56 წლის ჩინელი მილიონერი უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაში ოცდამეშვიდედ ჩაიჭრა. ლიანგ შიმ 750 ქულიდან 424 მიიღო, რაც 34 ქულით ნაკლებია იმ საბაზისო ნიშნულზე, რომელიც ჩინეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლის დასაწყებად არის საჭირო.
წელს დაახლოებით 13-მა მილიონმა სტუდენტმა სცადა გაოკაოს გამოცდის ჩაბარება. ეს გამოცდა ჩინეთის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში მოსახვედრად ბარდება და ჩინელებისთვის წარმატებისკენ მიმავალ გზას წარმოადგენს, რადგან უნივერსიტეტის დიპლომი კარგი სამსახურის გარანტად ითვლება.
გაოკაო ცნობილია სირთულით. გამოცდაზე მოწმდება ჩინური ენის, მათემატიკის, ინგლისურისა და სხვა საგნების ცოდნა. 2021 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გამოცდაზე გასულთა მხოლოდ 41.6%-მა შეძლო გამოცდის ჩაბარება.
ლიანგმა 1983 წლიდან მოყოლებული მრავალჯერ გაიარა ეროვნული გამოცდა. ის სულ ოცნებობდა, რომ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ესწავლა. წლევანდელი საგამოცდო შედეგით იმედგაცრუებულმა მილიონერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ოცნების ასრულებაში უკვე ეჭვი ეპარება:
"ყოველთვის ვამბობდი, რომ მჯეროდა, ჩავაბარებდი, მაგრამ ახლა სრულიად განადგურებული ვარ", - აცხადებს მამაკაცი ადგილობრივ პრესასთან საუბარში.
"ასე მგონია, ჩემი ცხოვრება სრულყოფილი ვერ იქნება, თუ უმაღლეს განათლებას არ მივიღებ", - ამბობს მილიონერი.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში იკავებდა თავს დალევისგან და მაჯონგის თამაშისგან, რათა მხოლოდ სწავლაზე ყოფილიყო ფოკუსირებული, მაგრამ ახლა მოტივაცია დაკარგა: "შესაძლოა, ხელი ჩავიქნიო. თუ მომავალ წელს კიდევ გავედი გამოცდაზე და ჩავიჭერი, გვარს შევიცვლი", - აცხადებს ის.
მილიონერმა საკუთარი ბიზნესი 1990-იან წლებში დაიწყო. მას ხე-ტყის ბიზნესი ჰქონდა. ერთ წელიწადში მილიონი იუანი გამოიმუშავა და შემდეგ სამშენებლო მასალების ბიზნესს მიჰყო ხელი.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
აი ჩვენი ბავშვები გავუშვათ და ნახე როგორ ჩაბარებენ წარმატებულად
თქვენ კიდევ ბავშვებს სწავლას აძალებთ :) ეგეც ხომ მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის უნდათ და აი? სხვა მლრდ-ების განათლებაც კი იქნება საინტერესო. დიპლომებს არ ვგულისხმობ, ეგ ყველა დეგენერატსაც აქვს