მსახიობი ნათია კვაშალი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა მუშაობა დაიწყო. მას შემდეგ სულ ცდილობს, საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. წარმოუდგენლად მიაჩნია, განათლებულ, თავისი საქმის ერთგულ ადამიანს დასაქმება სურდეს, მაგრამ სამსახურს ვერ შოულობდეს...
- ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ მე-10 კლასში ვიყავი, როდესაც სკოლაში რადიოს წარმომადგენლები მოვიდნენ - ახალგაზრდა თანამშრომელს ეძებდნენ. შერჩევა ჩაატარეს, რომელშიც გავიმარჯვე... ჯერ კიდევ მოსწავლეს ასეთი პასუხისმგებლობა დამეკისრა: ყოველდღე რადიოგადაცემას ვუძღვებოდი, რომელშიც "ესემესის" სახით, მსმენელები კონკრეტული ადამიანების მონაცემებს გვაწვდიდნენ. შემდეგ ამ ადამიანებს ვუკავშირდებოდით და ვაშაყირებდით... ხელფასი მქონდა. რა თქმა უნდა, ეს მიზერული თანხა იყო, მაგრამ იმ ასაკიდანვე გავუგე გემო, თუ რა იყო საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული. ხელფასი სრულად მე მხმარდებოდა, რა თქმა უნდა. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, - ხელფასის ყოველი აღებისას აუცილებლად ისეთი რაღაც შეიძინე, რაც სამახსოვროდ დაგრჩებაო. ვუჯერებდი. ჩემთვის ყოველთვის სუვენირს ან სამკაულს ვყიდულობდი... მას შემდეგ, ფაქტობრივად, არ მახსენდება პერიოდი, როცა არ ვმუშაობდი. სულ ამის მოთხოვნილება მქონდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა, მემუშავა... რა თქმა უნდა, "ჩავარდნებიც" იყო, მაგრამ პანდემიის დროსაც კი ვცდილობდი, უსაქმურად არ ვყოფილიყავი.
- რას საქმიანობდით?
- ონლაინ მაინც ვმუშაობდი. თეატრი დაკეტილი იყო, მაგრამ რაღაც პატარ-პატარა საქმეებს მაინც ვაგროვებდით... იმ პერიოდში ბავშვი გამიჩნდა, პატარასთანაც ვიყავი და თეატრის საქმეებსაც გამოვნახავდი ხოლმე, რომლებსაც ონლაინ ვასრულებდი...
- ფინანსური კრიზისი შეგქმნიათ?
- ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ადამიანი, ვისაც ფინანსური კრიზისი ერთხელაც არ ჰქონია. საერთოდ, ძალიან ოპტიმისტი ვარ. ყველა პრობლემასა და კრიზისს ისე ვუყურებ, რომ ეს დროებითია და ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ალბათ ასეთი განწყობა ისეთი მნიშვნელოვანია, რომ მართლაც ასე ხდება.
- როცა თქვენ წინაშე პროფესიული არჩევანის საკითხი დადგა, იფიქრეთ, რამდენად შემოსავლიანი იქნებოდა მსახიობობა?
- არა, რასაკვირველია. ამაზე რომ მეფიქრა, ალბათ, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, თუმცა ისეთი მატერიალისტი არასდროს ვყოფილვარ, რომ ფინანსური სარგებლის გამო ამერჩია პროფესია. ვიცოდი, ამ ქვეყანაში მსახიობის პროფესია ძალიან მაღალანაზღაურებადი არასდროს არის, მაგრამ 16 წლის მოზარდი, რომელსაც მსახიობობა, სცენაზე დგომა უნდა, ამაზე არ ფიქრობს. არც მე მიფიქრია... საბოლოო ჯამში, ამ მხრივ გარკვეულ პრობლემებს შევეჩეხე. ალბათ ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა გამოცადოს რაღაცები, რომ მერე გაიაზროს და დაიჯეროს...
- გახსოვთ, პროფესიული საქმის შესრულებისთვის პირველი ჰონორარი როდის მიიღეთ?
- კი. პირველ კურსზე ვიყავი. დეკემბერი იყო. თეატრალურ უნივერსიტეტში გოგონა მოვიდა, რომელსაც უნდოდა, მთაწმინდის პარკში, ამფითეატრში სხვადასხვა ზღაპრის გმირი გვეთამაშა. მე ფიფქიას პერსონაჟი შემხვდა... იმ პერიოდისთვის 2 კვირაში საკმაოდ კარგი ანაზღაურება ავიღე. ძალიან ამაყი ვიყავი, რომ თეატრალური უნივერსიტეტის პირველივე კურსზე უკვე ჰონორარი ავიღე.
- თქვენი პროფესიისგან განსხვავებული საქმე შეგისრულებიათ, თუნდაც - სტუდენტობისას?
- არა მარტო სტუდენტობისას. საერთოდ, ეს ამბავი ძალიან ცნობილია, რომ ქართველი მსახიობები შეთავსებით ყოველთვის რაღაც სამსახურებს ვპოულობთ, რადგან მხოლოდ თეატრით და პერიოდული გადაღებებით ცხოვრება ცოტა არ იყოს, ჭირს. ამიტომ დღემდე ბევრ სხვადასხვა "ამბავს" ვარ "მოდებული": 10 წლის განმავლობაში სტუდიაში დამდგმელი რეჟისორი და პედაგოგი ვიყავი, რაც მსახიობობასთან კავშირში არაა. "ილიაუნის" თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ, რაც ასევე, ჩემი პროფესიისგან აბსოლუტურად განსხვავებულია... მოკლედ, ბევრ სხვადასხვა საქმეში ჩავრთულვარ, რაც ჩემს პროფესიასთან კავშირში არაა (მაგალითად, გახმოვანება), ბევრი სხვადასხვა რამ მიცდია და გამიკეთებია იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი მქონოდა.
- ახალ-ახალი საქმეების შესრულებას ალღო როგორ აუღეთ?
- საერთოდ, ძალიან რთულია, როცა იმ საქმეს ჰკიდებ ხელს, რაც არ იცი. მით უმეტეს, როდესაც საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდები. პირველ ეტაპზე, ჩემთვის რთული იყო გახმოვანებაც, რეჟისორობაც, მაგრამ თუ ადამიანი შრომისმოყვარე ხარ, პასუხისმგებლობას გრძნობ და ძალიან მოინდომებ, საქმესაც კარგად გაართმევ თავს - ეს ყველამ ვიცით... თავდაპირველად რთული იყო. იმასაც გეტყვით, რომ როდესაც თეატრში პირველად მოვხვდი, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, აბსოლუტურად არ ვიცოდი, თუ როგორ უნდა შემესრულებინა ჩემი მოვალეობები, მაგრამ მოვინდომე... უკვე 3 წელია, რაც თეატრში ვმუშაობ. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ საქმეს ნორმალურად ვუმკლავდები. სხვა შემთხვევაში, ალბათ, არც ვიმუშავებდი.
- თეატრის პიარ-სამსახურში როგორ მოხვდით?
- ამავე თეატრში, სპექტაკლებში ვთამაშობდი - მოწვეული მსახიობი გახლდით. ამიტომ თეატრის დირექტორს კარგად ვიცნობდი. მანამდე ვინც იმავე თანამდებობაზე მუშაობდა, რომელზეც ახლა მე ვმუშაობ, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო. როცა სამსახურიდან წასვლა დააპირა, მან და დირექტორმა ერთად შემომთავაზეს - რაკი მსახიობი ხარ და თეატრს კარგად იცნობ, თეატრის "პიარში" მუშაობას ხომ არ ცდიო? მახსოვს, მაშინ ძალიან ვინერვიულე. შემეშინდა, რადგან ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მეცადა ის, რაც არ ვიცოდი, მაგრამ რაღაცნაირად გავრისკე - ალბათ, საკუთარი თავის იმედი მაინც მქონდა... დირექტორის დახმარებით, რომელიც ნამდვილად მხარში ამომიდგა, საქმე მალევე ვისწავლე და ავითვისე. დღეს უკვე თავისუფლად ვუმკლავდები.
- როგორ ფიქრობთ, გონიერი მხარჯველი ხართ?
- არა!.. სულ მიკვირს: დიდი თუ მცირე შემოსავლის მიუხედავად, ბევრი ადამიანი თანხის დაგროვებას, სწორად განაწილებას რომ ახერხებს. ჩემთვის ეს მართლა წარმოუდგენელია. ალბათ, ამასაც თავისი ნიჭი სჭირდება, რომელიც საერთოდ არ გამაჩნია: როგორც გითხარით, მეათე კლასიდან ვმუშაობ, მაგრამ ვერასოდეს მოვახერხე, რომ დანაზოგი მქონოდა. ეს ნორმალური არ არის, ხომ? ძალიან ცუდი მხარჯველი ვარ. თანხებს ყოველთვის არასწორად ვანაწილებ...წაიკითხეთ სრულად