ავტორი:

"სიხარულით მე-9 ცაზე ვიყავი, როცა მამამ მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში უნდა მეთამაშა... ოთახიდან ოთახში დავხტოდი" - ვინ არის 15 წლის გიორგი ჩუბინიძე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ?

"სიხარულით მე-9 ცაზე ვიყავი, როცა მამამ მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში უნდა მეთამაშა... ოთახიდან ოთახში დავხტოდი" - ვინ არის 15 წლის გიორგი ჩუბინიძე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ?

"მე ვარ გიორგი ჩუბინიძე, 15 წლის, ჩემი ოცნებაა საქართველოს ნაკრებში რომ ვითამაშო..." - ამბობს დამტვრეული ქართულით "ბილაივის" კამერის წინ ბიჭი, რომლის სრული სახელი არის გიორგი მანუელ გონსალვეშ ჩუბინიძე.

ის ინგლისური ბორნმუთის აკადემიის აღსაზრდელია, მამა ქართველი ჰყავს, დედა კი - პორტუგალიელი. ქართულად ჯერ ვერ ლაპარაკობს, თუმცა საქართველოს სახელით მოედანზე გასვლა მისი ოცნება იყო და როცა საქმე არჩევანზე მიდგა, ინგლისური ასაკობრივი ნაკრებების მიწვევაზე უარი თქვა და ქართველების მიპატიჟებას დათანხმდა.

ის შარშან 17 წლამდელთა ასკობრივ ნაკრებში მიიწვიეს. აი, როგორ იხსენებს ამ ამბავს ამავე ვიდეოში გიორგი:

"გასულ სეზონში, როდესაც 14 წლის ვიყავი საქართველოს 17 წლამდელთა ჯგუფში ვითამაშე. სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი, როდესაც მამაჩემმა მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში უნდა მეთამაშა. კიბეებზე ავრბოდი და ჩამოვრბოდი, ოთახიდან-ოთახში დავხტოდი. ეს იყო შეგრძნება, რომელსაც ვერც გადმოვცემ.

საოცარი იყო მომენტი, როდესაც საქართველოში პირველად ჩავედი. ზუსტად ვერ ვიხსენებ, უკვე ათი თუ თერთმეტი წელია იქ არ ვყოფილვარ. საქართველოში ჩასვლამ მომცა შეგრძნება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ბაზაზე მისვლა იყო ის, რაზეც მანამდე მხოლოდ თუ ვიოცნებებდი, თუმცა ჩემი ოცნება ახდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, სტაფი და მოთამაშეები გვერდში დამიდგნენ, რადგან ცხადია, ენის ბარიერიც მქონდა.

როდესაც მოედანზე ფეხი შევდგი, გული გამალებით მიცემდა. მინდოდა, ყველას ეამაყა და ეს შევძელი. მინდოდა, რომ მაყურებლისთვის სიხარული მიმენიჭებინა..."

"5 წლის გიორგიმ ერთხელ თქვა, - ერთხელაც საქართველოს სახელით ვითამაშებო, გავიდა 10 წელი და დიდი შრომის შემდეგ მისი ოცნება ასრულდა. მძიმე შრომა ყოველთვის ფასდება", - დაწერა სოციალურ ქსელში გიორგის მამამ თორნიკე ჩუბინიძემ გიორგის გამოძახების შემდეგ.

შემდეგ გიორგი უკვე 16 წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს.

გიორგი ჩუბინიძე:

"რამდენიმე თვის მერე, კიდევ ერთხელ გამომიძახეს. ამ შემთხვევაში უფრო დაბალ ასაკობრივ ნაკრებში. ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს შევხვდი, ისინიც ძალიან კარგად დამხვდნენ, მათ მე სიყვარული მაჩვენეს და მეც იმავეს ვუბრუნებ. ჩვენ ერთად როგორც ძმები, ისე ვიყავით.

პირველ შეხვედრაში არ მითამაშია, თუმცა მონტენეგროსთან მატჩში დებიუტი მქონდა, დაახლოებით 70-75 წუთი ვითამაშე და გოლიც გავიტანე. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც შენი ქვეყნის მაისურით გოლი გაგაქვს. სირბილი და ყვირილი იყო ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო. ჩემს ემოციებს ამ ფორმით გამოვხატავდი. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე და ცხადია, ასეთი დღეები კიდევ მელოდება".

გიორგი ამ ცოტა ხნის წინ მამასთან ერთად დაესწრო შოტლანდია-საქართველოს მატჩს გლაზგოში. geo - team - ის გავრცელებულმა ვიდეომ კი, რომელშიც გიორგი ტრიბუნაზე საქართველოს ჰიმნს მღერის, გულგრილი არავინ დატოვა.

"როდესაც გავიგე, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიაში ჩამოდიოდა, მამაჩემს ვუთხარი, რომ მატჩზე დასასწრებად აუცილებლად უნდა წავსულიყავით. მანქანით 700 კილომეტრზე მეტი გავიარეთ. უზომოდ მიხაროდა ის, რომ ეროვნული ნაკრების თამაშისთვის უნდა მეყურებინა. სასტუმროში ნაკრების წარმომადგენლებს შევხვდი, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა. შემდეგ მაღლა ავედი და ფეხბურთელებს შევხვდი, მამარდაშვილს, კვარას, ჩემს კერპებს... ხვიჩასთან შეხვედრა ჩემი ოცნება იყო. როცა ვნახე, ვკანკალებდი, რადგან ის ჩემი კერპია. შეუძლებელია, შენს გმირებთან შეხვედრა ოდესმე დაგავიწყდეს. მან მითხრა, რომ შემეძლება ერთ დღეს მის გვერდით ვითამაშო. ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემიძლია. მე გავაგრძელებ შრომას და იმედია, ეს მართლაც მოხდება" - ყვება გიორგი.