კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისი სამხედრო ქვედანაყოფის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. პრიგოჟინი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად "ვაგნერის" ჯარისკაცები" დაიღუპნენ.
ევგენი პრიგოჟინი განრისხებულია, ის შურისძიებით იმუქრება და ფაქტობრივად, რუსეთში სამოქალაქო ომს აანონსებს. ევგენი პრიგოჟინის აუდიოჩანაწერები ვრცელდება "ვაგნერთან" დაკავშირებულ არხებზე "ტელეგრამში", სადაც აქამდე პრიგოჟინის ოფიციალური განცხადებები და "ვაგნერის" შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა ხოლმე. გავრცელდა სულ სამი ჩანაწერი
ერთ-ერთში კი ევგენი პრიგოჟინი ამბობს:
"ვაგნერის“ მეთაურთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება: ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისგან მოდის, უნდა შეჩერდეს! ისინი ჯარისკაცების სიცოცხლეს გულცივად ეპყრობიან, მათ დაავიწყდათ სიტყვა სამართლიანობა და ჩვენ მას დავაბრუნებთ. ამიტომ ვინც დღეს ჩვენი ბიჭები გაანადგურა, ვინც ათობით, ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი დახოცა, აუცილებლად დაისჯება.
მე ვითხოვ, რომ არავინ გაგვიწიოს წინააღმდეგობა. ყველა, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ჩაითვლება საფრთხედ, რომელიც დაუყონებლივ განადგურდება, ნებისმიერი ბლოკპოსტის, ნებისმიერი ავიაციის ჩათვლით. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდე შეინარუნეთ და სახლებში დარჩეთ, არ გამოხვიდეთ ქუჩებში.
მას შემდეგ, რაც საქმეს დავამთავრებთ, ფრონტზე დავბრუნდებით, რომ საქმე გავაგრძელოთ. პრეზიდენტის ხელისუფლება, მთავრობა, პოლიცია და როსგვარდია და სხვა სტრუქტურები ჩვეულებრივად იმუშავებნ. ჩვენ გავუმკლავდებით მათ, ვინც რუსეთის ჯარისკაცებს ანადგურებს და დავბრუნდებით ფრონტზე", - ამბობს პრიგოჟინი.
მან დააზუსტა, რომ მის განკარგულებაშია 25 000 მებრძოლი და მოუწოდა ყველა მსურველ რუსს შეუერთდნენ მათ, მათ შორის რეგულარული არმიის წევრებს.
"შოიგუ ახლახან მხდალივით გაიქცა როსტოვიდან. 21:00 საათზე ის გარბოდა, ქალაჩუნასავით, რომ არ აეხსნა, რატომ ააფრინა ვერტმფრენი, რატომ გაანადგურა ჩვენი ბიჭები. ეს არსება შეჩერებული იქნება. ჩვენ 25 000 ადამიანი ვართ და გავდივართ, რომ გავარკვიოთ რატომ ხდება ქვეყანაში განუკითხავობა. 25 000 ადამიანი ეს ტაქტიკური რეზერვია, სტრატეგიული კი - მთელი ქვეყანა და მთელი არმია. ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდით. უნდა დავასრულოთ ეს განუკითხაობა.
ჯარისკაცების დიდი ნაწილი გულმხურვალედ მხარს გვიჭერს. გვწერენ: მადლობა, ბიჭებო, როგორც იქნა არმიაში სამართალი დადგება, როგორც იქნა, მიაღწევთ იმას, რომ მოგვცემენ ჭურვებს და საზარბაზნე ხორცად აღარ გამოგვიყენებენ", - ამბობს ევგენი პრიგოჟინი.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ევგენი პრიგოჟინისა და სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა "ვაგნერის“ ჯარისკაცებზე მიიტანეს ავიაიერიში.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, შეიარაღებული ამბოხის ბრალდებით აღძრა
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეო "ვაგნერის" ბანაკებზე რუსული სამხედრო დარტყმების შესახებ, არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.
განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმაც, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი პრიგოჟინთან დაკავშირებით, ყველა მოვლენაზე ინფორმირებულია და მიიღება შესაბამისი ზომები.