ავტორი:

"ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა" - ვინ არის უსინათლო მამაკაცი, რომელიც საქართველო-ნიდერლანდების მატჩს ესწრებოდა და ვისმა ვიდეომაც გულგრილი არავინ დატოვა

"ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა" - ვინ არის უსინათლო მამაკაცი, რომელიც საქართველო-ნიდერლანდების მატჩს ესწრებოდა და ვისმა ვიდეომაც გულგრილი არავინ დატოვა

21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შემდგომ, საქართველო-ნიდერლანდების დაპირისპირებისას, ტრიბუნებზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს საქართველოს ნაკრების უსინათლო გულშემატკივარს გვერდით მყოფი მეგობარი როგორ უყვება თამაშის მიმდინარეობას. ვიდეო ძალიან ემოციურია და გულგრილს არავის ტოვებს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ჩვენი ნაკრების ბიჭებმა ეს მამაკაცი იპოვეს და მოინახულეს.

"საქართველოს ნაკრების უსინათლო გულშემატკივარს, რომელიც ნიდერლანდებთან მატჩს ესწრებოდა, ჩვენი ბიჭები შეხვდნენ, ისრაელთან შეხვედრის ბილეთები და მაისური გადასცეს - ვიცნობდეთ და გვიყვარდეს: მერაბ ჯიქია!" - ფოტოს და ინფორმაციას Nakrebi.ge ავრცელებს.

მერაბ ჯიქია 63 წლისაა. მას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები დაბადებიდან აქვს. nostal.ge -სთან იხსენებს დღეს, როდესაც გაიაზრა, რომ ისე ვერ ხედავდა, როგორც სხვები:

"ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა. შემეძლო გაუთავებლად მეთამაშა ძმაკაცებთან ერთად. ერთ დღესაც გვიან საღამომდე დავრჩით მოედანზე. ოდნავ დაბნელდა და ვგრძნობდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო - გარკვევით ვერაფერს ვხედავდი. არადა, სხვები თამაშს აგრძელებდნენ. მე შევწყვიტე და ვეცადე გამეაზრებინა, რა მოხდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი: "სხვები თამაშობენ, შენ ვეღარ. რა ხდება, მერაბ?“ - იმ წუთებში მივხვდი, რომ ისე აღარ იქნებოდა არაფერი, როგორც ადრე იყო. მაშინ ათი წლის ვიყავი. ეს დღე კი არა და არ მავიწყდება“.

2019 წელს მომზადებულ სტატიში ვკითხულობთ:

"თანდათან მხედველობა გაუუარესდა. როგორც თვითონ ამბობს, რთული იყო მოლოდინი იმისა, რომ ერთ დღეს სათვალითაც ვეღარ დაინახავდა. რასაკვირველია, სწავლის პროცესშიც ხელშემშლელი ფაქტორი იყო მხედველობის პრობლემა, თუმცა მერაბმა შეძლო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა. სწავლის დამთავრების შემდეგ ინჟინერ-სინოპტიკოსად მუშაობდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში..."

23 წელია აბსოლუტურად უსინათლოა, ქუჩაში დამოუკიდებლად ვეღარ დადის, ვეღარც მუშაობას ახერხებს.

"ამბობს, რომ ძალიან ცუდია, როდესაც მუშაობის სურვილი გაქვს და არ შეგიძლია; არც არავინ ცდილობს მოგამზადოს და დაგასაქმოს. მერაბის თქმით, უსინათლოთა ნაწილი საკუთარ ნაჭუჭში დარჩენას ამჯობინებს, თითქოს არ ცდილობენ საზოგადოებასთან, გარემოსთან ადაპტაციას. მისი აზრით, ეს უდიდესი პრობლემაა.

"მთავარია ჩვენ თავად გავაცნობიეროთ, რომ შეგვიძლია და გვაქვს უფლება, სრულყოფილი ცხოვრებით ვიცხოვროთ“, - ამბობს ის გამოცემასთან.

როგორც მერაბ ჯიქია ყვება, ცოლი 52 წლისამ შეირთო, წყვილი პატარა გოგონას ზრდის.