ცნობილი ხდება რუსეთის სამთავრობო ძალების და "ვაგნერის“ პირველი დანაკარგების შესახებ.
OSINT-პროექტ „Oryx“-მა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაკარგების დაანგარიშება დაიწყო.
მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით რუსული რეგულარული არმია უფრო ბევრ დანაკარგს განიცდის.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევგენი პრიგოჟინის მებრძოლებთან შეტაკებებში, რუსეთის სამხედროებმა თვითმფრინავი ილ-22, რადიოელექტრონული ბრძოლის 2 ვერტმფრენი, ერთი ვერტმფრენი მი-35, საბრძოლო მანქანა "ტიგრი" და სამხედრო კამაზი დაკარგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაცია განადგურებულია, ხოლო მანქანები "ვაგნერის“ განკარგულებაშია. "ვაგნერმა“ კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი "უაზის“ ტიპის მანქანა დაკარგა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინთან მოლაპარაკება სცადა კრემლმა, მაგრამ უშედეგოდ. რუსული მედიის ინფორმაციით, "ვაგნერის" ხელმძღვანელს რუსული კრემლიდან დაუერეკეს.
პრიგოჟინს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან (არა პირადად პუტინი) დაურეკეს და უკან დახევა მოსთხოვეს, ხოლო მის განცხადებებს ტელეგრამ-არხის „გატეხვით“და ხმის ფალსიფიცირებით ახსნიდნენ, - ნათქვამია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყაროს ცნობით, იმის შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინმა უარი განაცხადა ადმინისტრაციის შემოთავაზებაზე, ვლადიმერ პუტინმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრა და მკაცრად დასჯა უბრძანა.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის პირველი განცხადებების შემდეგ, რუსეთის პროპაგანდისტულ არხებზე მართლაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ ყველა მისი განცხადება „ფეიკია“ და „გატეხვის შედეგია“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
წაიკითხეთ ასევე: