ავტორი:

"საუბრის პირველი 30 წუთი ლანძღვა-გინების ენაზე მიმდინარეობდა..." - ლუკაშენკო პრიგოჟინთან დიალოგის დეტალებს მოყვა: მისი თქმით, ის და პუტინი პრიგოჟინის მოკვლასაც განიხილავდნენ

"საუბრის პირველი 30 წუთი ლანძღვა-გინების ენაზე მიმდინარეობდა..." - ლუკაშენკო პრიგოჟინთან დიალოგის დეტალებს მოყვა: მისი თქმით, ის და პუტინი პრიგოჟინის მოკვლასაც განიხილავდნენ

"კარტოფილის დიქტატორის" ალექსანდრ ლუკაშენკოს რეპუტაცია ბოლო წლებია სულს ღაფავს. 2020-2021 წლებში ბელარუს ერს ცოტა დააკლდა და დიქტატორს მოიშორებდა, თუმცა მასშტაბური რეპრესიებით, მან მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება.

ახლა კი, როდესაც ნახევრად ჩე გევარა ევგენი პრიგოჟინმა ერთდღიანი ამბოხი მოაწყო, როგორც ამბობენ, სწორედ ლუკაშენკომ შეაჩერა მოსკოვამდე 200კმ-ში მისი "სამართლიანობის მარში“, რომელიც შოიგუ-გერასიმოვის დასაჭერად მიემართებოდა...

ლუკაშენკომ "ვაგნერის“ შეჩერებაში გადამწყვეტი როლის თამაშით საკუთარ რეპუტაციაზეც იზრუნა.

არადა, ბოლო წლებში ხან კარტოფილს კრეფდა, ხან შეშას ჩეხავდა და ევროკავშირს მიმართავდა, ნუ გეშინიათ, არ გაგყინავთო, ერთი-ორჯერ თხილამურებზეც შეხტა, პუტინთან რომანტიკული სურათებიც გადაიღო, მაგრამ მის რეპუტაციას არაფერი შველოდა.

ახლა "ულვაშა" ფიქრობს, რომ მოსკოვი სისხლისღვრისგან გადაარჩინა (შესაძლოა, ასეც არის) და რუსეთი მასთან ვალშია.

27 ივნისს ლუკაშენკომ პრიგოჟინთან მოლაპარაკებების დეტალები გაიხსენა.

"პირველი რაუნდი 30 წუთის განმავლობაში ლანძღვა-გინების ენაზე მიმდინარეობდა. ლაპარაკს რომ მოვრჩით, მერე გავაანალიზე, რომ გინება უამრავჯერ გამოვიყენეთ. საუბრის წინ, ბოდიში მოიხადა და ასეთი ლექსიკით ამიხსნა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. მეც ამ დროს ვფიქრობდი, საიდან დამეწყო ლაპარაკი...

მეორე რაუნდში მეუბნება, - გრიგოროვიჩ, არ მოვითხოვ პრეზიდენტისგან არც შოიგუს არც გერასიმოვსო.

- ძალიან კარგია. ეს კარგი ნაბიჯია. არ გინდა ამ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა და შეუძლებლის მოთხოვნა. აი, შენ თვითონ წარმოიდგინე ახლა, - მე ვარ პრეზიდენტი, შენ ხარ ჩემი თავდაცვის მინისტრი და ვიღაც ბანდიტი მთხოვს, რომ ხრენინი და გულევიჩი გადავცე, - ვუპასუხე მე...

- მე ბანდიტი არ ვარ, - სწრაფად ჩამეჭრა.

- ხო, ვიცი, სიტყვაზე ვთქვი. ჰოდა, გეუბნები, არასდროს დავუშვებ ამას, მე თვითონ დავიღუპები, მაგრამ ამაზე არასდროს წავალ-მეთქი... - ხო, მესმის, მესმისო, - მიპასუხა.

- ჟენ, ხომ იცი, არც შოიგუს, არც გერასიმოვს არ მოგცემენ. მით უმეტეს, ამ სიტუაციაში. შენ ხომ პუტინს ჩემზე კარგად იცნობ. ამ გარემოებიდან გამომდინარე შეხვედრა კი არა, ტელეფონზეც არ გიპასუხებს...

- ხო, მაგრამ ჩვენ გვინდა სამართლიანობა! ჩვენი განადგურება სურთ, მოსკოვზე წავალთ! - მეუბნება.

- ნახევარ გზაზე, ტკიპასავით გაგსრესენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯარის ძირითადი ნაწილი ფრონტზეა ახლა.

  • ლუკაშენკომ ასევე ისაუბრა, რომ პრიგოჟინის მოკვლის ვარიანტს ის და პუტინი განიხილავდნენ, მაგრამ მან რუსეთის პრეზიდენტს ეს გადააფიქრებინა:

"ვინ არის პრიგოჟინი? დღეს ის ძალიან ავტორიტეტული სამხედრო პირია, ამის აღიარება რომც არ გინდოდეს, ეს ასეა. ჩემთვის გავიფიქრე, პრინციპში მისი მოკვლა შეგვიძლია, პუტინსაც ვუთხარი, შეგვიძლია ჩავაკლათ, არაა პრობლემა, პირველ ჯერზე არ გამოვა, მეორე ჯერზე გამოგვივა. მაგრამ ასე არ გააკეთო. მერე არავითარი მოლაპარაკებები აღარ იქნება. ეს ბიჭები ყველაფერზე წავლენ. შეგვიძლია ეგენიც დავხოცოთ, მაგრამ ათასობით ხალხი დაიღუპება. მშვიდობიანი მოსახლეობაც და ისინი, ვინც "ვაგნერს“ წინააღმდეგობას გაუწევენ. "ვაგნერი“ ყველაზე კარგად მომზადებული არმიაა მთელ ჯარში.“

ლუკაშენკო ამბობს, რომ პრიგოჟინს უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდა და საბოლოოდ დაითანხმა შეჩერებაზე:

"დამირეკა და მეუბნება, - გრიგოროვიჩ, ყველა თქვენს პირობას ვიღებ, მაგრამ რა გავაკეთოთ ახლა? რომ გავჩერდეთ, ხოცვას დაგვიწყებენო.

მე ვუთხარი, არ დაგიწყებენ, ამის გარანტიას მე გაძლევ, ჩემ თავზე ვიღებ, ბელარუსამდე შენს ჩამოყვანას და შენი ბიჭების უსაფრთხოების გარანტიასაც მე გაძლევ - მეთქი... მითხრა, - კარგით, მჯერა თქვენი. ამ მიმართულებით ვიმოქმედებთო".

მოკლედ, თუ ლუკაშენკოს დავუჯერებთ, ყველაფერი ასე იყო...

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინი მინსკში ჩაფრინდა. ასევე, "ვაგნერის“ ძირითადი შემადგენლობა ბელარუსში გადადის და იქ დაფუძნდება. "ბატიას" თქმით, ისინი ბელარუსის არმიის გაწვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.

სხვათა შორის, პრიგოჟინი და ლუკაშენკო ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. გუშინ, დმიტრი გორდონმა ლუკაშენკოსთან ჩაწერილი ინტერვიუს ის ნაწილი გაიხსენა, სადაც პრიგოჟინზე საუბრობდა.

"ვაგნერის“ ბელარუსში გადასროლის შემდეგ, უკვე გაჩნდა კონსპირაციული თეორიები, რომ რეალურად ეს ყველაფერი გათამაშებული სპექტაკლია და მალე პრიგოჟინის დაქირავებულები კიევზე გალაშქრების ბრძანებას მიიღებენ... იმედია, ეს ხმები მართლაც მხოლოდ კონსპირაციულ თეორიებად დარჩება...

მოამზადა ანრი კურტანიძემ