ავტორი:

თავდადებული ბრძოლა და ქართული ფეხბურთის ისტორიული წარმატება - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

თავდადებული ბრძოლა და ქართული ფეხბურთის ისტორიული წარმატება - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

ქართული ფეხბურთის ისტორიული წარმატება - საქართველოს ნაკრები 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით: 1:1. დასრულდა. რაც ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. ჯგუფიდან ბელგიის დამარცხების შემდეგ გასვლა პორტუგალიამაც მოახერხა.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა ახალგაზრდა "ჯვაროსნები" სტადიონზე:

მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წიტაიშვილი, აზაროვი, გაგუა.

მატჩი ნიდერლანდელთა აქტიური თამაშით დაიწყო, "ნარინჯისფრებს" არაერთი შანსი ჰქონდათ ანგარიშის გახსნის, თუმცა ბურთის გატანა ვერაფრით მოახერხეს. საქართველოს ნაკრები მთელი ძალით იცავდა თავს, თუმცა 41-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა საოცარი დრიბლინგით მეტოქის 5 ფეხბურთელს აუარა გვერდი და ულამაზესი გოლი გაიტანა.

დამატებით დროში გიორგი გაგუას ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა, თუმცა მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და კარისკენ დარტყმა ვერ შეძლო. პირველი ტაიმის დამატებითი დროის ბოლო წუთზე მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ბურთი ტეილორმა გაიტანა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ჩვენებურები თავდადებით იცავდნენ თავს, შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა შეუძლებელი შეძლეს. მატჩში პირველი ტაიმის ანგარიში აღარ შეცვლილა.

მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ერთი სახალისო ამბავიც მოხდა, მე-10 წუთზე "23-ე მოთამაშე" გამოჩნდა, უსაყვარელესმა ძაღლუკამ კარგა ხანს ირბინა, ბოლოს კი სტადიონის თანამშრომლებმა ხელში ატატებული გაიყვანეს მოედნიდან.

მოგეხსნებათ, 21 ივნისს გახსნა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის მასპინძელიც, რუმინეთთან ერთად საქართველოც არის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები სწორედ მასპინძლისთვის მინიჭებული პრივილეგიის წყალობით მოხვდა ჩემპიონატზე, თუმცა პირველივე თამაშში გამოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელები დამსახურებულად ასპარეზობენ ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე. ქართველები ერთ-ერთ ურთულეს A ჯგუფში მოხვდნენ, ჩვენთან ერთად არიან: ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია. სწორედ პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველო პირველ ტურში და ანგარიშით 2:0 სძლია. მეორე ტურში ბელგიასთან პირველი ტაიმის 0:2 წაგების შემდეგ, ჩვენებურებმა მეორე ტაიმში მატჩის ბედის შემობრუნება შეძლეს და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირეს. მეოთხედფინალში საქართველოს მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის ისტორიაში ქართველი მაყურებლის მიერ მე-2 ტურში საქართველო-ბელგიის მატჩზე დამყარებული რეკორდი, საქართველო-ნიდერლანდების დაპირისპირებისას გაუმჯობესდა, ამჯერად მატჩს 43 001 მაყურებელი დაესწრო.

იხილეთ ასევე: