე 7000 დოლარი. მართლა არ ვიცოდი, რომ ეს ბინა მას დაქირავებული ჰქონდა. რომ არ გადაიხადა ქირა, მაშინ გავიგე ქირას რომ სხვას უხდიდა. შენ გადაიხადე ქირა, ან საერთოდ გადი ბინიდანო, - მითხრა მეპატრონემ, არ მქონდა გადახდის საშუალება, ელისოს მოვთხოვე ჩემი გირის თანხა დაებრუნებინა, - ახლა პრობლემები მაქვსო. ერთი წელი გავიდა, ქირაც ვერ გადავიხადე და დავცალე ბინა. სესხის ხელშეკრულება გამიფორმა თავიდანვე და რისკები არ ვიცოდი, არც ნოტარიუსს განუმარტავს, რომ შეიძლება ფული დამეკარგა. ელისო ისე დამაჯერებლად მელაპარაკა, ეჭვიც არ შემპარვია. შევცდი, მეუბნებოდა, გეგმები მაქვს და ნუ მაწუხებო. ყურმილსაც არ იღებდა. დამიბრუნოს ჩემი 7000 დოლარი. ღია ცის ქვეშ ვრჩები-მეთქი, რომ ვუთხარი, ასე მითხრა, ახლა არ მაქვს საშუალება და შენ გადაუხადე ეს ქირა მეპატრონეს, მერე მე გავიმართები წელში, მე გადავუხდი და შენც დაგიბრუნებო.
ახლა პოლონეთში ვარ, ჩემი ხელფასით ქირით ვერ ვიცხოვრებდი და დავტოვე ოჯახი, რასაც ძალიან განვიცდი. ჩემი მეუღლე შვილებთან ერთად მის ძმასთან ცხოვრობს. იძულებული გამხადა ემიგრაციაში წამოვსულიყავი. ამ სესხის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა გასული წლის აგვისტოში, ვიცი, რომ სამი წელი აქვს ვადა და ამ ვადაში თუ ვერ გავასაჩივრებ, თანხის მიღების თეორიული შანსიც მეკარგება. აქედან რა გავაკეთო, ვერაფერს ვახერხებ. ძლივს ნაკოწიწები ფული დავკარგე ამ თაღლითის გამო. თან სასამართლოში ჩივილს, სახელმწიფო ბაჟს, ადვოკატსაც, ყველაფერს თანხები სჭირდება. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება. ვერც წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. გასაღები მას ჰქონდა ჩაბარებული, ბინის მეპატრონეს არც ვიცნობდი. ხომ უნდა დაისაჯოს დამნაშავე, დააბრუნოს ჩვენი ფული. იმდენად აფერისტია და ისე დამაჯერებლად მელაპარაკა, ეჭვი არც შემიტანია.
AMBEBI.GE დაუკავშირდა მზია ბარკალაიასა და ელისო ცუცქირიძეს:
მზია ბარკალაია:
- ვინ გითხრათ, რომ მე ვარ თანამონაწილე, მაჩვენეთ სადმე ერთი ჩემი ხელმოწერა, ან ვინ გითხრათ, რომ ეს ხალხი მიმყავს მასთან. ძალიან ცრუ ინფორმაცია გაქვთ.
- ელისო ცუცქირიძეს არ იცნობთ?
- როგორ ვიკადრებ მაგას, რომ ვთქვა, არ ვიცნობ ელისოსო.
- მაშინ იქნებ თქვენ მითხრათ, ამდენი ხალხი რომ გამხელთ, რა ხდება?
- მე რა, გამოძიების წინ ვარ, ახლა შენ რომ გესაუბრო?
- ქალბატონო მზია, დაზარალებული ადამიანები ამბობენ, რომ თქვენ ხართ ცუცქირიძესთან ერთად თაღლითობის თანამონაწილე, თქვენ მიიყვანეთ ამ ადამიანების ნაწილი იმ ბინებში, რომლებსაც რეალურად ქირაობდით და არა გირაობდით, ასე არ არის?
- ვინ გითხრათ თქვენ ეს, მე არაფერ შუაში ვარ. შენ რა უნდა დაწერო, მე ახლა მივმართავ "ოცნების" ტელევიზიას და "ოცნების" ყველა ხელმძღვანელს, დავაფიქსირებ თქვენს ნომერს და ვეტყვი, რომ არანაირი დოკუმენტი ხელში არ გიჭირავთ და აღელვებულ ხალხს უჯერებთ და ისე მადანაშაულებთ. ყველაფერს ვეტყვი ჩემს ადვოკატს, რომ პასუხი გაგცეთ. ბოდიში, ახლა შევწყვიტოთ საუბარი და ჩემი ადვოკატი დაგიკავშირდებათ.
ელისო ცუცქირიძე:
- მე ჩავაყენე ჩემი ადვოკატი საქმის კურსში, მოვემზადებით და ისე დავუკავშირდებითო მითხრა.
- ანუ არ მოდიხართ, არ დაგელოდოთ?
- თქვენ მევახშეებს იცავთ და თავი დაანებეთ.
- როგორ არიან მევახშეები, როცა ადამიანებს ბინის დაგირავება უნდოდათ და დააზარალეთ. მაგალითად, თქვენგან დაზარალებულია ერთი ბიჭი, რომელიც თავდაცვაში მსახურობს. ძლივს შეკოწიწებული ფული მოგცათ ბინის დასაგირავებლად და თქვენ უკან არ უბრუნებთ.
- იმ ბიჭმა იჩივლოს თუ უნდა და სამართალი გასცემს პასუხს. შენ რატომ ერევი, შენ ვინ გეკითხება. შენ ყოფილხარ, რაც ყოფილხარ კაცო, არ გაბედო ამაზე დაწერა. არ გაგცემთ პასუხს.
- ჩვენ სტატიას ვამზადებთ, დაგელოდოთ, გვექნება თქვენი კომენტარი?
- გამოძიება მიმდინარეობს 8 თვეა და იმათმა ვერ დაადგინეს ელისო თაღლითია თუ არა და თქვენ ვინ ხართ, გამოძიებას რომ აწარმოებთ და აქ კითხვებს მისვამთ. რომ გადაყვები მაგ სტატიებს, მერე ნახავ როგორი ჟურნალისტი იქნები შენ.
- ქალბატონო ელისო, მემუქრებით?
- კორპუსთან რომ მხვდებიან ისინი, ის გამოიკვლიეთ.
- ამდენი ადამიანია დაზარალებული, რომლებსაც თანხები წაართვით და ხალხი ქუჩაში დატოვეთ, მუქარა იქნება, აბა რა იქნება. რატომ არ უბრუნებთ გირაოს თანხებს?
- ჩემი მუქარაა მუქარა და მათი არ არის? რა ძალა გადგია ამას რომ წერ, თავი დაანებე ამ თემას, ნორმალურ თემაზე დაწერე. იცი რას გეტყვით, კარგად დაითვალეთ, ესენი ყველა თვეობით ვაცხოვრე ქირით და თქვენი პრობლემა არ არის ეს, თქვენ ვინ გკითხავთ, როდის გავისტუმრებ მე ჩემს მევალეს. სატანები ხართ ჟურნალისტები, უნამუსოები.
მე თქვენ გაფრთხილებთ, არ გაბედოთ დაწერა. თორემ პასუხი მოგეთხოვებათ. მაგათ უფასოდ იცხოვრეს ბინებში, იმას რატომ არ ანგარიშობთ? ბინის მეპატრონეები გაღორდნენ და იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი. ვინც თქვენთან მოვიდნენ, ყველას გვარები მჭირდება და თუ არ უნდათ სიკეთე, რაც უნდათ ის აკეთონ. გამოხტომებს თავი დაანებონ, თორემ მართლა დაიღუპავენ თავებს. რომ ენახათ რამე დარღვევა, არ დამიჭერდნენ?
- ფაქტია, კანონის უცოდინრობის გამო დაზარალდა ეს ხალხი
- არავინ არ არის დაზარალებული ჩემს გარდა. და საბოლოოდ, მე ვიქნები დაზარალებული. დიდი დიდი 50 ოჯახია, რომელსაც სესხის ხელშეკრულება აქვს დადებული და იმათმა მანამდე იცხოვრეს ქირით.