ავტორი:

სასწაული მეორე ტაიმი, ქართველებმა ბელგიას გაუთანაბრეს და ჯგუფის ლიდერობას ინარჩუნებენ - წიტაიშვილის და გულიაშვილის უმნიშვნელოვანესი გოლები

სასწაული მეორე ტაიმი, ქართველებმა ბელგიას გაუთანაბრეს და ჯგუფის ლიდერობას ინარჩუნებენ - წიტაიშვილის და გულიაშვილის უმნიშვნელოვანესი გოლები

ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველო ბელგიას დაუპირისპრდა, მატჩი ფრედ ანგარიშით: 2:2 დასრულდა.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:

მამარდაშვილი, ხვადაგიანი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე, აზაროვი, მოისწრაფიშვილი, გაგუა

პირველი ტაიმი ბელგიელთა უპირატესობით დაიწყო. მე-14 წუთზე საქართველოს ნაკრების კარისკენ პირველივე დარტყმა გოლით დასრულდა. ბურთი მამარდაშვილის კარში დე კიუპერმა გაიტანა.

ქართველებს მიღებული გოლის შემდეგ მეტად შეუტიეს მეტოქეს, თუმცა ბელგია კონტრშეტევებზე ძალიან მწვავედ თამაშობდა. ბელგიელებმა 38-ე წუთზე მორიგი გოლი გაიტანეს. ამჯერად ქართველების კარი რამაზანიმ დალაშქრა.

პირველი ტაიმი ანგარიშით 0:2 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო და 52-ე წუთზე ანაგარიში შეცვლაზე შემოსულმა გიორგი წიტაიშვილმა შეამცირა. მან ულამაზესი გოლი გაუტანა ბელგიელებს. 63-ე წუთზე ქართველებს მიეცათ შანსი გაეთანაბრებინათ ანგარიში, აზაროვი ბელგიელთა მეკარის პირისპირ გავიდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო, მას მეკარემ აუღო.

სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრები ტრავმის გარეშე ვერ გადარჩა. ნიკა გაგნიძე დაშავდა, ის საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. ნიკა გიორგი გულიაშვილმა შეცვალა, რომელიც თამაშში წარმატებით ჩაერთო და 87-ე წუთზე ბელგიის კარში მეორე გოლი გაიტანა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა.

ჯგუფის მეორე მატჩი ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ასე, რომ საქართველო ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს და ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში 1 ქულის მოპოვებაც ჰყოფნის.

და კიდევ, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი მოიხსნა - დღეს მატჩს "დინამო არენაზე" 41 886 მაყურებელი დაესწრო.

მოგეხსნებათ, 21 ივნისს გახსნა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის მასპინძელიც, რუმინეთთან ერთად საქართველოც არის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები სწორედ მასპინძლისთვის მინიჭებული პრივილეგიის წყალობით მოხვდა ჩემპიონატზე, თუმცა პირველივე თამაშში გამოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელები დამსახურებულად ასპარეზობენ ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე. ქართველები ერთ-ერთ ურთულეს A ჯგუფში მოხვდნენ, ჩვენთან ერთად არიან: ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია. სწორედ პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველო პირველ ტურში და ანგარიშით 2:0 სძლია. ბოლო ტურში საქართველო ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 27 ივნისს გაიმართება.

იხილეთ ასევე: